ექიმ ნიკა ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას კვლავ განაგრძობს. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს კლინიკასთან განუცხადა, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა, როდის გადაიყვანენ რეანიმაციიდან პალატაში, ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან ის კვლავ რჩება საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ.
„მკურნალობა გრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია, ჰემოდინამიკა სტაბილურია, პაციენტთან კონტაქტი მყარდება. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება და ამ ვითარებას სტაბილურად მძიმე ჰქვია. ჯერჯერობით მკურნალობა და დაკვირვებები ჩვენთან უნდა გაგრძელდეს. თუმცა როდის გადავიყვანთ რეანიმაციიდან პალატაში, ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება. კონტაქტური არის, თუმცა ჯერჯერობით მაინც არის გამაყუჩებლების და საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. ოპერაციული სტრესი და ზოგადი მძიმე მდგომარეობა ამ ფუნქციაზე გავლენას ახდენს, ძილიანია, ადინამიურია, ასე რომ კონტაქტურობა და ადეკვატურობა ძალიან პირობითია“, – განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.
კითხვაზე – როდის შეძლებენ სამართალდამცველები დოდო გუგეშაშვილის დაკითხვას, ექიმის განმარტებით, ამაზე პასუხი არ აქვს და ეს ერთი მხრივ პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე, არის თუ არა შესაძლებელი დაკითხვა რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდეს, ექიმის განმარტებით, „ეს რეანიმაციულ განყოფილებაში გამორიცხული არ არის, მაგრამ ამჟამად ეს ვითარება არ არის“.