LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: „რაც ასაკი მემატება, კონიაკივით ვარ, უკეთესი ვხდები…“ – სოფო ბედიამ დაბადების დღე ქალაქგარეთ სიმღერის პრემიერით აღნიშნა

2965
სოფო ბედია

სოფო ბედია 21 იანვარს იუბილარი გახლდათ. მან მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, ვიწრო წრეში, ქალაქგარეთ აღნიშნა საკუთარი დაბადების დღე, რომელიც ძალიან უყვარს. იუბილარს თამარ ყვავაძის ჟოლოსფერი კაბა ეცვა, რომელთანაც ხშირად თანამშრომლობს სასაცენო კოსტიუმებთან დაკავშირებით. „მთელი საღამო არ გავჩერებულვარ და არ დავმჯდარვარ. გამთენიას დავიშალეთ… მინი სოლოკონცერტივით ჩავატარე… “ – აღნიშნავს fortuna.ge-სთან საუბრისას მომღერალი, რომელიც არც ასაკს მალავს და თავს შესანიშნავად გრძნობს.

ამბობენ, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან…

რატომ? მე არ ვმალავ, 41 წლის გავხდი.

როგორია შეგრძნება, როცა 40-ს უკვე გადააბიჯე?

ასაკის შეგრძნებასთან ერთად, თავიდან 4-იანის ცოტა მეშინოდა, როცა შარშან 40 წლის გავხდი. მაინც არ არის სასიამოვნო, პირველად რომ გადააბიჯებ სამიანს, მაგრამ პირიქით, უფრო შემართებით და უფრო ახალგაზრდულად ვარ. რაც ასაკი მემატება, კონიაკივით ვარ, უკეთესი ვხდები, ვძველდები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მთავარია, ენერგიული და პროდუქტიული, შემოქმედებითი და ჯანმრთელი ვიყო. მიზანდასახული ისედაც ვარ და ეს თვისება ჩემში არ იცვლება.

როგორ აღნიშნე დაბადების დღე?

მთელი გულით და სულით იყვნენ ჩემთან ერთად ის ადამიანები, ვინც მიყვარს. ვიწრო წრეში გავატარეთ ფანტასტიკური დრო, კოლეგიალურ, მეგობრულ, ოჯახურ ატმოსფეროში, . 30 კაცს ვეძახი ვიწრო წრეს. ზოგადად, მიყვარს პომპეზურად დაბადების დღის აღნიშვნა. ეს დღე ძალიან მიყვარს და რაღაცა ფორმით უნდა ვიყო „აღნიშნული“(იცინის). მწამს და მჯერა, იმ დღეს, როცა ამქვეყნად მოვევლინეთ, ბევრი პოზიტივი და კარგი ამბავი უნდა მოხდეს, რომ მთელი წელი პოზიტიურად განვლო. ჩემთვის დაბადების დღე ბედობასა და ახალი წელივით არის. ყოველთვის მინდა, პოზიტიური ხალხი დავიბედო…

ვიწრო წრეში რატომ გადაწყვიტე წელს აღნიშვნა?

განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია, უბრალოდ, ასე მოხდა. ქალაქგარეთ მივდიოდით და იქ გადაწყდა აღნიშვნა, ვინც შეძლო წამოსვლა, ისინი დაესწრნენ. ისეთი ადამიანები მყავდა ჩემ გვერდით, ვინც ვიცი, რომ გულწრფელად ჩემი მეგობრები არიან და ძალიან სუფთა ურთიერთობები გვაქვს, ეს არ არის მხოლოდ კოლეგიალობა. ვინც ჩავთვალე საჭიროდ, ის დავპატიჟე, თუმცა ბევრი ფიზიკურად ვერ წამოვიდა…

ამ დღემ რომ ჩაიაროს კარგად, ეს არის ჩემი ყველაზე საჩუქარი, მყავდეს ის ადამიანები გვერდით, ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ. მერწყულები ვართ ძალიან მეგობრულები და ოჯახივით გვყავს სამეგობრო. გამართლებულია, რასაც ამბობენ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე.

შვილებმა როგორ მოგილოცეს?

ჩემს მეგობართან ვიყავი, იქ შევხვდი დაბადების დღეს და როგორც კი გადასცდა თორმეტს, ანდრიამ ვიდეო ჩაწერა, დახატა გულები, მინდა, რომ წარმატებული იყოო. ძალიან ბედნიერი გავხდი. შვილებისგან მოლოცვა სხვა ბედნიერებაა, ჩემმა უფროსმა ნიკოლოზმაც მომილოცა…

ამ ერთი წლის განმავლობაში რა გაქვს ჩაფიქრებული, რა გეგმა გაქვს შემდეგ დაბადების დღემდე?

ჩემს დაბადების დღეზე ჩემი სიმღერის პრემიერა შედგა, რომლის მელოდიის ავტორი გახლავთ კაკი ბოლქვაძე, ტექსტი ეკუთვნის თამარ უჯმარუჯიძეს, არანჟირება: ცირა ბზიშვილს. ამ სიმღერაზე იგეგმება განაცხადი-კლიპის გადაღება. ეს არ იქნება მხოლოდ ხედების და კაბების დემონსტრირება, ვიდეორგოლი იქნება ძალიან ღრმა შინაარსის მატარებელი. „შენი მჯერა“ – ასე ჰქვია სიმღერას. მის შესრულებას ჩემს დაბადების დღეზე დიდი ოვაციები მოჰყვა. ბედნიერი ვიყავი, რომ პირველად ვასრულებდი ამ სიმღერას და მაინტერესებდა ჩემი კოლეგებისა და მეგობრების შეფასებები. ეს იყო გულწრფელი შეფასება – ძალიან თბილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ სიმღერაზე ძალიან მალე უნდა დაიწყოს გადაღებები. შესაძლოა, რადიო ან სატელევიზიო პრემიერა მანამდე გავაკეთოთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g