LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ჯაბა ქარსელაძე ჰარვარდში სწავლის სირთულეებზე და ევროპაში ლექტორობაზე: „ოჯახის წევრები აღარ მეკითხებიან, როდის დავოჯახდები, რადგან იციან, ეს ჩემს სწავლის პროცესს ხელს შეუშლის…“

3166
ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძე ჰარვარდის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტია. ამის შესახებ საზოგადოებას ახლახან „ფეისბუქ“-სტატუსით ამცნო.

მომღერალი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, უკვე 13 წელია, ევროპაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ლექტორი.

საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და ჰარვარდში ჩაბარებაც მისი ერთ-ერთი დიდი ოცნება იყო, რომელიც აისრულა…

fortuna.ge ჯაბა ქარსელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ჯაბა ქარსელაძე: 

ძალიან იშვიათად ვწერ სტატუსებს, ძირითადად, თავს ვარიდებ ნეგატივის გამო, რომელიც სოციალურ ქსელშია, მაგრამ ამ თემაზე დავწერე, რადგან ჰარვარდში ჩაბარება ჩემი ოცნება იყო –  10 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა მაჩუქა კალენდარი ამერიკის პრეზიდენტების გამოსახულებით, დავისახე მიზნად, რომ მათსავით განათლებული ვყოფილიყავი და მამამ მითხრა, რომ ისინი ჰარვარდში სწავლობდნენ, მაშინ არ ვიცოდი, ჰარვარდი რა იყო.

ყველა პროფესიაში გინდა მაქსიმუმის მიღწევა. სასწავლო პროცესში კი ამაზე მაქსიმუმი არ არსებობს. ძალიან რთული იყო არა მხოლოდ მოხვედრა. არასდროს მდომებია აშშ-ში ცხოვრება. საცხოვრებლად არ არის ჩემი ქვეყანა, სამოგზაუროდ არაჩვეულებრივია, ცოტა ხნით ჩასასვლელად. როცა სტაჟირებაზე ვიყავი, არ გამიჩნდა სურვილი, რომ იქ მეცხოვრა. ეს სურვილი ევროპასთან დაკავშირებით მქონდა და უკვე 13 წელია, ევროპაში ვცხოვრობ.

ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მინდოდა ჰარვარდში წასვლა. კორონას შემდეგ, ჰიბრიდული პროგრამა ამოქმედდა, გაძლევენ შანსს, რომ შეინარჩუნო სამსახური, სადაც ხარ და გიწევს პერიოდულად აშშ-ში ჩასვლა მნიშვნელოვან გამოცდებზე, ასევე იქ ზაფხულის გატარება, რადგან სხვა შემთხვევაში, დიპლომს ვერ აიღებ. რაც მნიშვნელოვანია, ადგილზე გადიხარ აუცილებლად. მე ესპანეთში არაერთ რამდენიმე ბიზნესსკოლაში ვასწავლი და. ბოლომდე ონლაინ პროგრამა, როგორც ლექტორს, არც მე მომწონს. ბოსტონში, სადაც ვიყავი ჩასული, არის სულ სხვა გარემო, გრძნობ, რომ  სულ სხვა სამყაროში ხარ. ჰარვარდს ამდენწლიანი ისტორია აქვს და იქ უამრავ ცნობილ ადამიანს უსწავლია. როცა იქ შედიხარ, მუზეუმის განცდა გეუფლება…

ჩემი პროგრამის სახელწოდება არის „მეცნიერების მაგისტრი ფინანსებში“. თავიდან მინდოდა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში ჩაბარება, რომელიც მოიცავს ყველაფერს ბიზნესის შესახებ. დავესწარი რამდენიმე ლექციას და მივხვდი, რომ სხვა რამ უნდა ამერჩია… ბიზნესი იმდენჯერ მაქვს ნასწავლი, რომ… თუ ძალიან წარმატებული კარიერა არ გაქვთ, ბიზნესსკოლაში ძალიან დაიჩაგრებით. ცნობილი კომპანიების ფინანსური დირექტორები სხედან ლექციებზე. კომენტარებს იწერენ და ნიშნის კომპონენტს ესეც განსაზღვრავს. მივხვდი, რომ ჰარვარდის ბიზნესსკოლა ჩემთვის არ იყო…

„ჩემ უკან დგას ძალიან დიდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელსაც ჰარვარდი ჰქვია და მე მადლიერი ვარ უფლის, რომ  ამისრულა ეს უდიდესი ოცნება“ – ჯაბა ქარსელაძე

კიდევ ფიქრობ სწავლაზე?

რეალურად ახლაც ვსწავლობ, ჯერ არ დამიმთავრებია. ჩემი პროგრამის ფარგლებში 12 საგანი უნდა დახურო, რა თქმა უნდა, დისერტაციაც უნდა დაიცვა. ერთ-ერთი საგანი მოიცავს იმას, როგორ უნდა ასწავლო სხვას, ანუ ეს საგანი ლექტორებისთვისაა. ჩემთვის ყველაზე მთავარი ჰარვარდში არის მათი კონტაქტები, გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარ განათლებას გაძლევენ, ყოველთვის გვერდში გიდგას ის ხალხი, ვისაც ჰარვარდში გაიცნობ. მე და შენ თუ ერთად ვსწავლობდით, ვალდებულებას ვგრძნობ, რომ დაგეხმარო, რადგან იმავე სკოლას წარმოადგენ და იგივე დიპლომი გაქვს, სადაც მე ვსწავლობდი. არ უნდა იყო დაჩაგრული, რადგან ხარ ჰარვარდის სკოლის წარმომადგენელი. აქ სწავლა იმ კარს გამიხსნის, სადაც საკუთარი ძალებით მოხვედრა რთული იქნებოდა. როცა მივედი, პირველი სიტყვები ასეთი იყო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰარვარდში, თქვენს ახალ ოჯახში“. როგორც მივხვდი, წარმატებულად დამთავრება იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში შენ გვერდით იქნებიან. მივხვდი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას უსვამენ ყველაზე მეტად ხაზს. ძალიან გმატებს თავდაჯერებას. არ იყო მარტივი იქ მოხვედრა, მაგრამ ჰარვარდი დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად მსოფლიოში. ჩემი აზრით კი, ის უპირველესია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვსწავლობ იქ. მას შემდეგ, რაც ჰარვარდში დავიწყე სწავლა, ესპანეთში უკვე ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, მაგრამ ლოიალური ვარ იმ სამსახურის მიმართ, სადაც უკვე ვმუშაობ.

ლექტორობა, რაც მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების პროფესიად, გაძლევს საშუალებას, რომ გქონდეს კარგი ანაზღაურება ნაკლები სამუშაო დროით. მე ახლა 300 სტუდენტი მყავს. თითო ჯგუფში 30-40 კაცია. უნდა მოამზადო დავალებები, გამოცდები, ტესტირებები. ეს დიდ დროს მოითხოვს, სწავლის პარალელურად, ეს საკმაოდ რთულია. აპრილში ძალიან გამიჭირდა, შეიძლება ითქვას, გადაწვამდე მივედი. მომიწია ექიმთანაც წასვლა. ძალიან ცუდად ვიყავი. ვეღარ ვიძინებდი საერთოდ. ძალიან შრომისმოყვარე ვარ და მაქსიმალიზმმა გადამძალა. ბევრი ლექცია ავიღე, უარი ვერ ვთქვი, უამრავი სასწავლი მქონდა, დღე-ღამეში მეძინა სამი, მაქსიმუმ ოთხი საათი. მაისში, როცა ლექციები დასრულდა, ცოტა ამოვისუნთქე. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვავნე. წელს სექტემბერში, როცა ბევრი შეთავაზება მომივიდა ლექციებზე, უარი ვთქვი. შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებ და შეიძლება, რაღაც მომენტში ცუდია, მაგრამ მივხვდი, რომ მთავარია ჯანმრთელობა, კვირაში სამი დღე მაქვს ჩემი ლექციები, ორი დღე – ჰარვარდის ლექციები და თავიდან ბოლომდე მას მივუძღვენი თავი. სამ მთავარ ბიზნესსკოლაში ვასწავლი საკმაოდ რთულ საგანს, რთულია, ამ საგნით დააინტერესო სტუდენტები. მე ვასწავლი თითქმის ყველაფერს, ფინანსებს რაც შეეხება – ბუღალტერიაში თითქმის ყველა საგანს ვუკითხავ. ჩემს სტუდენტებს დიდი შრომის ჩადება უწევთ. ჩემს ლექციაზე აუდიტორია ყოველთვის სავსეა. ერთი ლექციაც რომ გააცდინონ, იმდენად ჩამორჩებიან, რომ იმასაც კი განიცდიან, ავად თუ არიან და ერთი ლექციის გაცდენა უწევთ. მივიჩნევი საკმაოდ რთულ და მკაცრ ლექტორად. თვითონ ბავშვებიც მეუბნებიან, რომ ჩემთან ასე თავისუფლად ვერ იქნებიან. სულ ვეუბნები ხოლმე, თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთ-მეთქი. ზოგი სხვა ჯგუფში გადადის ხოლმე. თავიდანვე ვაცნობ ჩემს დამოკიდებულებას…

რა გეგმები გაქვს ჰარვარდში სწავლის დასრულების შემდეგ?

არასდროს ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას წინასწარ. როცა პარიზში ვცხოვრობდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქიდან სადმე გადავიდოდი. დღემდე ძალიან მიყვარს საფრანგეთში. ისე წავიდა ცხოვრება, ვარ ესპანეთში, უკვე ექვსი წელია. არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს ბევრი ფაქტორის გამო. ამის მიუხედავად, თვეში ერთხელ მაინც ჩავდივარ პარიზში, მონატრების გამო. იქ ჩემი მეგობრებიც ცხოვრობენ.

როგორ განიტვირთები ხოლმე?

გვაქვს არდადეგების პერიოდები – ივნისი, ივლისი და აგვისტო ლექციები არ არის. ეს დიდი პლუსია. დეკემბრის 15-დან ერთი თვე ასევე გვაქვს დასვენება. ამ პერიოდში ყოველთვის ვცდილობ, არ ვიფიქრო სამსახურზე. ამ პერიოდში ჰარვარდშიც არდადეგებია, დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც დავისვენებ. უბრალოდ, სასტუმროში რომ შეხვალ და დაისვენებ. მიწევს მოგზაურობა სამსახურებრივი მიზნებით, თვეში ორჯერ თვითმფრინავში ვარ. ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, თვითმფრინავია. 10-12 საათიანი ფრენის დროს ყველაზე ეფექტურად ვმუშაობ.

საქართველოში ჩამოსვლას თუ ახერხებ?

ყოველთვის ჩამოვდივარ ზაფხულში აუცილებლად ერთი თვე. ეს არის ტრადიცია. მთელი აგვისტო ვარ ხოლმე საქართველოში. მომავალ წელს ჰარვარდში მომიწევს ყოფნა 15-20 აგვისტომდე და ალბათ, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ჩამოვალ. ასევე ჩამოვდივარ ზამთარში, ახალი წლის შემდგომ დღეებში. ეს ძალიან მჭირდება – ჩემი ნამდვილი დიდი ხნის და ცხოვრების თანამგზავრი მეგობრები არიან საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახი… ეს კავშირი მჭირდება ჩემს ფესვებთან. რომ ჩამოვდივარ ხოლმე, მყავს ძალიან კარგი მეგობარი დერმატოლოგი, რომელიც სულ მეუბნება, თბილისში ჩამოსვლისას სერი ფერი გაქვს და აქედან რომ მიდიხარ, თეთრიო. თბილისში ყოფნის ორი კვირა არის ჩემი სამოთხე, არაფერზე ვფიქრობ, არ საჭმელზე, არც სარეცხზე, არც არაფერზე…

გენატრება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში პოპულარობა შენი სიმღერით მოიპოვე?

20 წლის წინ გამოვიდა ჩემი და ბუკას სიმღერა „ნუ მალავ“. დღევანდელი დღესავით მახსოვს, „სპორტ კაფეში“ იყო ამ კლიპის პრეზენტაცია. ისე მალე გაირბინა ამ ოცმა წელმა… როგორ არ მენატრება ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ ზენიტში ვიყავით. რომ მქონდეს ნატვრის თვალი, დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი მაგ დროს და ვიცხოვრებდი… ბევრი რამ უკეთესობისკენ განვითარდა, ბევრი ცუდისკენ, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო 2001-2015 წლამდე. მერე ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა. ევროპაში წამოსვლას არ ვნანობ. აქ რომ არ წამოვსულიყავი, ოჯახზე ამოფარებული ბავშვი ვიქნებოდი. ვერასდროს ვისწავლიდი ამდენი რაღაცის დამოუკიდებლად კეთებას. პარიზში ყოველგვარი დახმარების გარეშე ვიპოვე ჩემი ადგილი და დავიმკვიდრე თავი სამეცნიერო სივრცეში… ეს არ არის მარტივი. საქართველოში, ალბათ, მექნებოდა კარგი სამსახური და წავიკითხავდი ლექციებს, მაგრამ ასე ვერ განვვითარდებოდი. ჩემს თავს რომ ვუყურებ 10, 20 წლის წინ, დიდ განვითარებას ვხედავ. ამდენ კულტურასა და ადამიანთან რომ არ მქონოდა შეხება, ასეთი წარმატებული ლექტორი ვერ ვიქნებოდი.

ოჯახის წევრები არ გეკითხებიან, როდის დაოჯახდები?

ახლა ვარ 37 წლის. პატარაც არ ვარ. როცა კარიერული წარმატება გაქვს, ძალიან რთულია პირად ცხოვრებაზე ფიქრი. მეამაყება ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ჰქონდეს ძალიან წარმატებული კარიერა და ძალიან წარმატებული პირადი ცხოვრება. რამდენიმე მომღერალია, ალბათ, მსოფლიოში, ვისაც დიდი კარიერა აქვს და თან, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულია. მივხვდი, რომ ეს ძალიან რთულია. მივხვდი, რომ პირადი ცხოვრება არასდროს არის ბოლომდე სტაბილური. ადრე მეგონა, რომ პირად ცხოვრებაში იდეალური და ჰარმონიული უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ჩემი ფსიქოლოგი სულ მეუბნება ხოლმე, რომ პარტნიროთან რაღაც პერიოდულობით ძალიან მაგრად უნდა იჩხუბო. ეს საჭიროა, რომ ორივემ გამოხატოთ საკუთარი თავი, რადგან სულ ჰარმონია ურთიერთობაში კარგი არ არის და არც რეალურია. თუ ოდესმე დავოჯახდები, წარმომიდგენია, რომ კონფლიქტები აუცილებლად იქნება.

37 წლის განმავლობაში მივხვდი, ერთი რამ არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი – არც ფული და არც სხვა რამ, მთავარი ისაა, რომ რომ იყო ბედნიერი და ჯანმრთელი. თუ ჯანმრთელი არ ხარ, ამან შეიძლება, მთელი შენი ცხოვრება წაიყვანოს უკან. თუ ჯანმრთელი ხარ და გაქვს საშუალება, შენი თავი ირჩინო, ამით უკვე ბედნიერი იქნები. ჩემთვის მთავარია ვიყო ჯანმრთელად და ვიცი, რომ ვიქნები ბედნიერად.

პირადი ცხოვრება ჩემთვის პრიორიტეტი არ არის, როცა ამდენ რამეს ვაკეთებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. დაოჯახებაზე იყო ხოლმე საუბარი, მაგრამ ახლა ოჯახის წევრები აღარ მეკითხებიან, რადგან იციან, რომ დაოჯახება ხელს შემიშლის და ჩემს ცხოვრებას უკან წაიყვანს. როდესაც ჰარვარდში სწავლას მოვრჩები, 38 წლის ვიქნები. ერთი წლის მერე  კიდევ ჩავწეროთ ინტერვიუ და ვნახოთ, რა შეიცვლება. იმის არ მეშინია, რომ მარტო დავრჩები. მეგობრები ვხუმრობთ ხოლმე, როცა დავბერდებით – მარტო ვიქნებით თუ დაოჯახებულები, ერთი დიდი სახლი ავაშენოთ და იქ ვიცხოვროთ ერთადო. მოხუცთა თავშესაფარში წასვლის ნაცვლად, ჩვენ თვითონ ავიშენებთ მეგობრების თავშესაფარს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები