LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ნეკა დოროყაშვილი მალე ინგლისურენოვან ალბომს გამოუშვებს, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დაკვეთით ჩაწერა – რა გეგმები აქვს მოდელს, რომელიც ამღერდა: „ყველანაირი ნეგატივი წარსულს გავატანე და დავიწყე ახალი ცხოვრება…“

10637
ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი მალე საზოგადოებას ახალ საინტერესო სიახლეს წარუდგენს. ეს არის ინგლისურენოვანი ალბომი პოპის ჟანრში, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დახმარებით, საქართველოში საკუთარ გუნდთან ერთად ჩაწერა. ნეკას კარიერული გზა სიმღერის კუთხით, არც მეტი, არც ნაკლები, ბოლივუდში დაიწყო, ის ინდოეთში ექვსი თვის განმავლობაში კონტრაქტით მუშაობდა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში, როდესაც ამერიკელმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს და მას ალბომის ჩაწერა შესთავაზეს, რომელსაც საერთაშორისო მიზნები ექნება და ამერიკული ბაზრისთვის გახლავთ განკუთვნილი.

ალბომში შედის სიმღერები, რომლებიც გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს გააერთიანებს, ეს არის გზა, რომელიც ნეკამ, როგორც ერთმა ქალმა, ამ მომენტამდე გაიარა.

როგორც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, ის სიძნელეები, რაც მის ცხოვრებაში იყო, მეუღლესთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან განშორება, სასამართლო განხილვები და მძიმე გარემო, რომელიც ამ ყველაფერს ახლდა, უკან ჩამოიტოვა და მხოლოდ წინ იყურება. მის ალბომს განსაკუთრებულად ელოდება მისი 9 წლის ვაჟი, ლუკასი, რომელიც დედიკოს პირველი გულშემატკივარია.

ნეკა დოროყაშვილი:

მთელი ბავშვობა ვმღეროდი, მაგრამ სერიოზულად სცენაზე არასდროს ვმდგარვარ ამ კუთხით. მშობლები მატარებდნენ სიმღერაზე და მომწონდა, უფრო ჰობიდ განვიხილავდი. ძალიან მცირე ასაკიდან ვწერდი საავტორო სიმღერებს ქართულ ენაზე, ალბათ, სადღაც 10 წლის ვიქნებოდი… ვუკრავდი ფორტეპიანოზე. მყავდა მუსიკის მასწავლებელი, რომელიც კლასიკური ნაწარმოებების დაკვრას მასწავლიდა, თან, ვმღეროდით. ჩემი მშობლებიც მღერიან, თუმცა ისე მოხდა, რომ პატარაობიდანვე აღმოვჩნდი სამოდელო ბიზნესში, 16 წლიდან დავიწყე მოდელის კარიერა. რადგან ამ სივრცეში აღმოვჩნდი, მოდელობამ გამიტაცა და სიმღერაზე ოცნება დროებით შევაჩერე. ის ინსპირაცია, რაც მუდამ უკავშირდებოდა სცენაზე დგომას, სამოდელო კარიერაში გადავიტანე.

შემდეგ, ჩემს პირად ცხოვრებაში ცვლილება მოხდა – 19 წლის ასაკში შევხვდი ჩემ ყოფილ მეუღლეს და რამდენიმე წელში დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ შევწყვიტე ჩემი საქმიანობა, როგორც მოდელმა და სრულად გადავერთე ნიკაზე, გავხდი ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელიც, ცოლიც, ფსიქოლოგიც, მეგობარიც, საყვარელი ქალიც და შვილის დედაც (იღიმის). ამ ინტერვიუში არ ვისაუბრებ არაფერ ცუდზე, რადგან იმდენი კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, დავასრულე ის ეტაპი… ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს და ცუდს აღარ შევეხები…

შემდეგ, როდესაც გავთავისუფლდი ყველაფრისგან, სასამართლო, რომელიც მიმდინარეობდა, აღარ დასრულდა და ძალიან გაიწელა. სულ პროცესები მიმდინარეობდა და იყო ძალიან დაძაბული გარემო, რაღაცნაირად მაინც შევძელი და ჩემი ოცნებების რეალიზება დავიწყე. ჩემი სამუშოდან გამომდინარე, ორი წლის წინ, მომიწია ბოლივუდში ექვსი თვით წასვლამ, სადაც ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში კონტრაქტით ვმუშაობდი. ბოლივუდი უამრავ წვეულებას მართავდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე მთავარ სტუმრად ვიყავი მიწვეული, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ჩვენი სააგენტოს მოდელები, დამფუძნებლები, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ამერიკელი და ევროპელი პროდიუსერები, რეჟისორები, ბოლივუდის მსახიობები – ვარსკვლავები. სწორედ ამ წვეულებაზე ვიმღერე და აღმომაჩინეს ამერიკელმა პროდიუსერებმა, დაურეკეს ჩვენი სააგენტოს დირექტორს, მეორე დღეს კი მოვიდნენ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე გამიზიარეს დაინტერესება და შემომთავაზეს, რომ დააფინანსებდნენ ჩემს ალბომს, მათ, როგორც არტისტი მოვეწონე და დავიწყეთ მუშაობა.

ზღაპრული ამბავია…

ნამდვილად, ზღაპრულია. ზოგადად, ინდოეთში წასვლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში სასწაულები დაიწყო. თავდაპირველად ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამდი, რეალურად, ჩემთვის ვმღეროდი და უფრო მეტად სამოდელო კარიერას ვაძლიერებდი, მაქვს საერთაშორისო კონტრაქტები, ვმუშაობ, როგორც ინფლუენსერი. ოცნებად კი მქონდა სიმღერა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა ამეხდინა ეს სურვილი.

მოკლედ, შეხვედრაზე, რომელიც შედგა, ამერიკელმა პროდიუსერებმა შემომთავაზეს სატესტო სიმღერების ჩაწერა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ დამითანხმეს.

როცა მუშაობა დავიწყეთ, მინდოდა, სიმღერების ჩაწერა საქართველოში გამეგრძელებინა, ინდოეთში რამდენიმე სატესტო დემო ჩავწერეთ, რომლებსაც ვუგზავნიდი პროდიუსერებს და ისინი ონლაინ მუდმივად იყვნენ ჩართული ჩვენს სამუშაო პროცესში, ყველაფერი თანხმდებოდა მათთან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ამერიკელ პროდიუსერებს შევუთანხმდი, რომ ავიყვანდი ჯგუფს ჩემს ქვეყანაში, სადაც უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ვთხოვე, რომ საავტორო სიმღერების ჩაწერა მსურდა, რასაც ძალიან დადებითად შეხვდნენ. მათ მიპასუხეს, რომ რა თქმა უნდა, თუკი შენ შეგიძლია, შენი ცხოვრების შესახებ დაწერო, ეს ბევრად უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის, რომ არტისტმა ეს ნიჭიც გამოავლინოს, თავად დაწეროს, მხატვრულად აღწეროს და თვითონ იყოს ალბომის ავტორიო. ძალიან გაუხარდათ, თუკი შევძლებდი და ჩემს ტალანტს ამ მიმართულებითაც გამოვავლენდი, აღვწერდი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს…

ალბომის ჩაწერას ამერიკული მხარე აფინანსებს. სიმღერებს ვქმნი ჩემს ჯგუფთან ერთად, ტექსტები ჩემია, მელოდიაზე ერთად ვმუშაობთ. სატესტოდ ჩაწერილმა სიმღერებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი, რა ჟანრში უნდა მემუშავა. მათ ჩემი პოტენციალი დაინახეს, თუმცა მომცეს საშუალება, თავად გამეკეთებინა არჩევანი, სად ვიგრძნობდი თავს ყველაზე კარგად – ალბომი უნდა იყოს ერთი მიმართულების, მაგრამ ჩვენ დემოების ჩაწერისას ვიტრიალეთ სხვადასხვა ჟანრში, იყო ეს არ ენ ბი თუ პოპროკი და საბოლოოდ, პოპზე ჩამოვყალიბდით… მინდოდა, ვყოფილიყავი „მე“, ამ ნეკას მოეყოლა წარსულის, აწმყოს და მომავლის ამბები…

როდის მოვისმენთ ალბომიდან პირველ ნამუშევარს?

ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ ახლაა – მინდა, პირველად გამოვჩნდე ჩემი ალბომის პირველი სიმღერით, რომელიც ძალიან მომწონს. მასზე უკვე მიმდინარეობს კლიპის გადაღებები და პირველ რიგში, ქართულ აუდიტორიას გავუზიარებ. მინდა, კლიპმა მაქსიმალურად ასახოს ის, რაც სიმღერაში მაქვს ჩადებული, კლიპში გადმოვიტანო ყველა ის ემოცია, რაც სიმღერაშია. როგორც სიმღერებზე შეიქმნა სატესტო დემო ვერსიები, კლიპთან დაკავშირებითაც გვაქვს არაერთი სატესტო ვერსია. შესაბამისად, სანამ არ იქნება ეს ნამუშევარი ისეთი სრულყოფილი და ის ემოცია არ იქნება ჩადებული, რაც მე მინდა, ბოლომდე მაქსიმალური დატვირთვით ბოლომდე ვიმუშავებ. ჯერჯერობით მიმდინარეობს კლიპის სატესტო გადაღებები. ამერიკელ პროდიუსერებთან, რა თქმა უნდა, კლიპის სატესტო ვერსიებსაც ვაგზავნით და მათგან ვიღებთ რჩევებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩემს საავტორო ხედვას იზიარებენ და დიდი პატივისცემით ეპყრობიან, რაც ძალიან დასაფასებელია. დიდი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, რადგან მინდა, კლიპი ჩემი პროდიუსერობით მომზადდეს.

როგორი მოლოდინი გაქვთ პირველი სიმღერის გამოშვების წინ?

ახლა უკვე აღარ ვნერვიულობ, ვღელავდი მაშინ, როდესაც სწორ მიმართულებას ვეძებდი, რომ სიმღერისას ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. არა როგორც მოდელი ნეკა, ვისაც საზოგადოება იცნობს, არამედ არტისტი ნეკა, რომელსაც ჩემი აზრით, მაყურებელი ჯერ არ იცნობს. პირველივე სიმღერაში ჩანს ქალი, რომელმაც უამრავი სიძნელე გადალახა…

ეს ქალი ძლიერია, უშიშარი და გამბედავი. ის დამოუკიდებელია და არ უშინდება სირთულეებს; სიძნელეებს ხედავს, როგორც გზის ნაწილს, რომელიც მის ზრდას და საკუთარი თავის პოვნას უწყობს ხელს. თავდაჯერებული და ამაყია თავისი მიღწევებით და მის გულში მტკიცედ არის გაჩენილი რწმენა, რომ მისი გზა ყოველთვის სწორია. მისი ენერგია არის შეუფერხებელი და ქარიზმატული, რაც ყველა მისი ნაბიჯით იგრძნობა. ქალი, რომელიც თავისი ვნების მიხედვით მოქმედებს და ყოველ შანსს მაქსიმალურად იყენებს. მუდმივად სურს ახალი დასაწყისი და მზადაა ნებისმიერი გამოწვევის მისაღებად.

ქალების გაძლიერება მიზნად ისახავს ქალებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ ექნებათ თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და თავისუფლება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში. ეს გულისხმობს ქალების განათლების ხელშეწყობას, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას, კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდას და ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ქალების გაძლიერება ასევე მოიცავს მათთვის ხმაურის მიცემას და გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური როლის შემოღებას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების და კულტურის პროგრესს. გაძლიერებული ქალები უფრო თამამები, თავდაჯერებულები და ძლიერი არიან, რაც არა მხოლოდ პირადად მათთვის, არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის სასარგებლოა.

მიხარია, რომ ჩემი მუსიკა ასახავს ჩემს ამჟამინდელ სახეს ძლიერ, თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ქალს. ის ასახავს ქალს, რომელიც იცნობს საკუთარ ღირებულებებს, არ უშინდება გზაზე მდგომ სიძნელეებს და მზადაა, თავისი მიზნები და ოცნებები ძალისხმევით და ვნებით განახორციელოს. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარი ცხოვრების მბრძანებელია; რომელსაც თავისი გზა არჩეული აქვს და რომელმაც იცის, რომ მისი ძალა და შინაგანი სიძლიერე მუდმივად მასთანაა. ჩემს მუსიკას აქვს უნარი, სხვებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს, რომ მათაც დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობები, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და იპოვონ გზა თვითგამოხატვისა და ბედნიერებისკენ. ეს სიმღერა არა მხოლოდ ჩემი ისტორიაა, არამედ ჩემი მესიჯია სამყაროსთვის, რომ ქალი, რომელიც საკუთარ თავს იცნობს და თავის ძალას აღიარებს, შეუჩერებელია და იმსახურებს, იყოს ბედნიერი.

სიყვარულზე სიმღერები იქნება ალბომში?

რა თქმა უნდა, აქ იქნება ბევრი ვარიაცია სიყვარულზე. სიყვარულზეა აგებული მთლიანად ალბომი… ამ გრძნობაზე ყველა ადამიანს სხვადასხვა შეხედულება აქვს და სხვადასხვანაირად აღიქვამს.

თქვენთვის რა არის სიყვარული და როგორ აღიქვამთ?

ჩემთვის სიყვარული ისეთი დიადი შეგრძნებაა, რომ მზად ვარ, უსასრულოდ ვიმღერო. სიყვარული არის ურთიერთობა, რომელიც თავისუფლებაზე, პატივისცემაზე და თანასწორობაზეა დაფუძნებული. სიყვარულში არ ვეძებ საკუთარ თავშესაფარს ან ვინმეს, ვინც ჩემს ძლიერებას ჩრდილავს. ჩემთვის სიყვარული არის ადგილი, სადაც ორივე ადამიანი აღიარებს და აფასებს ერთმანეთის ძალას და პიროვნულობას. სიყვარული ჩემთვის ნიშნავს ვნებას, რომელიც ინარჩუნებს სიღრმეს და ნამდვილი კავშირით აძლიერებს ორივეს. სიყვარულს ვხედავ, როგორც პარტნიორობას, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთგულება თანასწორად დგას. ჩემთვის სიყვარული არის ის, რაც აძლევს ძალას, თუმცა არ ზღუდავს; რაც მას თავის შინაგან სიმშვიდეს ანიჭებს, მაგრამ არასდროს თრგუნავს მის ინდივიდუალობას.

თქვენი შვილის დამოკიდებულება როგორია ახალ ალბომთან და ამ სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს ცხოვრებაშია?

ლუკასი, რომელიც ახლა უკვე 9 წლისაა, ჩემი პირველი ფანია და პირველი ინსპირაციაა. ძალიან კარგი სმენა აქვს და კარგად მღერის. ვთხოვ ხოლმე, რომ იმღეროს. ლუკასის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, საკმაოდ კრიტიკულია, ხშირად აქვს საკმაოდ ჭკვიანური შენიშვნები, მაგალითად, ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, მირჩევს სამოსს (იღიმის). ძალიან დიდი ხანია მეკითხება, როდის უნდა გავასაჯაროო ჩემი სიმღერები. ვუხსნი, რომ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად მიწევდა ვოკალის ტრენერებთან გაკვეთილები. მიგვაქვს ეს პროდუქტი აშშ-ში. პროდუქტი, რომელსაც წარადგენ, უნდა იყოს საერთაშორისო მასშტაბზე აბსოლუტურად მორგებული და შესრულება უნდა იყოს პროფესიონალური, არავის აინტერესებს, გუშინწინ დავიწყე სიმღერა, თუ 30 წელია ვმღერი. მათ აინტერესებთ ის პროდუქტი, რასაც არტისტი სთავაზობს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და მეც და ჩემი გუნდიც მზად ვართ, რომ როგორც კი გვექნება დასტური, სატესტო გადაღებებიდან გადავინაცვლოთ კლიპის გადაღებაზე…

ამ პროექტის მიზანი, საბოლოოდ, ამერიკულ ბაზარზე გასვლაა?

დიახ… ზუსტად ამისთვის დავიწყეთ შექმნა, თავიდანვე ეს მიზანი მქონდა – ჩემს ცხოვრებაზე მსოფლიოს უნდა ვუმღერო.

ანუ ამ ალბომით მსმენელი თქვენ შესახებ ბევრ ახალს გაიგებს…

მიხარია ისიც, რომ ჩემს ვოკალში ამერიკელმა პროდიუსერებმა ისეთი ნიუანსები დაიჭირეს, რაც ინდივიდუალური და ახალია. დარწმუნებული ვარ, მსმენელი ბევრ სიახლეს გაიგებს ჩემ შესახებ, იქნება ახალი სიტყვა მუსიკისა და პოეზიის მხრივაც. მსმენელს გავუზიარებ ჩემს 33-წლიან გამოცდილებას.

ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით, აღარ გსურთ არაფერი უარყოფითის გახსენება. ამჟამად თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?

უამრავი ტრანსფორმაცია გავიარე… სიმღერამ დიდი ჰარმონია შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია, შევიგრძნო ბედნიერების უამრავი ვარიაცია. ძალიან მაკეთილშობილებს ეს მდგომარეობა. ჩემს ცხოვრებაში უკვე არის ის პერიოდი, როცა ყველანაირი ნეგატივი გავატანე წარსულს და დავიწყე ახალი ცხოვრება. არ იქნება არანაირი ნიშნის მოგება და შურისძიება, ეს იქნება მხოლოდ გამოცდილების გაზიარება და ამბავი, რომელიც მე გავიარე… მე გავიარე ეს ამბავი და მე გადავრჩი… ერთხელ ვცხოვრობთ და ყველაზე ღირებული შენი თავი და სიცოცხლეა… ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, რითაც ინსპირაციას მისცემ შენს თავსაც, შენს შვილსაც და მაგალითს – დიდ აუდიტორიას…

კონკრეტულ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან რომელიმე სიმღერა მიეძღვნება?

რაღაცებს სიურპრიზად დავტოვებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბომში ჩემი ბიოგრაფიის გარკვეული მომენტები და კონკრეტული ფრაგმენტები გაცოცხლდება, ასევე ძველი სიყვარულის ისტორიები და ეს ყველაფერი სიმღერების სახით გადმოიცემა. ჩემი ალბომი წარმოგვიდგენს სიყვარულის მრავალფეროვან ისტორიების სიღრმისეულ, ვნებიან, მტკივნეულ და ამაღელვებელ მომენტებს, რომლებიც ქმნიან ჩემი ცხოვრების და შინაგანი სამყაროს სარკეს. ამ ქალისთვის, თითოეული სიმღერა არის მისი ემოციების, გამოცდილების და ზრდის ასახვა. ის გვიჩვენებს, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ ერთი, პირდაპირი გზა; ის არის უწყვეტი მოგზაურობა, სადაც ბედნიერება და ტკივილი ერთად არის გადახლართული. მისი ალბომის თითოეული ტრეკი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გააძლიერა ან გარდაქმნა ამ ქალს სხვადასხვა სახის სიყვარულმა. თითოეული ისტორია არის იმის მტკიცებულება, რომ სიყვარული, მისი ყველაზე სუფთა და ზოგჯერ მტკივნეული ფორმით, არ ამცირებს ქალის ძლიერებას; პირიქით, ეს არის ის, რაც მას ზრდის, აძლევს ახალ ფერებს და არწმუნებს საკუთარ ღირებულებაში.

ვფიქრობ, მსმენელისთვის ჩემი ალბომი საინტერესო იქნება. როცა ვუსმენ, რაც გავაკეთე და ჩავწერე, ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთადაც რომ შევაჯამეთ, ისინიც მეუბნებიან, რომ არ ჰგავს იმას, რაც აქამდე მოუსმენიათ. ერთი სული მაქვს , როდის გაგიზიარებთ პირველ ნამუშევარს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g