ქართული ტურისტული კომპანიებისა თუ რიგითი მოგზაურებისთვის, საერთაშორისო ტუროპერატორი „Kazunion“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2025 წელს შემოვიდა, ახალი მიმართულებით – კატარში დაუვიწყარი სამოგზაურო თავგადასავლის შესაძლებლობას ქმნის.
თეონა მარტიაშვილი, საერთაშორისო ტუროპერატორის „Kazunion“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– ჩვენი კომპანიის სრული სახელია „Kazunion ტურ ოპერატორი Rustar ჯგუფისგან“ (Kazunion Tour Operator By Rustar). „Kazunion“-ი ყაზახეთში გახლავთ დაარსებული და უკვე 15 წელზე მეტია, რაც ბაზარზე ოპერირებს. 2020 წლიდან ის „Rustar ჯგუფის“ მფლობელობის ქვეშ მოექცა. თავად „Rustar ჯგუფის“ ისტორია კი უკვე 20 წელს ითვლის.
ჩვენი კომპანია მოგზაურობის დასაგეგმად მომხმარებელს სრულ პაკეტს სთავაზობს, იქნება ეს ჩარტერულ ფრენები, ორგანიზებული ტურები, სასტუმროების დაჯავშნა, VIP მომსახურება, ინდივიდუალური და კორპორაციული მოგზაურობა, კონსიერჟ სერვისები თუ MICE ტურები.
საქართველოში „Kazunion“-ის შემოსვლის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გახდა. ჩვენი კომპანია არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და დავფიქრდით, რატომ არა საქართველოშიც? რატომ არ მივცეთ ქართველ მომხმარებელსაც იმის საშუალება, გავაცნოთ ჩვენი სერვისები, მიმართულებები, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ ზოგადად. იქიდან გამომდინარე, რომ „Rustar ჯგუფს“ საკმაოდ კარგად იცნობდნენ ქართულ ბაზარზე, მას ბევრი ქართული სააგენტო ჰყავს პარტნიორად, ეს დაგვეხმარა იმაში, რომ „Kazunion“-ი მოკლე დროში გამხდარიყო ცნობადი.
– თქვენი სერვისებიდან რომელი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით საქართველოში?
– სულ 6 თვეა, რაც ბაზარზე ვართ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ტურისტულ სააგენტოებს და ჩვენთან მოსულ ხალხს, ვგულისხმობ ტურისტულ სფეროში მომუშავე ადამიანებს და არა პირდაპირ მოგზაურებს, შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი ჩვენთან ურთიერთობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერატიულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებს, სრულყოფილად მივაწოდოთ ინფორმაცია, შევთავაზოთ მისაღები ფასები, ერთი სიტყვით, მათზე მაქსიმალურად ვიყოთ მორგებულნი.
– რამდენად მოქნილია თქვენი საფასო პოლიტიკა ქართული ბაზრისთვის?
– უნდა აღვნიშნო, რომ ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ბევრი ტუროპერატორი ოპერირებს. მიმართულებები, რომლებსაც ისინი სთავაზობენ ბაზარს და რომელთაგან გარკვეული ნაწილია ნამდვილად არაა ბიუჯეტური, სავსებით მისაღებია ქართველი მომხმარებლებისთვის, იქნება ეს ანტალია, ეგვიპტე, დუბაი და ა.შ. რთულია ასეთ კონკურენტულ გარემოში ფეხის მოკიდება. თუმცა ჩვენ შემოვედით სრულიად ახალი პროდუქტით, მასზე ყველასთვის მისაღები ფასით და თან მაღალი დონის სერვისით. ამ ექსკლუზიური მიმართულების გარდა, მომხმარებელს ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ მალდივები, საამიროები, სეიშელის კუნძულები, მავრიკიის კუნძულები, ვიეტნამი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი… იქიდან გამომდინარე, რომ „Rustar ჯგუფი“ ჩვენი მიმღები კომპანიაა (ტურიზმის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არის DMC), იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვაგზავნით სტუმრებს და ის მიმღებად ხვდება, ეს მეტ სანდოობას და საიმედოობას ქმნის იმისას, რომ ვიცით, როგორ უნდა მოვემსახუროთ სტუმარს, რა დროს რა უნდა შევთავაზოთ, რათა მოგზაური მაქსიმალურად კმაყოფილი დაბრუნდეს უკან და შემდეგ ისევ ჩვენთან მოვიდეს.
– და აი, მოვიდა დრო, ვისაუბროთ იმ ექსკლუზიური მიმართულების შესახებ, რომელსაც 15 ოქტომბრიდან შესთავაზებთ ქართულ ბაზარს. რატომ კატარი? რა ქმნის მის მიმზიდველობას?
– ტურიზმს სიახლე ყოველთვის სჭირდება, ახალ-ახალი მიმართულებები თუ არ დაემატა, ეს სფერო ვერ განვითარდება. შესაბამისად, საქართველოში ექსკლუზივით შემოვიჭერით. აქამდე კატარის მიმართულება არავის ჰქონია, ფრენის თვალსაზრისით ის არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლებისთვის. კატარი უნიკალურია ყველაფრით – დაწყებული დოჰას აეროპორტიდან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების სიაშია შესული, დამთავრებული იქაური ინფრასტრუქტურით, ჰარმონიული შერწყმით თანამედროვეობისა და სიძველის, კლიმატით (მიუხედავად იმისა, რომ კატარი სპარსეთის ყურის ნაწილია, იქ ნესტი საერთოდ არ არის, მშრალი სუბტროპიკული კლიმატია).
15 ოქტომბრიდან, საქართველოს ავიახაზებთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩარტერულ რეისებს თბილისსა და დოჰას შორის. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობით და კვირაობით, რაც მოგზაურებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მოკლევადიან პერიოდში დაათვალიერონ იქაურობა. სწორედ ჩარტერული რეისების წყალობით ვთავაზობთ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასს.
– აუცილებლად უნდა ვიკითხო უსაფრთხოების შესახებაც, რადგან ბევრისთვის აღმოსავლეთი კონფლიქტების კერასთან ასოცირდება და შესაძლოა, ამის გამო თავს არიდებდეს ამ მიმართულებით მოგზაურობას.
– კატარში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია. გადაადგილება დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამსვენებლისთვის არის უსაფრთხო. ყველგან სიმშვიდეა, არ არის საცობები. თუმცაღა მსოფლიოში ხვალ და ზეგ ვის რა მოუვა თავში აზრად, ამაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დღეის მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კატარში მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა .
– იმის მიხედვით, როგორც აფასებს „Kazunion“-ი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო გეგმა არაერთი გექნებათ.
– რა თქმა უნდა. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა კატარზე გაჩერებას, ცხადია, არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ ექსკლუზიურის თუ არა, ნაკლებად ცნობილი მიმართულებების დამატებას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვიყოთ მომხმარებლებზე ორიენტირებულნი, არ დავაღალატოთ ისინი და შევთავაზოთ მაღალი დონის სერვისი. ქართველებს ძალიან უყვართ მოგზაურობა, რაშიც კიდევ უფრო დავრწმუნდი ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ მაქსიმალურად, რომ მათ ახალ-ახალი მიმართულებები აღმოაჩინონ.