LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და თავისი „იუთუბ“-გადაცემა დაიწყო: „დედობამ სულ სხვა სტატუსი მომანიჭა. რეალურად ახლა მივხვდი, რამდენი რამ შეუძლია ადამიანს გააკეთოს…“

266
f01a9585-9f36-4192-87a8-2269de346861

ნანუკა გოგიჩაიშვილმა ახლახან ახალი პოდკასტი გაგვიზიარა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი მესამე შვილია. გადაცემა ნამდვილად ზღაპრულია და მასში ნანუკას გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მისი ქალიშვილები და ბებია.

„გიზიარებთ ჩემს მესამე შვილს, სული ჩავუდგი იდეას და ჩემს ყოველდღიურობას, 4 წლის წინ როდესაც აივი მოევლინა სამყაროს მე და ნიკამ გადავწყვიტეთ პირველი წამიდან ამ დრომდე თავად აღგვეზარდა შვილები, რთული იყო ახალი ქვეყანა, მეორე ორსულობა, იყო მერე საოცარი დამხმარე, თუმცა მთელი ორსულობა ავას დაბადება და ის ეტაპი, რაც წყვილის ურთიერთობისთვის გარდამტეხია ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა გავიარეთ.

იყო მშობლების დახმარება, რისთვისაც უაღრესად მადლიერები ვართ… მიხარია, ამდენი ბებოს სიყვარული რომ აქვთ ჩემს გოგოებს…

იყო ახალ დაბადებული ბავშვი, ორი 3 წელს ქვემოთ პატარა, ჩემი სწავლა ამ პერიოდში და საამაყო სამი გამოფენა კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში, რაც ასრულებულ ოცნებას ჰგავს…

თუმცა ეკრანის და კამერის მონატრება არ მტოვებდა, იყო ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა ბოლომდე ის არასდროს იყო, რასაც მე ვეძებდი, ამიტომ თავად ავიღე ხელში ეს ყველაფერი, დავწერე სცენარი, დავხატე , მოვიფიქრე და დღეს თქვენამდე მოვიტანე, არაფერი გამოვიდოდა ჩემი საოცარი გუნდის გარეშე, ამ ხალხზე და გაწეულ შრომაზე ცალკე მოვყვები…

პ.ს.: ვფიქრობ, ამართლებს პროდუქტი, რისი ნაკლებობაცაა, ეს კი უბრალოდ, ჩემი ყოველდღიურობაა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ვიზრდები, ვვითარდები ჩემს შვილებთან ერთად და მინდა, თქვენც დაგპატიჟოთ ჩემს რეალობაში და „სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ“

fortuna.ge ნანუკას ესაუბრა ამ დიდი სიახლის შესახებ მის ცხოვრებაში. მოდელმა გაგვიმხილა, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ის ბოლო 4 წელი აშშ-ში ცხოვრობდა მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასა და ორ ქალიშვილთან ერთად.

ნანუკა გოგიჩაიშვილი:

დროებით საქართველოში დავბრუნდი ოჯახთან ერთად. სანამ წავალთ, მინდოდა, დრო ფუჭად არ დამეკარგა და გამომეყენებინა. დავწერე სცენარი და თავად შევქმენი ახალი გადაცემა, რომელიც პირველად „იუთუბზე“ ახლა გამოქვეყნდა. გადაღებიდან დაწყებული მონტაჟით დამთავრებული, ყველაფერში ჩართული ვარ. რა თქმა უნდა, მეხმარებიან ადამიანები, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ჩემზეა. მთელი ოჯახი მეხმარება, დედაჩემიც და ჩემი მეუღლეც…

ბოლო წლები ბავშვებთან ერთად სახლში ვიყავი. მე და ჩემს მეუღლეს თავიდან ბოლომდე გვქონდა საკუთარ თავზე აღებული მათზე ზრუნვა. არ ვმუშაობდი, ვსწავლობდი, მქონდა გადაღებები, კლიპებში, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და რეკლამებში გადამიღეს, თუმცა იმ რეჟიმში ეს ძალიან რთული იყო. ამის მიუხედავად, მაინც მოვახერხე.

მეც და ჩემი და ნინიც, სულ ტელევიზიასთან ვიყავით დაკავშირებულები. მქონდა ბევრი შემოთავაზება, მაგრამ არ იყო ის, რაც ბოლომდე მინდოდა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ თავად შემექმნა ის, რაც ჩემზე იქნებოდა მორგებული. ხორცი ასე თუ ისე შევასხი, იმედი მაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება. მინდა, გლობალური გახდეს და სიკეთით და სიყვარულით სამყარო შევცვალოთ. მთავარი თემა ოჯახის სიყვარულია…

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ 4 წლის განმავლობაში, როცა საქართველოში არ იყავი?

შეიცვალა ის, რომ ჩემს თავს შევხედე განსხვავებული თვალით. სულ რომ მეგონა, რომ ყველაფერს ვასწრებდი, დედობამ სულ სხვა სტატუსი მომანიჭა. რეალურად ახლა მივხვდი, რამდენი რამ შეუძლია ადამიანს გააკეთოს დიდი სიყვარულითა და მოთმინებით. ახლა ისე მოხდა, რომ ჩემს სამსახურში ბავშვებიც თან წავიყვანე. ჩემი ყოველდღიურობა, რაც სახლში გვაქვს, თამაში თუ ზღაპრის კითხვა, ეკრანზე გადმოვიტანე.

ყველაზე რთული პერიოდები მე და ჩემმა მეუღლემ გავიარეთ, ახალ-ახალი სახლების შეცვლა, უძილო ღამეები… ბევრი გამოცდა გავიარეთ ერთად… ამერიკაში ძალიან ჭირს დამხმარის აყვანა, რომლისაც ძალიან მადლიერი ვარ, მას დავემშვიდობეთ და ახლა ისევ ჩვენ ვართ მხოლოდ…

ახლა შენი ცხოვრების რა ეტაპია?

რაც პატარა ორი წლის გახდა, შეიძლება ითქვას, ცოტა მოვიცალე საკუთარი თავისთვის. ახლა მაქვს იმის ფუფუნება, რომ დავბრუნდე სახლში, ოჯახის წევრი დამეხმაროს, მე კი მივუჯდე კომპიუტერს და ჩემს საქმეს მივხედო, ცოტა ხნით მაინც.

ბებიაც ჩართული გყავს შენს გადაცემაში…

ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს დარჩეთ კადრები, როგორია ოჯახური ურთიერთობები და ბებიას სიყვარული მათ მიმართ… ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ და დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ვფიქრობ, რომ გაამართლებს…

magti 5g