LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: გიორგი ყიფშიძე ნარკოლოგიურზე, მძიმე დაავადებაზე, ცოლის წასვლაზე და შვილებზე, რომლებსაც დაბადების დღიდან თავად უვლის: „ჩემს შვილებს მშივრებს არ დავტოვებ. მე არ შევჭამ და მათ ვაჭმევ…“

41175
page

გიორგი ყიფშიძე 4 შვილის მამაა, მაგრამ მასთან ორი მცირეწლოვანი პატარა იზრდება. ლუნა და კოსმო ბაღში დადიან და დანარჩენ დროს მამიკოსთან ერთად ატარებენ. როგორც გიორგი fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში უყვება, უმძიმესი ერთწლიანი პერიოდი გამოიარა, როდესაც ნარკოლოგიურიდან გამოსვლის შემდეგ ცოლმა მიატოვა და დაავადება აღმოაჩნდა…

გიორგი, მოდი, შენი პატარებით დავიწყოთ საუბარი. ყველა გაოცებულია, როგორი მამა აღმოჩნდი…

ჰო, ეს რაღაცნაირად თვალშისაცემი აღმოჩნდა. არ მეგონა, თუ მამაკაცი ბავშვებს მარტო ზრდის, ეს თითით საჩვენებელი გახდებოდა, კარგ კონტექსტში ოღონდ. მეგონა, რომ ეს ნორმაა. როცა სხვა გზა არ გაქვს, შენს შვილს უნდა მიხედო. ამას თუ არ გააკეთებ, მაშინ უნდა იყო თითით საჩვენებელი. მე ასე მგონია. იცი, ეს როგორი კითხვაა? კბილებს იხეხავ? კი. ვაიმე, ეს თურმე კბილებს იხეხავს (იღიმის). ბევრი კაცი ვიცი, ვინც მარტოხელა მამაა. ბავშვები დედამ მიატოვა და მამები უვლიან.

შენ პატარებს როდიდან უვლი?

რომ დაიბადნენ, იმ წამიდან. არ მინდოდა, რომ ჩემი ახალნამშობიარევი ცოლი გადაღლილიყო. ხელი შევუწყვე მაქსიმალურად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხელი შევუშალე დედობის აღქმაში. ბავშვებს ვერც ეკარებოდა. ვერც წარმოვიდგენდი, ასე თუ მოხდებოდა და ამის გამო აჟიტირებული ვიყავი. ახალგაზრდაა და ბევრი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ვერ ააწყო დედობის კომბინაცია. თან, ორი ბავშვი ერთად… ერთად როცა არიან, ოთხ ბავშვს უტოლდებიან. ერთი მეორეს ქოფი ფეისთები არიან, რასაც ერთი აკეთებს, იმას მეორე იმეორებს. ლუნა ორწლინახევრისაა, კოსმო – სამწლინახევრის. ჩემი ცოლი ახალ წელს წავიდა და ექვსი თვეა, რაც მათ მარტო ვზრდი.

მძიმე არ იყო შენთვის მარტო დარჩენა, ასეთ დროს განსაკუთრებით, როცა მცირეწლოვანი ბავშვები გყავს?

თავიდან ძალიან მძიმე იყო. შეურაცხყოფილი ვიყავი. ფსიქოლოგიურად არ იყო ადვილი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილები ჩემი მეგობრებივით არიან. ერთად გვძინავს. მულტფილმებს ვურთავ და ასე ვიძინებთ 11 საათზე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ყოველდღიური რუტინა ახლა სულ სხვანაირია. კაცური ამბებიც არ გამომდის. წარმოიდგინე, მარტო ვარ და დეითზე ვერ მივდივარ, რადგან საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩება. სანამ 7-8 წლის არ გახდებიან, მანამდე ასე იქნება.

ბაღში ხომ დადიან?

ახლა წავიდნენ ძალიან კარგ სახელმწიფო ბაღში, თუმცა მე ხილიანზე ვცხოვრობ და ბაღი შორსაა, მიწევს მათი ტაქსით წაყვანა და მოყვანა, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ახლახან ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ გეწყინოს, ბავშვებისთვის საჩუქარი მინდა ჩაგირიცხოო და 1000 ლარი ჩამირიცხა. როგორი მადლობელი ვარ მისი… ეს ვუთხარი კიდეც. 1000 ლარს რომ ასე უცხო ადამიანი გაჩუქებს… ისე გამიხარდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.

გიორგი, ახლა რა არის შენი შემოსავალი?

მხოლოდ თეატრში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი თვეში ხელზე ასაღები 1200 ლარია. აქედან 400 ლარი სესხში მიდის. როცა ბავშვებისთვის საჭმელს, პამპერსს და სხვა საჭირო ნივთებს ვყიდულობ, მეორე დღეს ეს ფული აღარ არის. მერე ჩემს კოლეგებს ვესესხები ხოლმე, ხან ვანიკო თარხნიშვილს გამოვართმევ, ხან სხვა მეგობარს… ძალიან ხშირად „ვიშლისტი“ მიკეთებს ხოლმე საჩუქრებს. ჩემს დას ამას წინათ ბავშვებისთვის სპორტულები გამოატანეს. მშივრები, რა თქმა უნდა, არ მყავს და არც მეყოლება, მე არ შევჭამ და მათ ვაჭმევ… ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ავტომობილის, ქალაქში სკუტერით დავდივარ, მაგრამ ბავშვებს სკუტერით ვერ ვატარებ.

ამდენმა პრობლემამ დამჭმუჭნა. კი არ დავბერდი, დავიჭმუჭნე. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, სანამ ლაპარაკს დაიწყებდნენ.

ოჯახის წევრებიდან ვერავინ ახერხებს დახმარებას?

ჩემი და და დისშვილი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. როცა ლენუკა სახლშია, სულ მეხმარება, მაგრამ მას თავისი ცხოვრება აქვს. სარეცხი იქნება თუ სხვა საოჯახო საქმეები, ყველაფერი ჩემზეა. ვიცი, თუ არ გავფენ, არავინ გაფენს სხვა. მერე ამ სამოსს დაწყობა უნდა, გოგოსი ცალკე უნდა დავაწყო, ბიჭის – ცალკე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის გიორგი, რომელიც ვიყავი ადრე, ამას შეძლებდა. მაგრამ ჩემი თავი ძალიან მომწონს. ერთია, რომ დამხმარე მჭირდება ძალიან… მეორე კი ისაა, რომ როგორც არ უნდა ვეცადო, დედას შვილებს ვერ შევუცვლი…

ბავშვებს დედა რამდენ ხანში ერთხელ ნახულობს?

ერთი თვეა, რაც არ ყოფილა. ქლაბერი გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის.

თქვენი დაშორება ამან გამოიწვია?

მთლიანობაში ამან გამოიწვია, მაგრამ ზოგადად, მივხვდით, რომ სხვადასხვა ტიპები ვართ. სულ ვეუბნებოდი, რომ ბავშვებს სხვანაირად სჭირდებოდათ მოწესრიგება. ჩვენ შეიძლება, სამი დღე არ ვიბანავოთ და ვიყოთ საგულაოდ, მაგრამ როცა ბავშვები გყავს, ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებ. არადა, თავიდან ამბობდა, მესამეც გავაჩინოთო. ჯერ ეს ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ ნელ-ნელა სახლიდან კლუბში რომ ვეღარ მიდიოდა, აღარ მოეწონა. არ მინდა, რამე ეწყინოს, მაგრამ ია ფარულავასთან რა თქვა? ბავშვები ჩემთან ვერ მიმყავს, რადგან დაქალთან ვცხოვრობ და მას ბავშვები არ უყვარსო. ჰგონია, რომ კარგი რამ თქვა…

გიორგი, ბავშვებს თეატრშიც დაატარებ?

ბაღი ექვსზე უმთავრდებათ, სპექტაკლი რვაზე იწყება და თეატრშიც ბავშვებით დავდივარ. თავიდან პატარები რომ იყვნენ, ჩემი კოლეგა, სალომე მეხმარებოდა ხოლმე მათ მოვლაში, როცა თეატრში მყავდა. ახლა სეზონი რომ დაიწყება, ისევ მომიწევს მათი იქ ტარება.

შენს ჯანმრთელობაზე არცთუ სასიამოვნო ამბები ვრცელდებოდა… როგორ ხარ ახლა?

ჯანმრთელობაზე ახლა არაფერია ცუდი. ცე ჰეპატიტი დამემართა მესამედ, მაგრამ მკურნალობის პროცესი უკვე თითქმის ბოლომდე მივიყვანე. წამალი, რომელსაც ამ დროს სვამ, სიგამხდრეს იწვევს და ხშირად მეკითხებოდნენ, რა მჭირდა. ერთს ვუპასუხე, ვიბრიდები-მეთქი, ხუმრობით და ამაზე ააგეს ჭორები… 8 თვის წინ, ნარკოლოგიურში რომ ვიწექი და ნარკოტიკებთან საბოლოოდ დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა, ანალიზები გამიკეთეს და მაშინ აღმომაჩნდა. ნარკოლოგიურად რომ გამოვედი, მაშინ მიმატოვა ცოლმა. დაავადება, ბავშვების მოვლა, ცოლმა მიმატოვა… ყველაფერი ერთად მოხდა. ახალგამოსულზე პირველივე დღეს ოჯახი დამენგრა… ამ პრობლემებთან ადაპტაცია გამიჭირდა, მაგრამ ფსიქოლოგთან დავდიოდი. ახლა მშვენივრად ვგრძნობ თავს, თუმცა ფიზიკურად შევიცვალე 45 წლის ვარ. ხშირად მეუბნებიან, ისევ ლექსოსავით უნდა იყოო, მაგრამ ლექსო ვერასდროს გავხდები. კბილები კი ჩავისვი, მაგრამ 25 წლისას ვერასდროს დავემსგავსები… ურთულესი პერიოდი გავიარე და ეს ათეისტი კაცი ვამბობ, რომ ღმერთმა გამოცდები მომიწყო…

ჩააბარე ეს გამოცდები?

მგონია, რომ ჩავაბარე…

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g