LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ნინო მუმლაძე ბიჭს ელოდება: „მე და ჩემი მეუღლე ბავშვის სახელზე ვერ ვთანხმდებით…“

15487
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს ელოდება. მისი მეუღლე ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. ნინოსა და გუგას, როგორც ორ ხელოვანს, ერთმანეთთან საერთო გადაკვეთის წერტილები აკავშირებთ. წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა ქორწილს ბავშვის გაჩენის შემდეგ გეგმავენ…

ნინო მუმლაძემ თავისი ემოციები fortuna.ge-ს გაუზიარა.

ნინო, როგორ მიმდინარეობს თქვენი ორსულობა?

ნინო მუმლაძე:

ფეხმძიმობა მიმდინარეობს ყოველგვარი გართულებების გარეშე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა. ექვსი თვის ორსული ვარ.

რომ დაგირეკეთ ინტერვიუსთვის,, სპექტაკლი ახალი დამთავრებული იყო და როგორც ჩანს, ენერგიული და აქტიური ხართ…

ახლა სპექტაკლიდან მოვდივარ. სულ გადარბენებზე ვარ, იმავე რეჟიმით ვცხოვრობ, რაც ფეხმძიმობამდე მქონდა. ერთადერთი, რაც მიჭირს, ფეხსაცმლის შეკვრა და იატაკის მორეცხვაა (იცინის). გარდა ამ სიძნელეებისა, როგორც ვიდექი სცენაზე, ისევ ისე ვდგავარ.

ელოდით, რომ ასეთი აქტიური იქნებოდით?

სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგებიც მერვე თვემდე დგანან სცენაზე. დედაჩემსაც საკმაოდ მარტივი ორსულობა ჰქონდა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს აღქმებზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ართულებენ და და მერე რეალურადაც პრობლემები ექმნებათ. მე მარტივი აღქმის მომხრე ვარ, არც ტოქსიკოზი მქონია.

ბავშვის სქესი უკვე ცნობილია თქვენთვის?

კი, ბიჭს ველოდებით.

სახელიც გექნებათ უკვე შერჩეული…

აი, სახელზე მე და ჩემს ქმარს გვაქვს სერიოზული ამბავი. ვერაფრით ჩამოვყალიბდით მე და ბავშვის მამა (იღიმის). საბოლოო ჯამში რა იქნება, არ ვიცი. ბევრ სახელზე ვიფიქრეთ, ბევრი ვარიანტი ჩამოვყარეთ, არ ვკამათობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც შევთანხმდით.

თქვენი რჩეულის შესახებ გვიამბეთ, სად გაიცანით ერთმანეთი?

საერთო მეგობრების წრეში, თუმცა ერთად ვართ 2022 წლის ბოლოდან, ზამთრიდან. თითქმის ორი წელი შესრულდება ჩემი მეუღლე არის მხატვარი გუგა გოგინაშვილი…

ორი ხელოვანი ერთ ოჯახში…

ნამდვილად ასეა, რადგან გუგა თავისი აზროვნებითა და საუბრით ხელოვანის ნატურაა. სხვა თუ არაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილი ნიჭიერი და ხუჭუჭა იქნება (იცინის).

სანამ მე და გუგა ურთიერთობას დავიწყებდით, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინ ქორწინებაში იყო. გოგო ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მერე მეუღლეს გაშორდა და სპონტანურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მისმა და ჩემმა მარტოსულობამ გვაპოვნინა ერთმანეთი ალბათ.

ჩვენი ემოციური ფონი, დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ მსგავსია, მხატვარია, არ არის მსახიობი, მაგრამ როცა სცენაზე ვდგავარ ან სხვას უყურებს სცენაზე, ისეთ ზუსტ შეფასებებს იძლევა… ბევრ რამეს ერთნაირად აღვიქვამთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ საერთო ენაზე ვსაუბრობთ და გვესმის ერთმანეთის, არ ვზოგავთ ემოციების გამოხატვას, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ ძუნწები…

უკვე ოფიციალურად დაქორწინდით?

ჩვენი ნიშნობიდან ძალიან მალევე დაიწყო მუცელმა გაზრდა (იცინის), წონაში მატება დავიწყე და მივხვდი, რომ მინდა ქორწილი, სადაც იქნება ლამაზი ფოტოები, მინდა, ლამაზი პატარძალი ვიყო. ახლა კი ბევრად სხვა რამეა პრიორიტეტული. უბრალოდ სიმბოლურად ხელის მოწერას, გადავწყვიტეთ გადავდოთ, ბავშვის ნათლობას მომავალ წელს გადავიხდით და ჯვარსაც დავიწერთ. ისე, ჯერ ხელის მოწერა გვინდოდა და შემდეგ ბავშვი, მაგრამ ასე გამოვიდა…

ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს დაოჯახებას და ორსულობას?

ძალიან დადებითად შეხვდნენ. მეც პატარა აღარ ვარ, 39 წლის ვარ. დედაჩემი უკვე დიდი ხანია, ნატრობს შვილიშვილს. დედაც უკვე ასაკშია, დეიდაც და ჩემს შვილს ორი ბებია ეყოლება, დეიდაც დედასავით მყავს. ამ ასაკში ეს ამბავი მათთვის დიდი სიხარულის საბაბი იყო, ძალიან მიწყობენ ხელს. მე და გუგა ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მოდიან, მეხმარებიან ძალიან.

ბავშვის შეძენის შემდეგ, როგორც ჩანს, დამხმარეები არ მოგაკლდებათ…

დედისა და დეიდის გარდა, გუგას დედის იმედი მაქვს, ყველა შვილიშვილი თავად გაზარდა, მისთვის უკვე მეოთხე შვილიშვილი იქნება. ორივე ოჯახისგან დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს. სანერვიულო, ამ თვალსაზრისით არაფერი მექნება. ისიც ვიცი, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას ჩვეულებრივად შევძლებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g