ნათია დუმბაძეს საკმაოდ დიდხნიანი შემოქმედებითი პაუზა აქვს და ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა, რომ ხმა აღარ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდა. ფიქრები და ეჭვები, რა თქმა უნდა, ჰქონდა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს… ნათია ამბობს, რომ ეს ორი წელიწადი მისთვის დიდი გამოცდა იყო…

ნათია, ახლა გაქვს შემოქმედებითი პაუზა… რამ განაპირობა ეს?
ასე გამოვიდა… ზოგადად, ცხოვრების ბოლო ორი წელიწადი მაქვს ასეთი, ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი გავიარე. მანამდე ყველაფერში აქტიური ვიყავი, მაგრამ ბოლო ორი წელია, ამოყირავების პროცესში ვარ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა… მგონია, რომ მარტო მე არ ვარ ასე – ზოგადად, მსოფლიოშია ტრანსფორმაციული პერიოდი.
ვიცი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეგექმნა…
შარშან ერთ დღეს გავიღვიძე და ხმა აღარ მქონდა. აღმოჩნდა, რომ ვიყავი საოპერაციო. გავემგზავრე სტამბოლში, სადაც გავიკეთე ოპერაცია. ნახევარი წელიწადი ჩემთვის სიმღერა არ შეიძლებოდა და იძულებით შევისვენე. პრობლემა ოპერაციული ჩარევით მოგვარდა და დავიბრუნე ჩემი ხმა, მაგრამ სანამ ხმას დავიბრუნებდი, ამასობაში ყველაფერი შეიცვალა ჩემ ირგვლივ (იღიმის). დავემშვიდობე ჩემს საყვარელ ბენდს…
იყო დეპრესიული პერიოდი? გქონდა ფიქრები, რომ შეიძლებოდა, ხმა არ დაგბრუნებოდა?
როგორ არა?! ძალიან ცუდად ვიყავი. წარმოიდგინე, მომღერლისთვის ხმა რა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ… ეჭვები, ფიქრები წამოვიდა, რა მეშველება-მეთქი, თუმცა პირველივე ვიზიტზე ექიმისგან ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. ძალიან დამეხმარა ლელა წურწუმია. ძალიან დამიდგა გვერდში. ლელასაც ჰქონდა იგივე პრობლემა. მან გამიშვა სტამბოლში თავის ექიმთან, ვისთანაც თავად გაიკეთა ოპერაცია. ყოველდღე მირეკავდა. მავარჯიშებდა და მამეცადინებდა, ფსიქოლოგიურად, ოპერაციის მერეც, ორთვიანი ძალიან რთული რეაბილიტაცია მქონდა. 10 დღე საერთოდ ხმას არ ვიღებდი, არ შეიძლებოდა ლაპარაკი. მერე ნელ-ნელა დამიბრუნდა ხმა. ბათუმში ერთი-ორი კონცერტიც ჩავატარე. ქვეყანაში არეულობის პერიოდი რომ დაიწყო, რა თქმა უნდა, მეც გამოვიარე და მეც შემეხო, როგორც ყველას… ამანაც იმოქმედა ჩემზე… დავიწყე ჩემი თავის სულიერი განვითარების წელიწადი.

როგორ განივითარე?
დავიწყე მედიტაციები… მეხმარება… ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ კიდევ პროცესში ვარ. იმედი მაქვს და ბედნიერი ვიქნები, თუ ბევრ ახალ კარგ სიმღერას გავაკეთებ. ვაპირებ, მაგრამ…
ჯერ არ ხარ მზად, როგორც ჩანს…
მართალი ხარ… ახლა ჩემი თავის უფრო ღრმად გაცნობის პროცესში ვარ და ძალიან მსიამოვნებს. მაგრამ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ სიმღერაზე არ მეფიქროს. დარდად მაწევს, ბევრი რამ დამიგროვდა შიგნით და ეს რომ არ ამოვიღო, არ შეიძლება. ამის დროც დადგება, რომ შემოქმედებითად დავიცალო. ყოველთვის ეს იყო ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ყველაზე სიხარული და ტკივილი მუსიკაში მაქვს გადმოტანილი. ყველას ცხოვრებაში არის რთული პერიოდები, მე ახლა დამიდგა… მთავარია, მიიღო, ვინც ვერ იღებს, მას დეპრესია ემართება და ასე არ ვარ ნამდვილად. ახლა ვიგებ, ზუსტად რა მინდა ცხოვრებაში და ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჯერ ვერ ვდგამ…