LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ვიმოქმედოთ მწერის კბენისას და როგორ არ ავყვეთ პანიკას – ნანა მგალობლიშვილის რეკომენდაციები

347
ნანა-მგალობლიშვილი

რომელი ალერგენია ყველაზე აქტიურ ფაზაში ზაფხულის პერიოდში, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ალერგიასთან გვაქვს საქმე, ალერგენთან შეხების შემდეგ რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომატიკა, როგორ რეაქციებს უნდა ველოდოთ მწერების ნაკბენის შემდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ალერგიული რეაქციები  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ექიმმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – ნანა მგალობლიშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ნანა, რომელი ალერგენია ყველაზე აქტიურ ფაზაში ზაფხულის პერიოდში?

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ წელიწადის თითოეულ დროს მისთვის დამახასიათებელი, სამიზნე ალერგიული პროფილი გააჩნია. ზაფხულის პერიოდი კი, ალბათ, ყველაზე ნათლად ასახავს ალერგიის მრავალფეროვნებას და იმას, რომ ალერგია პოლიორგანული დაავადებაა. თუ ალერგია ზოგიერთ შემთხვევაში ზედა სასუნთქი სისტემის მხრივ გამოხატული ჩივილებით გამოვლინდება, სხვა შემთხვევაში სახეზე გვაქვს ბრონქული და ასთმური სიმპტომები, თვალის, კანის, კუჭ-ნაწლავის მხრივი გამოვლინებები და ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე სახიფათო, სისტემური და აქტიური ალერგიული პროცესი, რომელსაც ჩვენ ანაფილაქსიურ რეაქციას ვუწოდებთ. თითოეული ამ პრობლემის უკან ალერგენების დიდი არმია დგას.

მოდით, ახლა ჩამოვთვალოთ ის კონკრეტული ალერგიული მდგომარეობები და მათი გამომწვევები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იჩენენ თავს და რომელთაც ალერგიულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. პირველ რიგში, ალბათ, ისევ მცენარეული ალერგია და მათი ყვავილობის პერიოდი უნდა აღვნიშნოთ, რაც მართალია გაზაფხულზე იღებს სტარტს, მაგრამ კვლავ გრძელდება. ზაფხულის პირველი ნახევარი თუ ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობით არის წარმოდგენილი, აგვისტოდან უკვე სარეველა მცენარეების და მათი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენლის, ამბროზიას ყვავილობის პერიოდი დაიწყება, რომელიც ყველაზე ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე მცენარე გახლავთ. ასევე აღსანიშნავია, კვებით ალერგიის სხვადასხვა ფორმაც და ერთ-ერთი, რომელიც სწორედ პოლინოზთან, ანუ მცენარეულ ალერგიასთან გახლავთ ასოცირებული და ეს ორალური ალერგიის სინდრომი გახლავთ. ზაფხულში ხშირია სეზონური ხილის მიმართ განვითარებული ალერგია და წყალთან დაკავშირებული სიმპტომები, რადგან ზაფხული წარმოუდგენელია ზღვის, მდინარეების, აუზების გარეშე და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მზე, რომელიც ძალიან ხშირად სხვადასხვა ალერგიულ გამოვლინებასთან გახლავთ ასოცირებული.

რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ ზაფხულის პერიოდში ალერგიაზე ვისაუბროთ და არ შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა ინსექტური, ანუ მწერის ნაკბენით ან დანესტვრით გამოწვეული ალერგია, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მას ყველაზე მეტად ახასიათებს რთული ანაფილაქსიური რეაქცია და ფატალური ანაფილაქსია, ანუ პროცესი, რომელიც ლეტალურად შეიძლება დასრულდეს.

ალერგენთან შეხების შემდეგ რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომატიკა, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ალერგიასთან გვაქვს საქმე, სადამდე შეგვიძლია მივუშვათ სიმპტომები და ზოგადად, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

როგორც უკვე ვთქვით, ალერგიული სიმპტომები მრავალფეროვანი პალიტრით გვაქვს წარმოდგენილი და სწორედ ანაფილაქსიური, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები გახლავთ მყისიერი, ანუ დაუყოვნებელი ტიპის, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე წუთში გამოვლინდეს, თუმცა არის რიგი ალერგიული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდეს.

რაც შეეხება თემას, რომელიც ბრონქოსპაზმს და ასთმურ სიმპტომებს უკავშირდება, ძირითადად გარე აქტივობების დროს, ბუნებაში ყოფნისას შეიძლება გამოვლინდეს, რადგან ეს ძირითადად მცენარეების ყვავილობასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, რომ ქალაქის პირობებში აღნიშნული პრობლემა ზოგიერთ პაციენტთან უმნიშვნელოდ იყოს გამოწვეული, მაგრამ ბუნებაში, სადაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, სადაც პირდაპირი შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ალერგენთან, თუ მისი მდგომარეობა არ იქნება კონტროლირებული, თუ მას არ ექნება მიღებული ის სამკურნალო საშუალებები, რაც ამ დროს გახლავთ მოწოდებული, შეიძლება მწვავედ განვითარდეს ალერგიული რეაქცია, ასევე შეიძლება, რომ ეს იყოს პირველი რეაქცია და პაციენტს იქამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდეს მსგავსი ალერგიული ბუნების შესახებ.

რა თქმა უნდა, თითოეულ ამ პრობლემას სჭირდება დიაგნოსტიკა და შემდგომი მართვა, რომელიც სპეციფიკურად ალერგოლოგის მიერ იქნება დაგეგმილი.

რადგან დღესდღეობით ალერგია ასეთი გლობალური და გავრცელებული პრობლემა გახლავთ და პრაქტიკულად, ყოველი მესამე ადამიანი ამა თუ იმ ალერგიით ერთხელ მაინც ავადობს, ჩემი რჩევა იქნება, ქალაქგარეთ გასვლისას, სამედიცინო პუნქტისგან მოშორებულ ტერიტორიაზე ყოფნისას ყოველთვის თან გქონდეთ პატარა აფთიაქი, რომელშიც აუცილებლად იქნება ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური პრეპარატები და პირველადი დახმარებისთვის იქნება ისეთი აქტიური საშუალება, როგორიც კორტიკოსტეროიდული პრეპარატი, დექსამეტაზონი გახლავთ, რომელსაც ასეთი გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოიყენებს პაციენტი.

იქ, სადაც უკვე დიაგნოსტირებულია კონკრეტული ალერგიული დაავადება, ყოველ პაციენტს უნდა ჰქონდეს მისი სამოქმედო გეგმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ანამნეზში უკვე გადატანილი ანაფილაქსიური რეაქცია აქვს და ყველა ასეთი პრეპარატი აუცილებლად შეიარაღებული უნდა იყოს პირველი რიგის პრეპარატით, ადრენალინით, რომელიც აუტოინექტორის სახით იქნება, რაც ე.წ. უკვე გამზადებული შპრიც-დოზა გახლავთ. ასეთი ხიფათის მდგომარეობაში მისი გამოყენება პაციენტს მისცემს საშუალებას და დროს, რომ სრული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შესაძლებელი გახდეს.

ზაფხულში ყველაზე მეტად რომელი მწერებია გავცელებული და როგორ რეაქციებს უნდა ველოდოთ მათი ნაკბენის შემდეგ?

მწერები თავისთავად ორ ჯგუფად იყოფიან, ისინი, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ, ნესტრიანი მწერები, ფუტკარი, ბზიკი, კრაზანა, ასევე არის ნესტრიანი ჭიანჭველები, ცეცხლოვანი ჭიანჭველები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი, მაგრამ როდესაც პაციენტს უწევს მოგზაურობა სამხრეთ-აფრიკაში, ამერიკაში, ჩინეთში და ა.შ. შესაძლოა, ესეც გაითვალისწინოს.

მეორე ჯგუფი ეს არის მკბენარები, რომლებსაც მიეკუთვნებიან კოღოები, ტკიპები, რწყილები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ, სისტემურ ალერგიულ რეაქციებს შედარებით იშვიათად იწვევენ. მათ ძირითადად ლოკალური ალერგიების გამოწვევის უნარი აქვთ, თუმცა მათი პრობლემა გახლავთ ის, რომ ისინი არიან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადამტანები, მაგალითად ლაიმის დაავადების, ბორელიოზის, ასევე შეიძლება იყოს ტკიპას ნაკბენის შემდეგ განვითარებული ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ზიკას ვირუსი და ა.შ.

ჩვენი ალერგიული პროფილი ძირითადად ნესტრიან მწერებს მოიცავს. მოგეხსენებათ, ნესტარი არ არის დაკავშირებული მწერის პირის აპარატთან, ის ცალკე წარმონაქმნია, რომელიც დაბოლოებულია ჩანთით, სადაც სწორედ ეს შხამია მოთავსებული და როდესაც მწერი ადამიანის კანს დანესტრავს, თავისთავად, კანში ხვდება ეს შხამი, რომლის მიმართაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ალერგიულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ყველა ნაკბენის დროს უნდა ჰქონდეს რეაქცია, ალერგიული რეაქცია იშვიათ შემთხვევაში ხდება. რა თქმა უნდა, გარკვეული ადგილობრივი, ლოკალური რეაქცია ნებისმიერი ნაკბენის შემთხვევაში ვითარდება, რაც 1-დან 5 სანტიმეტრამდე დიამეტრის კანის სიწითლეს და შეშუპებას გულისხმობს, რაც არა ალერგიულ, არამედ ნორმალურ რეაქციად ითვლება მწერის ნაკბენზე. რა თქმა უნდა, შხამის შეყვანის შემდეგ ჩვენს იმუნურ სისტემას გარკვეული რეაქცია ექნება. უკვე ალერგიულ რეაქციას რეაქციის ორი სახე მიეკუთვნება, ერთი, ეს გახლავთ ისევ ლოკალური, თუმცა ფართო ლოკალური რეაქცია, რომელიც 10 და მეტი მილიმეტრისაა და როცა მიმდებარე ქსოვილის შეშუპებაა წარმოდგენილი. მეორე, ეს გახლავთ სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქციით ან იყოს გენერალიზებული ფორმის კანის გამოვლინება, კანზე ურტიკარიული, ანუ ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, ანგიოედემის, ანუ შეშუპების სახით.

საბედნიეროდ, ალერგია ბავშვებში ძირითადად გენერალიზებული კანის ფორმებით მიდის, ეს ანაფილაქსიური, სისტემური და სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია უფრო მოზრდილ ასაკში გახლავთ წარმოდგენილი და უფრო მეტად მამრობით სქესში. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ გარე აქტივობებში მამაკაცები უფრო ჩართულები არიან და მათთან უფრო მეტია მწერების შემხებლობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული პრობლემა უფრო მეტად წარმოდგენილია მეფუტკრეებში, რომლებსაც აქტიური შეხება უწევთ ამ ტიპის მწერებთან.

თუ მწერის ნაკბენის შემდეგ, ფართო ლოკალური რეაქცია ვითარდება, პირველ რიგში ვიდებთ ცივ საფენს, ყინულის კუბს, რომელიც ქსოვილით იქნება შემოფარგლული და საპნიანი წყლით ვიბანთ იმ უბანს, რადგან ზოგჯერ შესაძლებელია, რომ ფუტკრის ნაკბენის შემდეგ მეორადი ბაქტერიული ინფექციით ინფიცირება განვითარდეს.

აღსანიშნავია, რომ ფართო ლოკალური რეაქცია თანდათანობით, პირველი 48 საათის განმავლობაში ვითარდება, ხოლო მეორადად დართული ინფექცია მესამე, მეხუთე დღეს, რა დროსაც თავიდან მინიმალურად გამოხატული პრობლემა რთულდება და იმატებს კანის სიწითლე და შეშუპება. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დავლიოთ ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატი.

როდესაც დიდი ზომის, ფართო ლოკალურ რეაქციას აქვს ადგილი, ადგილობრივად ვიყენებთ სტეროიდულ, ანუ ჰორმონის შემცველ ტოპიკურ მალამოებს, რომელთა გამოყენებაც 4-ჯერ დღეში, 2-3 დღის განმავლობაში არის მოწოდებული, მანამ, სანამ შეშუპების პროცესი კლებას დაიწყებს.

იმ შემთხვევაში თუ აქტიური შეშუპება სახის, თვალის მიდამოში გახლავთ, შეიძლება ექიმის მიერ 2-3 დღის განმავლობაში დასალევად დაინიშნოს სტეროიდული საშუალება.

რაც შეეხება ანაფილაქსიურ რეაქციას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო გახლავთ, ძირითადად მისი მიზეზი სწორედ ინსექტური ალერგია გახლავთ.  ჩვენ ვიცით ანაფილაქსიის სხვა მიზეზებიც, კვებითი, მედიკამენტური, მაგრამ ფატალური რეაქციები ყველაზე მეტად ინსექტურ ალერგიაზე მოდის, თუმცა ეს არა ყველა შემთხვევაში, უმეტესი მწერის ნაკბენი მინიმალური სიმპტომით შემოიფარგლება, ფართო ლოკალური რეაქცია, დაახლოებით, ზოგადი პოპულაციის 10%-ში ვითარდება, 0,3 – 3 %-ში კი უკვე სახეზე გვაქვს ანაფილაქსიური რეაქცია.

ალერგია მოზრდილებში ძირითადად გენერალიზებული სახით არის და ის ბავშვების 60%-ში კანის გენერალიზებული ფორმით, შეშუპებით, ურტიკარიით მიმდინარეობს, თუმცა თუ შეშუპება, ანგიოედემა სახის არეში, ენის შეშუპებით არის გამოხატული და მას თან ერთვის ხორხის შეშუპება, ეს უკვე ანაფილაქსიურ რეაქციად განიხილება და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადრენალინის გამოყენებაა საჭირო.

არის თუ არა ასეთ დროს ადრენალინი გამოსავალი, თუ იცავს ის პაციენტს ფატალური შედეგისგან?

რა თქმა უნდა, ეს არის პირველი არჩევის რიგის პრეპარატი, რომელიც ჩვენ გვიცავს. ძირითადად, უმჯობესია, რომ მას, ვისაც მწერის ნაკბენის მიმართ აქვს ალერგია და განსაკუთრებით ინსექტების მიმართ 2, ე.წ. ტყუპი შეკვრა ადრენალინის აუტოინექტორი სულ თან ჰქონდეს, რადგან შესაძლოა, ერთის გამოყენება საკმარისი არ იყოს. პირველი გამოყენების შემდეგ ვიცდით 5-დან 15 წუთის განმავლობაში და თუ სიმპტომები არ განიცდის უკუგანვითარებას, შეიძლება მეორადად გამოვიყენოთ, რაც უკვე მოგვცემს იმის საშუალებას და დროს, რომ სათანადო სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლა შევძლოთ.

მწერის ნაკბენის დროს ადამიანები ხშირად მიმართავენ ძველ, მამა-პაპურ მეთოდებს, დანის პირით ცდილობენ ნესტრის ამოღებას და იდებენ ტალახს, თქვენი დაკვირვებით, აქვს ამას რაიმე შედეგი?

ნესტარი, რომელიც კანში რჩება, ძირითადად ფუტკრის ნაკბენისთვის არის დამახასიათებელი და იშვიათად შეიძლება დატოვოს ზოგიერთი ბზიკის სახეობამ. თუ ჩვენ ვნახულობთ, რომ კანში არის ნესტარი, რა თქმა უნდა, ამ ნესტარს სჭირდება ამოღება, ოღონდ არა ზეწოლით, არამედ ის ფრთხილად, პინცეტით უნდა ამოვიღოთ, რომ არ მოხდეს ზეწოლა, კანის გაღიზიანება და შხამის კიდევ უფრო სიღრმეში შესვლა.

რაც უფრო სწრაფად ამოვიღებთ ნესტარს, მით უფრო ნაკლები კონცენტრაციით მოხვდება შხამი კანში. მართალია, რამდენიმე წუთის შემდეგ, ის, რაც იყო ამ ნესტრის ჩანთაში, უკვე გადასული იქნება კანში, მაგრამ სწორედ მეორადი ინფექციის თავიდან აშორების მიზნით, ნესტარი ყველა შემთხვევაში უნდა ამოვიღოთ.

რა თქმა უნდა, ტალახის და დანის დადებას არანაირად არ ვურჩევთ პაციენტს, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მეორადი ინფიცირების რისკს.

პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, მრავლობითი ნაკბენის შემთხვევაში ხომ არ არის საჭირო ანტიტეტანური ვაქცინის გამოყენება და ამ შემთხვევაში ეს საჭირო არ გახლავთ, რადგან ფეხსახსრიანთა ნაკბენები ტეტანუსთან ასოცირებული არ არის  და ეს პაციენტს არ სჭირდება, მაგრამ დამუშავება და ანტიალერგიული საშუალებების გამოყენება აუცილებელია.

უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ერთხელ უკვე განუვითარდება სისტემური ალერგიული რეაქცია, რადგან მეორე და მესამე კბენისგან არავინ არის დაზღვეული და იმ პაციენტებში, ვისაც უკვე გადატანილი აქვს ანაფილაქსია, საკმაოდ მაღალია რისკი, რომ პროცესი კვლავ ანაფილაქსიით წარიმართოს. პაციენტების უმრავლესობას, რომელთაც ფართო ლოკალური რეაქცია ჰქონდათ, ისევ ამ ტიპით განუვითარდებათ, თუმცა 5-დან 10 %- ში წინა ფართო ლოკალური რეაქციის შემდეგ უკვე შესაძლებელია პაციენტს ანაფილაქსიური, სისტემური, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია განუვითარდეს და სწორედ იმისთვის არის საჭირო დიაგნოსტიკა, რომ ორგანიზმში კონკრეტული შხამის მიმართ არსებული ანტისხეულები განისაზღვროს. როდესაც ჩვენ ამას დავადგენთ, პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე და იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც მას მწერის ნაკბენმა შეუქმნა, შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. იმუნოთერაპია, რომლის დროსაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ პაციენტი კონკრეტულ ალერგენს შევაგუოთ და ძალიან მინიმუმამდე, დაახლოებით, 5%-მდე დავიყვანოთ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შანსი.

იმუნოთერაპია გახლავთ აქტიური პროცესი, რომელიც 5 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ორი თვის განმავლობაში პაციენტი კვირაში ერთხელ იკეთებს ვაქცინას, შემდეგ თვე ნახევარში, ორ თვეში ერთხელ და ნელ-ნელა პაციენტის ორგანიზმი, მისი იმუნური სისტემა  ეჩვევა კონკრეტულ ალერგენს და ხდება ტოლერანტული.

რა მთავარ რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს ზაფხულის პერიოდში ალერგიული რეაქციებისგან თავდასაცავად?

ადამიანების იმ ჯგუფმა, რომელთაც აქვთ უკვე დიაგნოსტირებული პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია, რა თქმა უნდა, დამნაშავე ალერგენის აქტივაციის პერიოდში აუცილებლად უნდა მიიღონ შესაბამისი ანტიალერგიული მკურნალობა, რომელიც ალერგოლოგის , მათი მკურნალი ექიმის მიერ იქნება შერჩეული.

უმჯობესია, რომ კონკრეტული სეზონის დაწყებამდე ორი კვირით, 10 დღით ადრე იყოს ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული მკურნალობა დაწყებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სეზონი გაცილებით ნაკლები სიმპტომატიკით განვითარდება.

რა თქმა უნდა, იმუნოთერაპია როგორც ინსექტური ალერგიების მიმართ გახლავთ წარმატებული და შედეგიანი, სწორედ იგივე ეფექტურობით და წარმატებით გამოიყენება მცენარეული ალერგიის შემთხვევაშიც და ასეთი პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ზაფხულს ეხება ეს გახლავთ მზე და მზით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემა. მზის აქტიური ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით 10 საათიდან 4 საათამდე, მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან არიდებული, ერთის მხრივ ალერგიული პრობლემის გამო და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ შესაძლებელია კანის სხვადასხვა პრობლემის აქტივაცია გამოიწვიოს, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებისაც.

ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია კანის დაბერება და მზის ზემოქმედებაც. მიუხედავად იმისა, რომ მზე და მზის სხივი D ვიტამინის წარმოქმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება და წყარო გახლავთ და მისი უგულებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი ფილტრით, რომ ეს პრობლემები თავიდან ავირიდოთ.

რაც შეეხება მზესთან დაკავშირებულ ალერგიულ გამოვლინებას, გვაქვს ორი ხასიათის სიმპტომი.

ერთი, როდესაც კანზე ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი ჩნდება, რომელსაც ჩვენ მზისმიერ ურტიკარიას ვეძახით და რომელიც მზის სხივებთან ურთიერთქმედებისას დაუყოვნებლივ ჩნდება და შემდეგ, მზისგან მორიდების შემთხვევაში რამდენიმე საათში უკვალოდ ქრება, თუმცა ის სეზონის განმავლობაში  მზეზე ყოველი ყოფნისას ახლიდან იჩენს თავს.

მეორე, ეს არის უფრო რთულად მიმდინარე, დერმატიტით გამოხატული ე.წ. პოლიმორფული მზისმიერი გამონაყარი,  როდესაც კანზე ჩნდება სხვადასხვა ტიპის, წვრილი, ბუშტუკოვანი და ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, რომელიც  კანზე რჩება და რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო და ადგილობრივი საშუალებების გამოყენება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მზისა და მცენარის ერთობლივი ურთიერთობა. როდესაც ადამიანი ეხება სხვადასხვა მცენარეს, შესაძლოა, ალერგიის სხვადასხვა გამოვლინება განუვითარდეს, როგორც ურტიკარიული სახით, ასევე სხვადასხვა, კანზე ფიქსირებული დერმატიტის სახით, თუმცა ერთი ასეთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორი გახლავთ ფიტო-ფოტო დერმატიტის სახე, როდესაც მცენარესთან შეხება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწვევს პრობლემას და კანზე გამოხატულ გამონაყარს, თუ მოგვიანებით 24, 48 საათის შემდეგ, ადამიანს  მზის აქტიური ინსოლაციის ქვეშ მოუწევს ყოფნა. ცალ-ცალკე შეიძლება არც მზემ გამოიწვიოს ალერგია და არც მცენარემ, მაგრამ როდესაც ამ ორი გამომწვევის თანხვედრა მოხდება, მაშინ უკვე შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული პრობლემა, რომელიც საკმაოდ რთულად გამოხატული დერმატიტით და უხვი ბუშტუკოვანი გამონაყარით ვლინდება, რომელიც შემდეგ პიგმენტურ ლაქებს ტოვებს და რომელთა ბოლომდე უკუგანვითარებასაც რამდენიმე წელი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები