LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ანა უზნაძე: „ჩემგან, ალბათ, ძალიან მოულოდნელია, მაგრამ ვაპირებ საოპერო ვოკალს გავყვე!..“ – რატომ ჰქონდა ერთწლიანი მუსიკალური პაუზა მომღერალს

1814
ანა უზნაძე - 1

ქართული სიმღერების საუცხოო შემსრულებელი ანა უზნაძე მაყურებელმა ძალიან პატარა ასაკიდან გაიცნო. დღეს ანა უკვე 17 წლისაა და ზუსტად იცის, რომ მუსიკა მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნება, თუმცა ერთწლიანი პაუზის დროს, რომელიც თავისი სურვილით აიღო, კიდევ ბევრი რამ გააცნობიერა. ამ გამოცდილების შესახებ ის fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

ანა უზნაძე:

საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გამოვჩნდი. მაყურებელსა და მსმენელს უფრო მეტად გავაცანი ქართული სიმღერის შესრულებით და 13 წლის ასაკისთვის, ეს იყო მთავარი მიზანი, რომ პირველი სიტყვა მეთქვა. ეს მოვახერხე საკმაოდ წარმატებულად, შევთავაზე მსმენელს ინოლა გურგულიას სიმღერები. თავიდან ძველ თაობას შემოაწვა ნოსტალგია და ძალიან გაუხარდათ, რომ ჩემი თაობის ადამიანი დაინტერესდა ქართული მუსიკით. უმთავრესი მიზანი კი იყო, რომ ეს სიმღერები ჩემი თაობის მსმენელსაც მოესმინა – ჩემი აზრით, ეს მიზანი შესრულდა. ახლა უფრო მეტად მხვდებიან ჩემი ასაკის ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რა კარგი ყოფილა ქართული მუსიკა, სხვა კუთხით დავინახეთო.

სხვადასხვა პროექტსა თუ გადაცემაში მონაწილეობამ საკმაოდ დიდი როლი და დრო დაიკავა ჩემი ცხოვრების. არასდროს მისაუბრია იმაზე, რომ ყველაფერ კარგთან ერთად, ეს დიდი სირთულეც არის, მცირეწლოვანი ადამიანისთვის ასე უცებ ყურადღების დიდი ტალღა. მე ისედაც ისეთ სივრცეში ვიზრდებოდი, სადაც შედიოდნენ და გადიოდნენ მსახიობები თუ მომღერლები. ჩემთვის უცხო არ ყოფილა გადაცემაში მონაწილეობა თუ სცენა, ეს თავიდანვე ჩანდა, რომ არ ვნერვიულობდი, მაგრამ როცა თავად ხდები უშუალოდ ყურადღების ობიექტი, ეს არცთუ ადვილია.

შეგაწუხა ამან?

ვერ ვიტყოდი, რომ შემაწუხა, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს მიზეზი და მიზანი. ასეთ მცირე ასაკში მსმენელის სიყვარულის დამსახურება დიდი ბედნიერებაა. ეს ჩემი კარიერის დასაწყისი იყო, მაგრამ არსებობს ფაზები, როცა ახალი რამ უნდა დაიწყო, მუდმივად უნდა განვითარდეს მომღერალიც და სხვა პროფესიის ადამიანიც.

ერთწლიანი პაუზა გავაკეთე, რადგან ვიფიქრე, რომ ამ სტილმა, რასაც ვასრულებდი, ამოწურა თავისი თავი, გიტარამ თუ ჩემთვის ძალიან საყვარელმა ინოლა გურგულიას მუსიკამაც. ჩემი რეპერტუარი უნდა გაიზარდოს. შეიძლება, ბავშვის კვალობაზე პროფესიონალურ დეტალებს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ როდესაც ბავშვობიდან ამ სფეროში იზრდები, ნელ-ნელა დგება ეტაპი, რომ პროფესიულ განვითარებას დიდი დრო უნდა დაუთმო, დაიხვეწო ვოკალურად. ამ ერთი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი და ძალიანაც საჭირო იყო ჩემთვის. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ მუსიკის გარშემო ვბრუნავდი, იყო პერიოდი, როცა კვირაში 10-15 ჩაწერა მქონდა, ეს საკმაოდ დამღლელია ზრდასრული ადამიანისთვისაც კი, მით უმეტეს, ბავშვისთვის, რომელსაც კიდევ სხვა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში.

ფსიქოლოგიური პრობლემაც ხომ არ შეგექმნა?

ეს არ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამას ჩემი მშობლებიც არ დაუშვებდნენ, რადგან მუსიკოსები არიან, მაგრამ ეს რუტინა დამღლელი აღმოჩნდა და ცოტა ხნით უნდა შეწყვეტილიყო, უნდა მეფიქრა სხვა პრიორიტეტებზე, მაგალითად, სწავლაზე.

ძალიან ბევრი ყურადღება, რამდენადაც სასიამოვნო უნდა იყოს, შეიძლება ღლიდეს. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. ყველა მუსიკოსი მიხვდება, რასაც ახლა ვამბობ. რთული გასაძლებია მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. როცა გამოვჩნდი, მაშინ ბავშვი ვიყავი და მხოლოდ ჩემს რეპერტუარსა და შესრულებულ სიმღერებზე მეკითხებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, ეს ყველაფერი შეიცვალა. ჟურნალისტებმა დამიწყეს კითხვების დასმა პირად ურთიერთობებზე, ჩაცმულობასა და სხვა საკითხებზე, რაც არცთუ სასიამოვნოა. ეს ეტაპი ბუნებრივად დგება ყველა ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ჩემთვის უხერხულია – როცა მუსიკოსად ვარ მიწვეული, იქ იმისთვის ვარ, რომ ვისაუბრო მუსიკაზე, ვიმღერო და არ უნდა ვილაპარაკო იმაზე, რისი ჩაცმა მომწონს და ვისთან ვმეგობრობ. პირველი შეჯახება იყო ასეთი და მოულოდნელი ჩემთვის, თორემ ახლა უკვე ვიცი და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ იქნება. შევემზადე ამისთვის, გავაცნობიერე, რომ ასე უნდა ხდებოდეს და ხდება.

როდესაც გამოვჩნდი, სიმღერა ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან და ბუნებიდან გამომდინარეობდა. როცა ხალხს ხშირად უნდა შენი მოსმენა, რთულია, იმავე სიმღერაში იგივე გრძნობა ჩადო. ამას შესაბამისი განწყობა სჭირდება, ესეც კომპლექსური და რთული რამაა. დავიჭირე ჩემი თავი, რომ ავტომატურობისკენ მივდიოდი. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია, სწორედ ეს პაუზა დამეხმარა, რომ საკუთარი თავისთვის მემღერა და არა იმისთვის, რომ ასე იყო საჭირო.

სიახლეების შესახებ მოგვიყევი, რას გეგმავ?

ეს ერთი წელი ყველანაირად ძალიან გამომადგა, რამდენჯერმე მქონდა სხვადასხვა პროექტი. ვმართავ სალონურ საღამოებს ვინტაჟურ კაფეებში და ეს ერთგვარი სიახლეა, რომ მხოლოდ ტელევიზიით არ გამოვდივარ, არამედ ვაკეთებ საყვარელ საქმეს სხვადასხვა სივრცეში.

ეს პირველი ინტერვიუა, სადაც ვამბობ, რომ ვამზადებ უცხოურ რეპერტუარს და ქართულთან ერთად, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემს სოციალურ ქსელში ვტვირთავ ხოლმე სხვადასხვა ვიდეოს, სადაც ჩემს განსხვავებულ მეორე სახეს ვანახებ მსმენელს, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. დოგმა შეიქმნა, რომ ანა უზნაძე მხოლოდ გიტარით მღერის, ეს მინდა შევცვალო, რადგან ჩარჩოებში მოქცევა არ მიყვარს.

17 წლის ვარ და უნდა გადავწყვიტო, რა პროფესიას ავირჩევ. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვამბობდი, რომ არ ვიცოდი, მუსიკას ავირჩევდი თუ არა, ახლა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი არჩევანი იქნება. მინდა, მივიღო პროფესიონალური განათლება. მინდა, უცხოეთში სწავლა გავაგრძელო, იქნება ეს იტალია, გერმანია თუ აშშ, სადაც სერიოზული მუსიკალური კოლეჯები არსებობს. მსურს, კლასიკურ ვოკალს გავყვე, ეს იქნება ოპერა, რაც ჩემგან ალბათ, მოულოდნელი იქნება. ოპერა არის ის, რაც ყოველთვის არის და იქნება. სანამ სკოლას დავამთავრებ, ერთი წელი დამრჩა, ვაპირებ, ეს დრო გამოვიყენო მომზადებაში. არ ვფიქრობ, რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებ, ეგრევე ჩავაბარებ უნივერსიტეტში. რამდენიმე წელს დავისვენებ სკოლის დამთავრების შემდეგ, მოვემზადები. ძალიან მიყვარს ჯაზიც… არ ვიცი, ვნახოთ. ახლანდელი გადმოსახედიდან ასე ვხედავ თავს და შესაძლოა, მომავალ წელს რამე შეიცვალოს და ჯაზისკენ გადავიხარო. გავაკეთებ არჩევანს, რომელიც მუსიკასთან იქნება დაკავშირებული.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g