LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: გურამ ლომიძე აშშ-ში ცხოვრებაზე, შვილებთან და ყოფილ მეუღლეებთან ურთიერთობასა და ულამაზეს რჩეულზე, რომელთანაც 3 წელია, რომანი აქვს: „გული სულ საქართველოსკენ მომიწევდა, მენატრებოდა ახლობლები, სცენაზე დგომა „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად…“

893
გურამ-ლომიძე

გურამ ლომიძე წლებია, აშშ-ის მოქალაქეა. მისი და ხატია შამუგიას ვაჟი, ნიკუშა, ბერკლის უნივერსიტეტს ამთავრებს, ივანა მელაისთან შეძენილი გოგონა კი სკოლაში დადის და დროის ნაწილს გურამის დედასთან და მამასთან ერთად ატარებს ხოლმე. „ქუჩის ბიჭების“ წევრს აშშ-ში ბიზნესი აქვს, ახლა უფრო ხშირად დროს საქართველოში ატარებს და ჯგუფთან ერთად სიახლეებს ამზადებს, ასევე მონაწილეობს დაგეგმილ კონცერტებში. გურამის გვერდით მისი რჩეული, მომხიბვლელი ეკატერინე ტუღუშია, რომელთან ურთიერთობაზე და სხვა თემებზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა.

გურამ ლომიძე:

მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ორ თვეს ვატარებ ხოლმე იქ ბავშვების გამო, დედაჩემიც იქ ცხოვრობს, ასევე ჩემი ნათესავები, ბიძაშვილები. მაქვს ბიზნესი, რომელსაც აქედანაც ვმართავ, საქართველოდან, ამიტომ მიადვილდება საქართველოში ყოფნა. მაქვს კონცერტები „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად.

თუმცა სანამ ამერიკაში ასე ააწყობდი ცხოვრებას, საქართველოში ასე მარტივად ვერ ჩამოდიოდი…

ორი წელიწადი საერთოდ ჩამოუსვლელად ვიყავი. მას შემდეგ, თითქმის ყოველ; ზაფხულს აქ ვარ ხოლმე, ბიჭებთან ერთად. ის ორი წელიწადი იყო, რასაკვირველია, მძიმე. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, რადგან ბიძაშვილთან წავედი და ყველაფერი დამახვედრა. ძალიან მძიმე ემიგრანტული ცხოვრება არ გამივლია, მაგრამ მონატრება, საქართველოს სიყვარული და ნოსტალგია არ გამნელებია. როგორც კი მივიღე საბუთი, მაშინვე გამოვქანდი საქართველოში ექვსი თვით და ავინაზღაურე დანაკლისი (იღიმის).

გარდა იმისა, რომ ქვეყანა და ახლობლები გენატრებოდა, ალბათ, ძალიან დიდი იყო სცენის მონატრებაც, მით უმეტეს, ძალიან მცირე ასაკიდან გახდი პოპულარული საქართველოში, როგორც „ქუჩის ბიჭების“ წევრი...

ამ მომენტმაც, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა, რომ გული საქართველოსკენ მომიწევდა, თუმცა ამერიკაშიც მქონდა ხოლმე გამოსვლები სხვადასხვა რესტორანში, ცოტ-ცოტას ვინაზღაურებდი ამ მონატრებას, მაგრამ არ იყო საკმარისი. მოგეხსენებათ, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ერთად გავიზარდეთ, ძმაკაცობა და ქართული მენტალიტეტი რასაკვირველია, თავისას აკეთებს. ეს შეგრძნება და პატრიოტიზმი გვაბრუნებს უკან, საქართველოში.

თავიდანვე ეს გეგმა დაისახე, რომ პირობები შეგექმნა აშშ-ში და შემდეგ დაბრუნებულიყავი საქართველოში? ძალიან ბევრი რჩება სამუდამოდ…

თავიდან მიზნად დავისახე ამერიკული ოცნების ასრულება, რომ ჩადიხარ აშშ-ში და ხდები ჰოლივუდის ვარსკვლავი ან ძალიან ცნობილი მომღერალი, მაგრამ ეს ოცნებები დამემსხვრა (იცინის).

არ გიცდია ამერიკულ მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა?

რამდენჯერმე მოვხვდი „ვოისის“ შესარჩევ ტურებში, მაგრამ იქამდე ვერ მივედი, რომ მთავარ კონკურსში აღმოვჩენილიყავი. ორჯერ ვცადე და მერე ხელი ჩავიქნიე…

ახსენე შენი შვილები. უფროსი ვაჟი ამერიკაში სწავლობს, არა?

ძალიან კარგად სწავლობს ბერკლის უნივერსიტეტში, კალიფორნიაში – თეატრალური განხრით, თეატრისა და კინოს ისტორიას. წელს ამთავრებს სწავლას და აპირებს კალიფორნიაში ცხოვრებას. ვნახოთ, იმედი მაქვს, გაუმართლებს, ჩემგან განსხვავებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ოცნება მას აუხდეს. ჩემი უმცროსი გოგონა ჩიკაგოსთან ახლოს, პატარა ქალაქში ცხოვრობს და სწავლობს, სკოლაში, მეორე კლასში. ნახევარი კვირა დედასთან (ივანა მელაი – ავტ.) არის, ნახევარი, ჩემთან და დედაჩემთან.

როგორც ჩანს, შენ და ივანამ მოახერხეთ, რომ თქვენი გოგონასთვის კომფორტული გარემო შეგექმნათ… შენგან უნდა ისწავლონ მამაკაცებმა, როგორ უნდა დაალაგონ ურთიერთობები ყოფილ მეუღლეებთან…

(იცინის) ცოტა გამიჭირდა დალაგება, მაგრამ ასე თუ ისე, მოვახერხეთ.

„ქუჩის ბიჭების“ კონცერტები ახსენე. კრიტიკულ პერიოდში მოგიწიათ კონცერტების გამართვამ

პოლიტიკური მდგომარეობა ისეთია საქართველოში, რომ ხალხი გაყოფილია და რასაკვირველია, ჩვენც მოგვწვდა, შოუბიზნესს ეს აგრესია. არ არის, რა თქმა უნდა, ლამაზი, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს ვასრულებთ. ყველა ვერ იქნება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც სურთ, რომ იყოთ. ქუთაისში ჩავედით ხალხისთვის საახალწლო განწყობისთვის შესაქმნელად, რადგან მუსიკოსები ვართ და ამაზე ვზრუნავთ, ამისთვის ჩავედით, მაგრამ მოგვიხდა საპროტესტო აქციის ფონზე სიმღერა… ზოგადად, ქართულ შოუბიზნესს ძალიან უჭირს, არა მარტო ახლა, ოდითგანვე, შევარდნაძის პერიოდიდან, როცა დავიწყეთ, ასე იყო…

„ქუჩის ბიჭების“ ჰიტებს, ამდენი წელი გავიდა და დღემდე მღერის მსმენელი. ახალს თუ გეგმავთ რამეს?

ორი-სამი თვის წინ ახალი კლიპი გადავიღეთ, „მიუზიქბოსზე“ ტრიალებს. მომზადებული გვაქვს ერთი ჩვენივე ძველი სიმღერის გაახლებული ვერსია, რომელსაც მსმენელს მალე მივაწვდით. ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, ორი სიმღერა აქვს დაწერილი ირაკლი ნოზაძეს. ძალიან მალე შემოგთავაზებთ სიახლეებს.

აუცილებლად მინდა გკითხო შენს ულამაზეს რჩეულზე, ეკატერინე ტუღუშზე. რა ეტაპია თქვენს ურთიერთობაში და როგორია თქვენი რომანი?

რაც შეეხება ჩემს ულამაზეს რჩეულს, სამი წელია, ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად. შეძლებისდაგვარად ვმოგზაურობთ საქართველოს ფარგლებში ჯერჯერობით. ხომ იცი, სიყვარულსა მალვა უნდაო და მეტი რა გითხრა? ყველაფრით მომხიბლა, სილამაზით და ძალიან კარგი ხასიათით, მზრუნველობით. სრულად ჯდება ჩემს გემოვნებაზე.

სიურპრიზების კეთება გიყვარს?

მე კი მიყვარს სიურპრიზების კეთება, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარს, როცა სიურპრიზებს უკეთებენ. შეიძლება, ისეთი სიურპრიზი გაუკეთო, რომ არ მოეწონოს (იცინის), ამიტომ წინასწარ ვკითხულობ, რა მოეწონება. ხანდახან სიურპრიზებიც გამომდის ხოლმე, მაგრამ ძირითადად, შეთანხმებულად ვმოქმედებთ ხოლმე.

გურამ, ეჭვიანობის ამბავს როგორ უმკლავდებით შენ და ეკატერინე? პოპულარული მომღერლის გვერდით ყოფნა არ არის ადვილი. გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც „ქუჩის ბიჭების“ ბუმი იყო და უამრავი თაყვანისმცემელი გოგონა ძალიან აქტიურობდა თქვენი მისამართით…

რასაკვირველია, არის ბევრი თაყვანისმცემელი, მაგრამ არც მე ვიძლევი ეჭვიანობის საბაბს და არც ის. ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g