ტატო ახალკაციშვილის სოლო ექსპოზიცია “ექსცენტრული მოგზაური”, რომელიც 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი – დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე გრაფიკული ნამუშევრები. ექსპოზიციის საშუალებით დამთვალიერებელი მეტაფორულად სხვადასხვა ადგილას იმოგზაურებს: ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და ალეგორიული მნიშვნელობით, სულებით დასახლებულ ტყეში.
ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი ATINATI’S წარადგენს.
ATINATI’S და დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის თანამშრომლობით ექსპოზიცია 2021 წლის 18 დეკემბერს – 15:00 სთ-ზე გაიხსნება და 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
გახსნა: 18 დეკემბერი 2021 – 15:00 სთ.
დახურვა: 8 იანვარი, 2022
2003 წლიდან ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები რეგულარულად იფინება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში, სადაც ის ხელოვნების ბაზრობებში, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში იღებს მონაწილეობას.
სხვადასხვა დროს ტატო ახალკაციშვილს თავისი ნამუშევრები წარდგენილი ჰქონდა შემდეგ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობებზე: Vienna Contemporary (2017), Art Genève (2018), Art Dubai (2018, 2019).
მისი ნამუშევრები გაიყიდა ფილიფსის აუქციონზე (2017).
ტატო ახალკაციშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯგუფურ და სოლო პროექტებში (2013, 2016, 2017).
ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე მნიშვნელოვან კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.