LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: რატომ დაბრუნდა ვენიდან საქართველოში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად თაკო გაჩეჩილაძე: „რაც გავთხოვდი და ბავშვები გავაჩინე, მუსიკაში ძალიან ცოტა რამ გავაკეთე, ეს ჩემთვის დიდი დანაკარგია… დედა სულ მეჩხუბებოდა, უნდოდა, სიმღერას დავბრუნებოდი…“

4950
თაკო (1)

უკვე დაახლოებით ორი წელია, რაც მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. „ევროვიზიაში“ მონაწილეობა მისთვის გადამწყვეტი იყო პირადი ცხოვრების კუთხით, რადგან იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ბულგარელი კომპოზიტორი ბორის მილანოვი, რომელთანაც ოჯახი შექმნა. წყვილს ორი შვილი შეეძინა და 5 წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდნენ, თუმცა თაკომ საზღვარგარეთ ვეღარ გაძლო და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში ადარდებდა, ეს უყურადღებოდ დატოვებული სასიმღერო კარიერა იყო, თუმცა ამ მიმართულებით გეგმები აქვს, რომლის შესახებაც fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრება…

თაკო, შენთვის ერთგვარი სიახლე, რომ ტელეწამყვანი გახდი… როგორი გამოცდილებაა ეს?

უკვე წელიწადზე მეტია, მიმყავს „გვიანი დილა“ „პოსტივიზე“. ბავშვობიდან ეკრანთან მაქვს შეხება და ეს ნამდვილად არ ყოფილა პრობლემა, საბავშვო გადაცემები რამდენიმეჯერ წამიყვანია, „202“-ზე ასევე მიმყავდა გასართობი სტილის გადაცემა… მაგრამ თავიდან მაინც მქონდა დაძაბვის და ღელვის მომენტი. ნელ-ნელა უკვე ჩავდექი ფორმაში, მივეჩვიე, ძალიან კარგი ხალხი მყავს გარშემო, ერთი ოჯახივით ვარ, შესანიშნავი ენერგია ტრიალებს, ტელევიზიაში მისვლა ძალიან მსიამოვნებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი მთავარი საქმე, უფრო მეტად, ალბათ – ჰობი.

სიმღერასთან და ამ მხრივ შენს კარიერასთან დაკავშირებით არის რაიმე სიახლე?

ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ტელევიზიითაც გამოვსულვარ და უამრავი კონცერტიც ჩამიტარებია, მაგრამ რაც გავთხოვდი, ბავშვები გავაჩინე და ვენაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი ვცხოვრობდი, ძალიან ცოტა რამ გავაკეთე სიმღერასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დანაკარგია, თუმცა ამასობაში ვენაში ჩემი ქმრის მიერ დაწერილი სიმღერები ჩავწერე (თაკოს მეუღლე ბულგარელი კომპოზიტორი ბორის მილანოვია – ავტ. შენ.). ეს სიმღერები უკვე რადიოშიც ტრიალებს, Spotify-ზე და Apple Music-ზეც ავტვირთე. ინგლისურენოვანი სიმღერებით საქართველოში დიდად ვერ დავუბრუნდები ესტრადას, რადგან ქართველ ხალხს, და ეს ძალიან ლოგიკური და ბუნებრივია, მაინც ქართული სიმღერა მოსწონს. ამ წლის ბოლოდან, ან მაქსიმუმ ახალი წლიდან დავუბრუნდები ქართულ სიმღერას. ჩემი ქმრის დაწერილი სიმღერები ძალიან მომწონს, მაგრამ ეს ალბათ, უფრო სხვა სეგმენტისთვის არის დაწერილი. რასაკვირველია, ვიფიქრე, რომ ქართული ტექსტები გადამედო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მოუხდება, უნდა მოვსინჯოთ.

უკვე იცი, რომელ კომპოზიტორებთან იმუშავებ?

იმდენი კარგი კომპოზიტორი გვყავს, რომ შემიძლია, ავირჩიო და მათთან ვიმუშაო. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ სიმღერებს დამიწერენ.

კარიერასთან დაკავშირებით გულისწყვეტა აღნიშნე. რა თქმა უნდა, შენთვის შვიდწლიანი პაუზა ყველაზე მეტად სანანებელი იქნებოდა, მაგრამ კიდევ ვინ იყო შენს გარემოცვაში, ვისაც მსგავსი გულისწყვეტა ჰქონდა?

რა თქმა უნდა, დედაჩემი, რომელიც ბავშვობიდან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. „ბასტი ბუბუშიც“ დედა მატარებდა. სიმღერაზე ჩემი ტარება მამასგან არ მოდიოდა, მამა ფიქრობდა, რომ ჯობდა მემეცადინა… მას უნდოდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მიმეღო განათლება და გამოვსულიყავი პროფესიონალი. სხვათა შორის, ახლახან ჩავაბარე კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, სტუდენტი ვარ (იღიმის).

დედა მამას ეუბნებოდა, რომ კლასიკური განათლება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, მაგრამ მე უნდა მემღერა, რადგან ამისთვის ვიყავი დაბადებული. მართალიც იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ყველაზე ძალიან თინას სწყდებოდა გული, ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა, რასაკვირველია, ძალიან უხაროდა, მაგრამ არ მოსწონდა, რომ სიმღერას თავი დავანებე. ძალიან მეჩხუბებოდა… ახლა სულ მახსენდება მისი სიტყვები, რაღაც გააკეთე, ჩაწერე, გამოდი, იმღერეო… დღეს არა, ხვალ, ხვალ არა, ზეგ – ასე ვეუბნებოდი და გაიწელა რამდენი წელი… ახლა, როცა ბავშვები წამოიზარდნენ და აღარ არის ისეთი კრიტიკული მდგომარეობა, რომ სახლიდან გარეთ ვერ გავიდე, მადლობა ღმერთს, უკვე შესაძლებელია სიახლეებზე ფიქრი სიმღერის კუთხით…

ეს რამდენიმე წელი, რომელიც, როგორც თავად ამბობ, კრიტიკული იყო, როგორ გადაიარე?

ვენაში ცხოვრებისას ძიძა აქედან მყავდა წაყვანილი, როცა ჩვენს ძიძას ვიზის ვადა გასდიოდა, იქაური ძიძებიც მოგვყავდა. რაღაც პერიოდები იყო, როცა დამხმარეს გარეშეც ვიყავი. კი, ჩემი ქმარი მეხმარებოდა, მაგრამ ორი ბავშვი სახლში… დედას ვეკითხებოდი, როგორ მოახერხე დახმარების გარეშე ჩვენი გაზრდა, მასწავლე, რა ხერხი, ტექნიკა და საიდუმლოა, მარტო დედები რანაირად ზრდიან შვილებს. ადამიანს აღარ ვგავდი… ვერაფერს ვასწრებდი, რა სიმღერაზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, ჩემი შვილები მიყოლებით გავაჩინე, გაბრიელა 5 წლისაა, ელია – 4-ის. ბოლოს ვთქვი, წარმოუდგენელია, ასე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მამის მარტო დატოვებაც არ გამოვიდოდა, ჩამოვედი ვენიდან საცხოვრებლად თბილისში… შეიძლება, ბევრმა არაადეკვატურად ჩამთვალოს, მაგრამ მაინც ჩემს ქალაქში ცხოვრება მირჩევნია. ბევრად კარგად ვგრძნობ თავს აქ… არავინ ჩამომართვას უტვინობასა და უსუსურობაში… ვენა არის ულამაზესი ქალაქი… ცხოვრების უმაღლესი დონეა. სხვათა შორის, ძალიან მინდოდა, ჩემი შვილები ვენაში გამეზარდა, მაგრამ ძალიან ცივი ხალხია, არ არის ურთიერთობები, არავის აინტერესებს, რა გაწუხებს და რა გინდა, მას თავისი საქმე აქვს და ნახვამდის… შვიდ საათზე ყველაფერი იკეტება. რომ დაბერდები, ალბათ, მერე უნდა გადახვიდე ვენაში და იქ იცხოვრო. ახალგაზრდა ადამიანისთვის ვენა ცოტა მოსაწყენი ქალაქია, მე უფრო მეტად დრაივი მომწონს, თან, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ღამის სამ საათამდე ან კონცერტზე რომ ხარ ან სტუდიაში, შვიდ საათზე რომ ყველაფერი იკეტება და უნდა წახვიდე და დაიძინო, ეს მისაღები ვერ იქნება…

მეუღლეს არ ჰქონია პროტესტი, როცა ვენიდან თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტე?

არ ჰქონია პროტესტი, რადგან გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა. როცა ჩამოვედით, ცოტა ხანში კი დაიწყო საუბარი, როდემდე უნდა იყო მანდო, მაგრამ ვუთხარი, რომ ძალიან დიდი ხანი ვენაში დამბრუნებელი აღარ ვარ (იღიმის). კი, ქმარი გვერდზე გყავს, მაგრამ სულ მარტო ხარ მაინც, არავინ არ გყავს გვერდში, არც დედა, არც მამა, არც და, არც მეგობარი, არც მეზობელი, არც ნათესავი…

ყველაზე მეტად რა გენატრებოდა, როცა ვენაში ცხოვრობდი?

თინეიჯერობისას ვამბობდი, ოღონდაც საქართველოდან წავიდე და სადმე სხვაგან ვიცხოვრო. ალბათ, რა ბედნიერი ვიქნები-მეთქი… ლამაზად მქონდა დამახსოვრებული ევროპა, სადაც სტუმრად ჩავდიოდი და მერე ისევ საქართველოში ვბრუნდებოდი. ეს ვის შეიძლება, არ მოეწონოს, ჩახვალ, დაისვენებ, იშოპინგებ, გაერთობი და წამოხვალ. როცა საცხოვრებლად გადადიხარ, ეს სულ სხვა გამოცდილებაა. მენატრებოდა აბსოლუტურად ყველაფერი. ანძაც კი მენატრებოდა, აივნიდან რომ გავსულიყავი და შემეხედა (იღიმის).

ემიგრანტული ცხოვრება გამოიარე…

ნამდვილად გამოვიარე და მივხვდი, რომ ეს არის ძალიან რთული. ყველა ემიგრანტის მდგომარეობაში შევდივარ და ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას. ეს არის ძალიან რთული გზა… მე არაფერი მაკლდა, გავთხოვდი, სახლი და კარი დამხვდა, არაფერი საბრძოლველი არ მქონია, შვილებთან ერთად ვცხოვრობდი ლამაზ ქალაქში. იქ წასვლა ყველაფრის გარეშე და წვალება… რით შეიძლება ეს ხალხი ანუგეშო, არც კი ვიცი. ბავშვობიდან რომ წახვიდე, თუნდაც თინეიჯერობიდან, ალბათ, ასეთი მტკივნეული არ იქნება… 35 წლის ასაკში რომ გადადიხარ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, ვერანაირად ვეღარ შეიცვლები და ვერ შეეგუები სხვის მენტალობას. ჩემი მენტალობა ძალიან შორს არის ავსტრიელისგან.

თუმცა მეუღლე უცხოელი გყავს… ალბათ, თქვენს მენტალობას შორისაც არის დიდი სხვაობა. ამას როგორ ეგუებით?

ძალიან განსხვავდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრ რამეშიც ვუგებთ ერთმანეთს. ისე ვერ დაელაპარაკები, როგორც ქართველს და ვერ აუხსნი, თუმცა სხვა პლუსები აქვს…

შენი გამოცდილებით, რა სირთულეები ახლავს შერეულ ოჯახს?

ალბათ, პარტნიორსაც გააჩნია. მენტალურად კი განვსხვავდებით, მაგრამ კარგი ადამიანია. შერეული ოჯახი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როცა ის სიყვარულით არის შექმნილი. დღეს არ ვიცი, როგორი სიტუაციაა, მაგრამ დედაჩემისგან რაც მესმოდა, ქართველი კაცისგან გამორიცხული იყო ის, რასაც ჩემი ქმარი აკეთებდა. ღამენათევს რომ მაძლევდა საშუალებას, დამეძინა, უცვლიდა ბავშვს პამპერსს და რძეს უკეთებდა. ამას, ალბათ, ბევრი ქართველი კაცი არ გააკეთებს, გეტყვის, შენ თვითონ გააკეთეო. ევროპაში მამაკაცი ასე ქალს ვერ ეტყვის და არც ქალი არ გააბედვინებს ამას. ევროპაში უფლებები ისეა დაცული, რომ ქალი და კაცი ნამდვილად თანასწორია. ეს მომწონს ევროპაში და არ მომწონს საქართველოში. ქალიც და კაციც ორივე ადამიანია, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ სქესის გარდა. ქალმა ცხრა თვე ბავშვი მუცლით ატარა, დაიტანჯა, ექიმებთან იარა, იმშობიარა… და ამ დროს კაცი რომ ეუბნება, ადექი და ამ ბავშვს მარტო შენ მოუარეო, ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. მაგალითად, მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ქმრის, ძალიან მედგა გვერდში. სადმე რომ მივდიოდით და რომ მინდოდა ლამაზი კაბის ჩაცმა, ცოტა ამოღებულის ან მინის, როგორიც მე მომწონს, პრობლემა არასდროს მქონია, რაც გინდა ჩაიცვი. ან მეგობრებთან ერთად რომ წავიდე და დავურეკო ჩემს ქმარს, აქ ვარ და ღამის პირველამდე ვერ მოვალ-მეთქი, არა უშავს, იყავიო, მიპასუხებს. არ არიან დაკომპლექსებულები ისე, როგორც ქართველი მამაკაცები. რანაირად შეიძლება, ზრდასრულ ქალს მამაკაცმა მიუთითოს, რა როგორ უნდა გააკეთოს. ჩემს გოგონას ასე ვასწავლი, კაცმა არასდროს უნდა დაუწესოს, რა უნდა ჩაიცვას, სად და ვისთან ერთად უნდა წავიდეს. ასეთი დისკრიმინაცია მიუღებელია. ევროპაში კაცი არ თვლის, რომ შენ მასზე ნაკლები ხარ… ეს არის ძალიან დიდი პლუსი. ამასთან, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობაც არის. არ არსებობს, როცა შვილს სჭირდება, ჩემი ქმარი არ ადგეს და რამე არ გააკეთოს. მისი ჩართულობა არის ძალიან დიდი, თანაბარივით არის, გეხმარება და გრძნობ, რომ შენი მეორე ნახევარი გაფასებს, უყვარხარ, ბავშვებიც უყვარს, გიჟდება მათზე და კარგი მამაა. ცოლის პატივისცემა სხვა რამეებში გამოიხატება. ჩვენი მშობლების თაობაში ასეთი მიდგომა არ იყო, ძალიან გამიხარდება, თუ დღეს სიტუაცია შეცვლილია და ქართველი მამაკაცები სხვანაირად ფიქრობენ…

აღნიშნე, რას ასწავლი შენს გოგონას. მათთვის ქვეყნების შეცვლა პრობლემა ხომ არ ყოფილა? როგორია შენი აღზრდის მეთოდები?

არა, რადგან კარგ დროს დავბრუნდით საქართველოში, მაშინ, როცა ლაპარაკი დაიწყეს. ქართულად ყველაზე კარგად ლაპარაკობენ. ჩემი მოსაზრებაა ასეთი, დედა რა ენაზეც საუბრობს, ბავშვმა ის ენა უნდა იცოდეს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და არავისი საქმე არ არის, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია. მე გავზარდე ბავშვები ქართულად, თუმცა მამამისს ბულგარულად ელაპარაკებიან. ინგლისურიც ისწავლეს ნელ-ნელა. მერე ალბათ ვენაში წავლენ და იქ ისწავლიან, გერმანულიც დასჭირდებათ. ასაკმა ძალიან შეგვიწყო ხელი ადაპტაციაში. ორი წელია, უკვე აქ ვართ და დიდი პრობლემები არ შეგვქმნია… კარგად მიეჩვივნენ აქაურობას და ძალიან მოსწონთ საქართველოში ცხოვრება. როგორც ყველა მშობელი, მათ ვასწავლი სიყვარულს, სიკეთეს, ზრდილობას, ღმერთი რომ სწამდეთ, ტრადიციები რომ არ უნდა დაკარგონ…

რომელიმე მღერის?

ორივე, მაგრამ სერიოზულად ჯერ არ გვიფიქრია ამ თემაზე.

გინდა, სიმღერას გაჰყვნენ?

შვილებს არაფერს დავაძალებ. თუ ადამიანს თავისი საქმე არ უყვარს, პროფესიონალი ვერ გამოვა. რაც მათ ენდომებათ, ის პროფესია აარჩიონ…

10 წლის თავზე, როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი, ცხოვრება?

წარმომიდგენია, რა თქმა უნდა, 50 წლის ასაკში როგორი ვიქნები. წარმომიდგენია ისეთი, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, ჩემი შვილები ჩემთან ერთად იქნებიან. არ ვიცი, ამ დროისთვის სად ვიცხოვრებთ, იმედია, საქართველოში… ოპტიმისტი ვარ, მჯერა, ისე ვიქნები, როგორც მე მინდა. ამას დაწვრილებით ვერ გაგიმხელთ, რა გეგმები მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მინდა იყოს მომავალში…

ინტერვიუ: ნინო მურღულია