LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ოთო ნემსაძემ 32 წლის წინ დაკარგული ბიძაშვილი იპოვა: „ძალიან ჰგავს ცხონებულ ბიძაჩემს და ჩემს ძმას. რომ შეხედავ, ქართველია…“

3155
d27cdc76-21dd-4940-8a30-8ddcbf5792f8

ოთო ნემსაძის ცხოვრებაში ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მან 32 წლის წინ დაკარგული ალალი ბიძაშვილი იპოვა, მამის, ბადრი ნემსაძის ძმისშვილი. როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა, ამას fortuna.ge-ს ექსკლუზიურად უყვება.

ოთო ნემსაძე:

ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მე ვიყავი ალბათ ერთი წლის, არ მახსოვს… ჩემი ძმა დაბადებულიც არ იყო. ბიძაჩემს ჰყავდა მეუღლე და შვილი, ცხოვრობდნენ რუსეთში. როცა ბიძაჩემი გარდაიცვალა, მაშინ ბავშვი ჩამოიყვანეს დაკრძალვაზე, შემდეგ კი უკან, ციმბირში გაემგზავრნენ, სადაც ჩემი ბიძაშვილი დაიბადა და იზრდებოდა. სანამ 5 წლის გავხდებოდი, გვქონდა სატელეფონო კონტაქტიც და წერილების საშუალებითაც, ფოსტით. მახსოვდა და მასაც ვახსოვდი… ჰყავდა ქართველი ნათლია, რომელსაც ყველა ჩვენგანი იცნობდა, თუმცა იმ წლებში რომ რთული იყო საზღვარგარეთ დაკავშირება, ალბათ, ამას ახსნა არ სჭირდება…

სადღაც 5 ან 6წლის ვიყავი, როდესაც ბიცოლაჩემი და ჩემი ბიძაშვილი ჩვენი ცხოვრებიდან გაქრნენ, არ იძებნებოდნენ არც მისამართზე, არც ტელეფონის ნომრით. ეს ჩემი ოჯახისთვის ძალიან სევდიანი ამბავი იყო. ჩემი ალალი ბიძაშვილია… მამა ძალიან განიცდიდა, ჩვენი სისხლი და ხორცია…

რამდენ ხანს არ გყავდა ნანახი?

ნანახი არ მყავდა 32 წელი, 27 წელი აქედან კონტაქტზე არ ვყოფილვართ. სამი წლის წინ გადავწყვიტე, რომ მეპოვა, მომივიდა იდეა, გამეკეთებინა „ოდნოკლასნიკები“ და სწორედ ამ სოციალური ქსელის საშუალებით ვიპოვე ეს ქალბატონი. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს და მის გვარზეა. მისი მეუღლეც გავიცანით.

წარმოიდგენდი, რომ მოძებნიდი?

ვიცოდი, რომ სადღაც ოდესღაც ვიპოვიდი, თუმცა მანამდე თავში აზრად არ მომდიოდა, რომ „ოდნოკლასნიკები“ გამეკეთებინა და სახელით მეძებნა, სვეტლანათი. შვიდი დღე ვეძებდი და ბოლოს მამაჩემმა, ბადრიმ იცნო ფოტოზე. მერე თავად სვეტლანას მივწერე, მიპასუხა, იოსები უკვე დიდი ბიჭია და შეგიძლია, თავად მისწეროო…

და კომუნიკაცია შედგა?

„ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“. ძალიან მიხარია, რომ ბებიამ მოასწრო და სანამ გარდაიცვლებოდა, იოსებს ესაუბრა. ბებია ამ ამბავს ძალიან განიცდიდა და მოვასწარით, რომ გასაუბრებოდა… ბავშვი ძალიან ჰგავს ცხონებულ ბიძაჩემს და ჩემს ძმას. რომ შეხედავ, ქართველია… ერთი წლით ჩემზე პატარაა. იოსები ჰქვია, მაგრამ იოსკას ეძახიან.

როგორი იყო პირველი შეხვედრა?

2019 წელს „ევროვიზიაზე“ რომ ვიყავი ჩასული, მაშინ ვნახე ისრაელში. ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც, იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა მისთვის ადვილი არ იქნებოდა… სრულიად უცხო გარემოშია გაზრდილი. ალბათ, იცოდა და ბავშვობიდან ახსოვდა რაღაცები, მაგრამ მაინც ძნელია. ეს ეტაპი გავიარეთ და მთავარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ბიძაშვილს დაუძახებ თუ მეგობარს, მთავარია ის, რომ ერთმანეთი დაკარგული არ გვეყოლება…

საქართველოშიც ხომ არ ყოფილან ჩამოსულები?

დედასთან ერთად ახლახან იყო ჩამოსული. შევეცადეთ, ამ ხუთი დღის განმავლობაში მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. გვყავდა ბათუმში, რამე ღირსშესანიშნაობა თუა საქართველოში, ყველაფერი დავათვალიერებინეთ. სამსახურის გამო მეტი ხნით ვერ გაჩერდნენ, თუმცა დაგვპირდნენ, რომ უფრო დიდი ხნითაც ჩამოვლენ. მანამდეც აპირებდნენ ჩამოსვლას, უფრო დიდი ხნით, მაგრამ ომი დაიწყო და ფრენები გადაიდო.

როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

ჩვეულებრივად. სულ არსებობდა ეს ადამიანი და არსად წასულა, არც დამიკარგავს არასდროს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მამაჩემს, ბადრის მიეცა საშუალება, რომ თავის ძმისშვილს შეხვედროდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g