დათო კენჭიაშვილის შემოქმედება არა მხოლოდ ქართველ მსმენელს ხიბლავს, არამედ დიდი ხანია, დატოვა საქართველოს საზღვრები და სხვადასხვა ქვეყნის მსმენელისთვის გახდა მისაღები და საყვარელი.
უკვე 20 წელზე მეტია, სცენაზე დგას და ჯამში, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, მუსიკოსის ნამუშევრებს 500 000 000-მდე ნახვა აქვს, ქართულენოვან კომპოზიციებს კი, სიამოვნებით აქავერებენ ამა თუ იმ ქვეყანაში.
პოპულარულ მუსიკოსს დიდი სიახლეები აქვს, რომელსაც პირველად fortuna.ge-ს გაუმხელს. სწორედ ჩვენ შევაღეთ პირველებმა მისი ახალი ხმის ჩამწერი სტუდიის კარი, სადაც საბავშვო სტუდიაც განთავსდება და უამრავი საინტერესო კოლაბორაციაც შედგება…
დათო, ჩვენი მედიასაშუალება არის პირველი, რომელსაც შენს ხმის ჩამწერ სტუდიაში მასპინძლობ…
ხმის ჩამწერი სტუდია ოფიციალურად იანვარში გაიხსნება, მცირე დეტალები დაგვრჩა მოსაგვარებელი, დღეს თქვენ გმასპინძლობთ. ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ამ სტუდიის სპეციფიკა არ არის მხოლოდ ხმის ჩაწერა, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას აქვს დიდი რესურსი, იყოს მრავალპროფილური. ძალიან ბევრი ჩემს კოლეგასთან მაქვს ნამუშევარი, მაგრამ არა ახალ სტუდიაში. ახლა ტესტების რეჟიმი გვაქვს. იმ სივრცეში, სადაც ახლა ინტერვიუს ვწერთ, შეგვიძლია ცოცხალი ინსტრუმენტების ჩაწერა, ორკესტრის, ბავშვთა ანსამბლების…
სხვათა შორის, ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო… სახლში მქონდა მოყვარულის დონეზე გაკეთებული სტუდია, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს. თუ რამე გამიკეთებია სასარგებლო და საინტერესო ჩვენი მსმენელისთვის, ჩემი სახლის სტუდიაშია გაკეთებული, ნაკლები რესურსით, მაგრამ მაინც… იქ, მგონი, უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე აქ მოვახერხებ. ბევრი ღირებული რამ შეიქმნა, ჩამომიყალიბდა არაერთ ადამიანთან კარგი მეგობრობა… მგონია, ჩემი ოცნება იქ ახდა, აქ კი განვითარდება, რადგან არც ერთ დარგში არ შეიძლება გაჩერება…
ახლა უკვე უამრავი შეკვეთა გვაქვს კომპოზიციებსა და ახალი სიმღერების ჩაწერაზე. ჩემი კოლეგები უკვე ემზადებიან მოსასვლელად და ჩასაწერად…
აქვე იფუნქციონირებს თქვენი საბავშვო ვოკალური სტუდიაც?
სხვა მისამართზე გვქონდა სტუდია, ბავშვების სიმრავლის გამო გადავწყვიტეთ გაფართოება. ვამეცადინებ მეც და ჩემთან ერთად, რამდენიმე პედაგოგიც. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სპეციფიკურია, ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ვასწავლით იმას, რაც ვიცით – პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ჩვენთან ისწავლება მხოლოდ ქართული სიმღერა, ასევე ინსტრუმენტებზე დაკვრა.
როგორც ვიცი, თავადაც უკრავთ ბევრ ინსტრუმენტზე?
ვერ ვიტყვი, რომ ყველა ინსტრუმენტზე პროფესიონალურად ვუკრავ, მაგრამ ბევრ ინსტრუმენტს ვფლობ და კონცერტზე დაკვრაც შემიძლია. ინსტრუმენტებზე დაკვრას ჩვენს ბავშვებს პედაგოგები ასწავლიან. დარწმუნებული ვარ, როცა ბავშვები აქ შემოვლენ და ამ გარემოს ნახავენ, სხვანაირად გაიზრდებიან და სხვა დამოკიდებულება ექნებათ ხელოვნების მიმართ. სამუშაო გარემო და კლიმატი, რაც აქ არის, აუცილებლად სჭირდებათ ჩემს ბავშვებს…
20 წელზე მეტია, სცენაზე დგახართ და თქვენი, როგორც მუსიკოსის მიღწევები, უამრავ ნახვაში გამოიხატება. მთლიანობაში, რამდენი ნახვა აქვს თქვენს ვიდეოებს ყველა პლატფორმაზე?
ჯამში აქვს 500 000 000-მდე ნახვა… როცა ხელოვანმა იცის, რომ მის ვიდეოებს ამდენი ნახვა აქვს, გრძნობს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ამ ნახევარ მილიარდს შორის მცირეა ქართველთა მაჩვენებელი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ ჩემს სიმღერებს. არ მინდა, რომელიმე ქვეყნის დასახელება გამომრჩეს, დიდ თუ პატარა ქვეყნებში ჩემი ნამუშევრები ძალიან პოპულარულია, მათ შორის კავკასიის ქვეყნებში, ევროპასა და აშშ-ში. რამ გამოიწვია ეს? საინტერესოა ალბათ ამ კითხვაზე პასუხი. როგორ შეიძლება, ერთმა ბიჭმა საქართველოდან რაღაც გააკეთოს და ასე მოედოს ყველაფერს?!. მსმენელი წერს, რომ სიტყვები არ ესმის, მაგრამ მაინც მოსწონს და უყვარს ჩემი შემოქმედება. სწორი პასუხი, ალბათ, სწორი ვიბრაციებია. სხვათა შორის, დაღესტანში მყავს უამრავი მეგობარი და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. რამდენიმე ოჯახში ჩემი სახელი დაარქვეს შვილებს… (იღიმის).
ყველაზე მეტი ნახვა რომელ სიმღერას აქვს?
„იოროს“, აუცილებლად უნდა ვთქვა და ამის დავიწყება არ შეიძლება, რომ ეს გახლავთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, რომელიც ახალი არანჟირებით გავაკეთე. მას 42 მილიონი ნახვა აქვს. ძალიან ბევრი ვიდეო შემხვედრია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები როგორ ასრულებენ ამ სიმღერას, არ ესმით არც ერთი სიტყვა, მაგრამ მაინც მღერიან. ეს მეც მაკვირვებს… რამდენიმე მოლაც კი უსმენს ჩემს შემოქმედებას. ჩემთვისაც საინტერესო იყო ამის მოსმენა… ფაქტია, რომ სახალხო გამოვიდა…
ქართველ მსმენელზე რას გვეტყვით?
ჩემი პირველი წარმატება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და სხვა არავის. „იორო“ არ იყო პირველი ჩემი წარმატებული სიმღერა, რომელიც საქართველოში პოპულარული გახდა, მაგრამ მას ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა ჩვენი მსმენელის მხრიდან. დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი ხალხის მიმართ. რომ არა ისინი, მე ვერანაირ შედეგს ვერ დავდებდი.
რას შეიძლება ველოდოთ დათო კენჭიაშვილისგან ახალსა და საინტერესოს?
(იღიმის) მე თვითონაც არ მჯერა, ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან მაქვს გაკეთებული პროექტები, რომლებიც მცირე ხანში დასრულდება და საზოგადოება მალე იხილავს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა კოლაბორაციები მუსიკოსებთან. გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ დავასახელებ მათ ვინაობას… რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, რომლებსაც მალე გაგაცნობთ, ძალიან ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. ყველა ხელოვანის ოცნება საინტერესო კოლაბორაციებია, არა მხოლოდ ჩემი… ალბათ, ღმერთს ვუყვარვარ და მომცა ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩემს წარმატებას დაუღალავ შრომას ვუკავშირებ. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი გათენებული ღამე, ძალიან ბევრი იმედგაცრუება… მთავარია, იმუშაო და აუცილებლად გამოვა, არასდროს უნდა გაჩერდე. ეს არის ჩემი კრედო. დღე არის თუ ღამე, არ აქვს მნიშვნელობა… თუ რა თქმა უნდა, ამ სფეროს უძღვნი საკუთარ თავს. ყველა სფეროში, ალბათ, ასეა, მაგრამ ხელოვნება კიდევ უფრო მეტს მოითხოვს…
მუსიკოსისთვის ბგერა არის უდიდესი ძალა… ეგვიპტეში, როდესაც მონებს ქვები გადაჰქონდათ, იცით, რატომ ყვიროდნენ? როცა ბევრი ადამიანი ერთად ყვიროდა, ბგერები ქმნიდა ვიბრაციებს და ქვას ოდნავ ამსუბუქებდა… ბგერა გესმის და არ ჩანს, მისი პოვნა უდიდეს სირთულესთან არის დაკავშირებული. ამა თუ იმ ნაშრომში, რა თქმა უნდა, ნაპოვნი მაქვს, მაგრამ შემოქმედებითი ცხოვრება სწორედ ახალ და ახალ აღმოჩენებს უკავშირდება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მუსიკალური ნაწარმოები შედგა, ზოგი მე თვითონაც არ მომწონს და არც სხვებს მოსწონთ, მაგრამ მეორე მხრივ, არის ისეთი კომპოზიციები, რომელთაც მსმენელის დიდი სიყვარული აქვს მოპოვებული…
ბგერაზე ვსაუბრობდით და ბოლოს აუცილებლად მინდა ვთქვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს დავუწერე კომპოზიცია, რომლითაც ისინი იტალია-საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე გავიდნენ და ეს თამაში მოიგეს… როდესაც ბგერებსა და ვიბრაციებზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვგულისხმობ, მუსიკას შეუქმნია მუხტის შექმნა და შეუძლია, იყოს ბრძოლის გამაძლიერებელი. დარწმუნებული ვარ, მორაგბეებს ეს კომპოზიციაც დაეხმარა ბრძოლისუნარიანობასა და უპრეცედენტო გამარჯვებაში…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი