LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი: დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

84

ცოტა ხნის წინ დაჭრილ მომღერალს, ირაკლი ნოზაძეს ამ დრომდე ოპერაცია უტარდება. მას ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ღუდუშაურის კლინიკის ქირურგი, ნიკოლოზ ქარცივაძე “ინტერპრესნიუსთან”  საუბრისას აცხადებს, რომ დაჭრილი მომღერლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული.

“პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, – აღნიშნა ექიმმა.

რა დრო დასჭირდება ოპერაციის დასრულებას, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან ირაკლი ნოზაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები.

მომღერლის მეგობარმა გელა გნოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში, სავარაუდოდ, რამდენიმე გოგო მონაწილეობდა . მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ დაჭრილის მეზობლებიც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ირაკლი ნოზაძე მათთან სალაპარაკოდ ეზოში ჩავიდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

დაშავებულის მეგობრები კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუ ვინ არიან პირები, რომლებმაც მომღერალი დაჭრეს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი ირაკლი ნოზაძისთვის უცხოები არ იყვნენ. ვინაიდან მათსა და ნოზაძეს შორის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წერეთლის გამზირზე, სადაც ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, კრიმინალისტები მუშაობენ.სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g