ზუკა ხუციშვილი ზუსტად ერთი წლის წინ მამა გახდა. მას და მის მეუღლეს პირველი შვილი, ვაჟი შეეძინათ და არავის გაჰკვირვებია, რომ მას ბაბუის სახელი, გიო დაარქვეს. პატარა გიო მამის და ბაბუის ზუსტი ასლია, უკვე აიდგა ფეხი, მღერის და მოსწონს ინსტრუმენტებთან შეხება. ზუკა რომ იდეალური მამაა, ამის შესახებ დედა, მაია ჯორჯაძე ხშირად საუბრობს ინტერვიუებში, ახლა კი თავად ზუკას ვკითხავთ, რა შეგრძნებაა, როდესაც პირველი შვილის მამა ხდები…
შენს მამობაზე ლეგენდები უკვე დადის, ახლა შენ მოგვიყევი, რა ემოცია, სიტკბოა პატარა გიოს დაბადება და მის გაზრდაში მონაწილება ასე აქტიურად…
ვერც ახსნი სიტყვებით, ზუსტად რა გრძნობაა. ძალიან რთულია, სანერვიულოა, მთელ ცხოვრებაზე ფიქრობ, გინდა, სულ კარგად იყოს, ცივი ნიავი არ მიაკარო… გააკეთო ყველაფერი მისი ბედნიერებისთვის, მუდამ ამ ფიქრებით ვარ. მომავალზე ვნერვიულობ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ და ყველაფერს ვუმკლავდებით. ერთი დიდი სიყვარული დაიბადა და ეს სიყვარული თანდათან იზრდება…

გარეგნულად რომ უყურებ, შენც გგავს და გიოსაც. როგორი შეგრძნებაა ეს?
ნელ-ნელა გვემსგავსება ყველას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა, ვაჩვენებ ყველაფერს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიცნოს ისეთი, როგორიც იყო გიო. ფიზიკურად ვერ გაიცნობს, მაგრამ სულ ეცოდინება, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა…
როგორც ვიცი, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა…
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მღერის და ალაპარაკდა, ვიცით სიტყვები, მამა, დედა, ბურთი, პეპელა, ნახატებით რასაც ვანახებთ, ყველაფერს იმახსოვრებს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ვერ ვიტყვი, რომ უკვე გამართულად დადის, ჯერ ერთი წლისაც არ არის, 11 თვისაა. ცოტა ფრთხილად ვართ, რომ არ დაეცეს და რამე არ იტკინოს, მაგრამ ჩვეულებრივად დგება, მიდის, მოდის, საქმეებს აკეთებს (იღიმის). ვესწრებოდი მის პირველ ნაბიჯებს. უცნაურად დაიწყო სიარული, ჯერ ორი ნაბიჯი გადადგა, მერე სამი, დაეცა, მერე ნელ-ნელა რეკორდებზე ავედით… სულ პირველად, ორი ნაბიჯი რომ გადადგა, ეს იყო სასწაული გრძნობა. კბილებიც მალე ამოუვიდა, ოთხი კბილი გვაქვს, სიარულიც დაიწყო და ალაპარაკდა, დოლს მისცემ და ურტყამს, ისე მალე შვრება ყველაფერს, ვეუბნები, რომ არსად არ ეჩქარება… (იცინის).
ამ სიახლეებით, როგორც ვხვდები, დიდ სიამოვნებას იღებ…
ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია…
რა გააცნობიერე და გადააფასე მას შემდეგ, რაც შვილი შეგეძინა?
ბევრი რამე. ადამიანი რისთვის ცხოვრობ? იმისთვის, რომ ოჯახს მიხედო და შვილები გაზარდო. ის პასუხისმგებლობა, რაც მამაჩემს ჰქონდა, როგორც გვივლიდა და როგორც ნერვიულობდა, მივხვდი, რა რთული ყოფილა. მამა რომ ხდები, პასუხისმგებლობა გაქვს სხვაზე და ახალ სიცოცხლეზე. ეგუები იმას, რომ უკვე სხვა არის მთავარი ზრუნვის ობიექტი და არა შენ.
რადგან პატარა უკვე ამღერდა, ალბათ, ფიქრობ მის მუსიკალურ კარიერაზეც. გსურს, რომ იყოს მომღერალი?
თუ ექნება მონაცემები და აირჩევს ამ პროფესიას, აუცილებლად… ჩვენ სახლში ყოველთვის ვმღერით, ჩვენი ოჯახის სულის ნაწილია, მაგრამ თუ არ ექნება ნიჭი, ნამდვილად არ დავაძალებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან მამა თუ ბაბუა, პროფესიას თავად აირჩევს, ჩვენ არასდროს დავაძალებთ, მით უმეტეს, თუ ისეთი ნიჭი არ ექნება, რომელიც აუცილებელია სცენისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, როცა მაყურებლის წინაშე გამოდიხარ… ნიჭიც უნდა გქონდეს და გიყვარდეს ეს საქმე, ვნახოთ, როცა გაიზრდება, თავად გადაწყვეტს…
დილას რომ შემოგეხმიანე, ბავშვთან ერთად იყავი, ხშირად ატარებ დროს მასთან ერთად? როგორ ახერხებ ამას დატვირთული გრაფიკის ფონზე?
ყოფილა რამდენიმე დღე, როცა საქმეზე ან კონცერტებზე წასული ვყოფილვარ. გულწრფელად ვამბობ, რომ ყოველი წუთი დაკარგულია. გული მწყდება, როცა ვერ ვხედავ მის ყოველწამიერ ცვლილებებს. როცა თავისუფალი ვარ, ყოველ წამს ბავშვთან ერთად ვატარებ. მასზე მნიშვნელოვანი ამ მომენტშიც და მერეც არავინ იქნება.
მომავალში თუ წარმოგიდგენია საკუთარი თავი მრავალშვილიან მამად?
უკვე გვენატრება, როგორი იყო სულ პატარა გიო… ძალიან მალე იზრდება… სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა, ღმერთმა ისეთი საჩუქარი გვაჩუქა. როგორც დალაგდება, ისე იქნება… რაც მთავარია, გიო გვყავს, ძალიან დიდი ბედნიერება და მას უნდა მივხედოთ.
ვიცი, რომ რემონტი გაქვთ, ახალ სახლში ხომ არ გადადიხართ?
არა, ჩვენს სახლში მოვაწყვეთ ბავშვის ოთახში, ხარისხიანად. ყველაფერი გვინდა, იყოს უსაფრთხო, გადავღებეთ ოთახი უსაფრთხო მასალებით. ოთახი, ლოგინი, კარადა… რას ვყვები, ვისაც შვილი ჰყავს, ეცოდინება, რა და როგორ არის საჭირო. მოკლედ, მთელი სახლი გადავაწყვეთ გიოს საჭიროებებზე.
მოკლედ, თავის ჭკუაზე გატარებთ…
გვმართავს ყველას…
აღნიშნე, რომ ახლა უკეთ გესმის, რა პასუხისმგებლობა ჰქონდა მამას შენ წინაშე… კიდევ რა გაიზარე მასთან დაკავშირებით?
გავიგე სიმკაცრეც, რომელსაც იჩენდა ჩემ მიმართ. შვილი რომ გიჩნდება, ყველაფერს იგებ… გიო ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ოჯახისთვის.
გაქვს მიზანი, რომ მისნაირი მამა იყო?
ძალიან რთულია, იყო გიოსნაირი გინდ მამობაში და გინდ – სხვა რამეში. იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ, რაც თავისი ოჯახისთვის და ყველასთვის გააკეთა…