ეს წერილები, ეპისტოლარული ჟანრი სულ უკურეაქციას იწვევს, ეს ხომ მტკიცებულებაა იმისა, რასაც ევროპარლამენტი ამბობს, რომ ავტორიტარული მმართველობაა და ოლიგარქიული მმართველობაა, ეს წერილი ხომ ამას ადასტურებს,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ გაგზავნილ მიმართვაზე საუბრისას განაცხადა.
„პრემიერმა, იმის მაგივრად, რომ საერთოდ აღარ ილაპარაკოს ამაზე, წერილებს აგზავნის და მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მგონი, დაქირავებული უცხოელი კარგი მრჩეველი რომ ჰყავდა „ქართულ ოცნებას“ ჩემ პერიოდში, ყველამ მიატოვა, ყველა წავიდა ან არავის არ უსმენენ. ეს არ მგონია იყოს დასავლური, პროფესიული, კარგი პიარის მიერ დაგეგმილი, ეს არის ძალიან კუსტარული, დაბალ დონეზე, უჭკუოდ მოფიქრებული გეგმა. ასეთ სისულელეების კეთება რომ არ შეიძლება ამას არ სჭირდება დიდი და გამოცდილი გონება. ძალიან მარტივად უნდა მიხვდნენ, რომ ასე ურთიერთობა არ შეიძლება. რადგან ეს მოსწონთ და ეს გრძელდება, მე შემდეგ სერიებში ველოდები უფრო მძიმე ამბებს, უფრო მეტ აგრესიას, უფრო მეტ შეცდომებს, უფრო მეტ სიგიჟეს, კიდევ ვიღაცების დაჭერას, ვიღაცების კომპრომეტირებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ გადაცემაში „ქართული ოცნების“ მიერ რიგგარეშე სხდომის ბოიკოტზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს პროცესი მიუთითებს, რომ „ზურგი შეაქცია „ოცნებამ“ ევროკავშირს“.
„პრეზიდენტმა მოიწვია რიგგარეშე სხდომა, სულ რომ ყველაზე სერიოზული არგუმენტი გქონდეს სხდომისა ჩასატარებლად, ამის მიუხედავად მაინც უნდა აჩვენო ყველას, რომ შენ დასვენების განწყობაზე კი არ ხარ, მუშაობის განწყობაზე ხარ. ამას რომ კობახიძე იტყვის და მერე რიგითი დეპუტატები გაიმეორებენ, რომ ეს სხდომა ოპოზიციის შოუს მოსაწყობადაა, ამას რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იტყვის, როდესაც ევროკავშირი გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა ქმედებას, რა უნდა ვიფიქროთ ამაზე თუ არა ის, რომ ზურგი შეაქცია „ოცნებამ“ ევროკავშირს, ზურგი შეაქცია და უბრალოდ უთხრა, რომ არ გვაინტერესებს, გინდათ გვეხვეწეთ, რომ შემოვიდეთ თუ არა და არ გვინდა თქვენთან ყოფნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.