LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორ აღმოჩნდა თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე და რატომ არ ეუბნებიან ქართველი ვარსკვლავები გამარჯობას: „ამხელა მხარდაჭერის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამე გამაჩერებს?!. ნეგატიურ კომენტარებზე რომ მენერვიულა, აქამდე ვერ მოვიდოდი…“

1278
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ მცირე ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე გაიბრწყინა. როგორც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, ორი თვით ადრე უკვე იცოდა, რომ მისი აკრედიტაცია ფესტივალზე დასასწრებად დადასტურებული იყო, მაგრამ არ გაახმაურა. მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, რომელიც კანის მოვლის პროდუქციას მოიცავს და უკვე იტალიაშიც შევიდა ბაზარზე, ცდილობს, კრიტიკას და განსაკუთრებით, ნეგატიურ კომენტარებს ნაკლებად მოუსმინოს და თავისი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდად იაროს. როგორც თავად გვითხრა, მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის დაგეგმილი…

თამო ვაშალომიძე:

არა მხოლოდ ვენეციის კინოფესტივალზე, არამედ ზოგადად, ამ სტილის ღონისძიებაზე დასწრება ყოველთვის მინდოდა. როცა დაახლოებით ორი თვის წინ აკრედიტაცია დამიდასტურეს და მიზეზი მაინტერესებდა – ალბათ, ჩემი ბრენდის Tamoskin-ის გარდა, რომელიც მილანში შედის და ძალიან მინდოდა, ის იქაური საზოგადოებისთვის გამეცნო, როგორც ვიცი, მოიხიბლნენ ჩემი სოციალური ქსელების ანგარიშებიც მოეწონათ, მათ შორის „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“. სიმართლე გითხრათ, ორგანიზატორებისთვის ასე პირდაპირ არ მიკითხავს, რატომ დამიდასტურეს აკრედიტაცია, თუმცა ვენეციის კინოფესტივალს მხოლოდ მსახიობები არ ესწრებიან, ბევრი ინფლუენსერი და სხვა სფეროს წარმომადგენელიც შეგიძლიათ იხილოთ, წითელ ხალიჩაზე… ალბათ, საქართველოში არ აქვთ ეს ინფორმაცია და ჰგონიათ, რომ მხოლოდ მსახიობები და რეჟისორები ესწრებიან.

ადრე, როცა რაღაც გეგმებს დავისახავდი და მათ შესახებ საჯაროდ ვსაუბრობდი, რაღაც ხელს მიშლიდა განხორციელებაში. ასევე ვარ მიწვეული ბევრ სხვა ღონისძიებაზე და მათ შესახებაც მას შემდეგ გაიგებს ფართო საზოგადოება, რაც ამ ღონისძიებებზე გამოვჩნდები, წინასწარ არაფერზე ვაპირებ საუბარს.

სხვათა შორის, ბევრი ბარიერი შემხვდა, სანამ ვენეციის კინოფესტივალზე ჩავფრინდებოდი. თან, ვემზადებოდი, მოწვევაც მქონდა და ვიცოდი, რომ მელოდებოდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. ფრენის დღეს ტურისტულმა დაგვირეკა, ფრენა გაუქმდაო. ჩემმა მეუღლემ გადაცვალა ბილეთი. 4-ში უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი, რადგან დავსწრებოდი ფილმის ჩვენებას, გამეცნო დამსწრე საზოგადოება, 5-ში მქონოდა შეხვედრები და 6-სთვის მოვმზადებულიყავი. რადგან უძილო გახლდით, გადაჯდომისას ვერ მივუსწარი თვითმფრინავს, რადგან ჩამეძინა (იცინის). ჩემს ფოტოგრაფსაც ანალოგიური რამ დაემართა, საერთოდ გაუუქმდა ფრენა და დააგვიანა ჩამოსვლა. ორი დღე ჩავდიოდი და თან, მეცინებოდა (იცინის).

მოგვიყევი, როგორი დღის გრაფიკი გქონდა, როცა ვენეციის კინოფესტივალზე ჩახვედი და როგორ მოემზადე წითელი ხალიჩისთვის… არ ნერვიულობდი?

ჯერ ფსიქოლოგიურად მოვემზადე და მერე ყველაფერი სხვა დანარჩენი მოვიფიქრე (იღიმის). მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი. ასეთ ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები, ბლოგერები და ინფლუენსერები ესწრებიან და შენ არ გიცნობენ, ყოველდღე ისე უნდა წარდგე, არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, რომ თავი დაამახსოვრო. როდესაც საქართველოს დროშა დავინახე აფრიალებული, სხივი ამენთო გულში. მინდოდა, გაეგოთ, რომ ქართველი ვარ. წითელ ხალიჩაზე დროშის ფრიალი არ შეიძლება… რა დროც მქონდა, ყველანაირი რესურსი ჩავდე, რომ ყველას გაეგო, საიდან ვიყავი.

კაბასთან დაკავშირებით ბევრი იდეა მქონდა. მაკიაჟი და თმა გამიკეთა მარიამ კაციტაძემ. ჩემმა ფოტოგრაფმა გამაცნო ძალიან კარგი დიზაინერი, რომელიც მილანში მოღვაწეობდა და ახლა საქართველოშია, თემო ჩერი. ვნახე ბევრი ვიდეო, რა უხდება წითელ ხალიჩას, თურმე ყვითელ ფერს ნაკლებად იყენებენ და უგემოვნოდ მიიჩნევენ, თეთრისა და შავის გარდა, ნაკლებად უხდება წითელ ხალიჩას… ერთი თვე ფიქრში გავატარე. ვეღარ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მინდოდა, კაბას კორსეტი ჰქონოდა. წვრილი წელი მაქვს და ჩემს ფიგურას კარგად გამოყოფს. რა პლუსიც მაქვს, მინდოდა, ეს ყველაფერი კარგად წარმოჩენილიყო. საბოლოოდ, თეთრ კაბაზე შავი დეტალებით შეჩერდა არჩევანი.

როცა უკვე წითელი ხალიჩისკენ გავემართე და მანქანაში ჩავჯექი, ჩემს თავს ველაპარაკებოდი – ეს უნდა ყოფილიყო ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა, არ უნდა მენერვიულა, გადავლახე ეს მომენტი. ემოციებს ხელი არაფერში უნდა შეეშალა. როცა წითელ ხალიჩაზე გადავედი, ფოტოგრაფების დიდი ყურადღება დავიმსახურე. ჩემს ფოტოგრაფს არ ჰქონდა წითელი ხალიჩის აკრედიტაცია, მაგრამ იქ მყოფებმა უამრავი ფოტო გადამიღეს. დამხვდა აგენტი, რომელიც შლეიფს მისწორებდა და თავად კინოფესტივალის მხრიდან დამინიშნეს. მემსახურებოდა აგენტი, მძღოლი, სასტუმროდან წამოყვანა და მიყვანაც მათი მხრიდან იყო უზრუნველყოფილი.

კაბას ძალიან ლამაზი შლეიფი ჰქონდა მაგრამ მინდოდა, კარგად გაშლილიყო, დიდი ეფექტის მიღება მსურდა. ორასი ფოტოგრაფი მაინც იჯდა. უდიდეს ეკრანზე ჩანდა ყველა, ვინც წითელ ხალიჩაზე გადიოდა და გამოდიოდა. სანერვიულო იყო ის, რომ ლამაზად გამოვსულიყავი, ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ჩემი თავის გამოც ვღელავდი და ვფიქრობდი ქართველების კომენტარების გამოც, ერთი რამეც რომ შემშლოდა, ვიცი, ამას რა მოჰყვებოდა… ძალიან თავდაჯერებულად გამოვედი. ფოტოგრაფებს ძალიან მოვეწონე. შლეიფი რომ მოვიხსენი, ეგონათ, მომძვრა. დაცვამ მიმანიშნა, აიღეო, მე კი ვუპასუხე, არ ავიღებ-მეთქი. დაცვამ თავად აიღო შლეიფი და ამის მერე ფოტოგრაფებმა ტაში დამიკრეს, რომ მაინც ჩემი გავიტანე და შლეიფი თავად არ ავიღე (იცინის).

წავიღე უამრავი ბარგი, მგონი, იმაზე მეტი, რაც მჭირდებოდა (იღიმის). ვიდეო რომ დავდე, არ დამიწერია, რისთვის მივდიოდი და ჩემი გამომწერები გაოცდნენ, ამდენი ბარგი რად გინდაო. რომ ჩავედი, წვიმიანი დღეები დაემთხვა, წითელი ხალიჩა დახურული იყო და ვნერვიულობდი ამინდზე. ამინდის პროგნოზს ყოველ წამს ვუყურებდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა…

Tamoskin-თან დაკავშირებით დიდი შეხვედრა გქონდა. ამის შესახებ გვიამბე…

ვახშამზე იმ ადამიანებს, ვინც კოსმეტიკის თემას კურირებს იტალიაში, ჩვენი პროდუქცია გავაცანი. ონლაინ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ როცა უშუალოდ ქვეყანაში შეგაქვს, სხვანაირად უნდა გააცნო. იმაზე აღარ ვისაუბრებ, რომ ჩემს პროდუქციას ლიცენზია აქვს, რადგან როცა ის ქარხანაში მზადდება, თავისთავად აქვს ლიცენზია და ამაზე ზედმეტი საუბარი მეტიჩრობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მოეწონათ, ვისაუბრეთ იმის შესახებ, სად შემიძლია შეტანა. რამდენიმე ღონისძიებაზე მიმიწვიეს, რომ ჩემი ბრენდი გავაცნო. იტალიაში შესვლამდე მცირე დეტალების გავლა დაგვრჩა. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიწყე ევროპით. გული მწყდება, რომ საქართველოში არ მაქვს ყველა წერტილში ჩემი ბრენდის სტენდი და ძალიან მინდა, გავხსნა ბათუმში და კიდევ ორ რეგიონში. მომხმარებელი მწერს, რომ სურთ, ჩვენი სტენდები იხილონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ასეთი კომპანია, რომელსაც აფასებენ მომხმარებლები.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი ფილმის სპონსორი ვიყავი Tamoskin-ით. ჩვენი კომპანიის მხრიდანაც მოვიწვიეთ საზოგადოება და რა თქმა უნდა, მეორე მხარემაც მოიწვია ვარსკვლავები. ძალიან დამწყდა გული ერთი რამის გამო – ჩვენი მიწვეული სტუმრების გარდა, ჩემი ბრენდი არავინ მონიშნა სოციალურ ქსელებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით სპონსორები და რაც ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ისაა, რომ არათუ მონიშვნა, ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს, გამარჯობაც კი არ მითხრეს იმ ღონისძიებაზე. მე, ზოგადად, ასეთი მეწვრილმანე არ ვარ, მაგრამ როცა უცხოეთში გადიხარ, ევროპაში მიღებული ხარ და ყველანაირი ლიცენზია გაქვს, გაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, დაუფასებლობა ცუდად გხვდება გულზე, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გულში წყენას დიდხანს იტოვებს…

იმ ვარსკვლავებმა, მას შემდეგ, რაც ვენეციის კინოფესტივალზე გნახეს, ხომ არ მოგწერეს და მოგილოცეს?

რამდენიმე ინფლუენსერმა მომილოცა, მაგრამ იმ ვარსკვლავებს, ვინც ღონისძიებას ესწრებოდა, არაფერი მოუწერიათ და არც მოულოცავთ.

ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ყოველთვის ჩემთვის ვარ და შოუბიზნესის წევრებთან დიდად არ ვმეგობრობ, მაგრამ თუ გამარჯობას არ ამბობ, ჩემ დაფინანსებულ ღონისძიებაზე რატომ მოდიხარ? ეს არის ზრდილობისა და კულტურის ამბავი. ახლა აღარ ვნერვიულობ… ჩავიხედე სარკეში და ჩემს თავს ვუთხარი, თამო, რამდენი რამ გადალახე და ამაზე რატომ უნდა ინერვიულო-მეთქი. ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება მაშინ გეგმაშიც არ იყო.

ახლა რა გეგმები გაქვს?

მინდა, ვიშრომო და ჩემი სახელი დავტოვო. რომ მოვკვდები, ჩემგან რაღაც მინდა დარჩეს და ამისთვის ბევრს ვშრომობ. მინდა, წინ წავიდე ახალი მიზნებისკენ. ამ წელსაც გაიგებთ ბევრ სიახლეს და განსაკუთრებით დატვირთული იქნება 2025 წელი.

თამო, შენს ვენეციის კინოფესტივალზე გამოსვლას ბევრი პოზიტივიც მოჰყვა და ბევრი ნეგატივიც...

მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უთბილეს მესიჯებს მწერდა პირადშიც და კომენტარებშიც. რაც შეეხება „ჰეითს“, რომ მწერდნენ, არ ინერვიულოო, ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდნენ. ასეთ წვრილმანებზე რომ მენერვიულა, აქამდე ვერ მოვიდოდი. ტვინის ის უჯრედი, რომელიც ამაზეა ორიენტირებული, უბრალოდ, გათიშული მაქვს.

ერთ-ერთმა იტალიურმა გვერდმა დადო ვიდეო, სადაც ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლისთან ერთად, მეც ვარ. ამ ვიდეოს ყურებისას ვიტირე. წარმოგიდგენიათ, რამდენი ვარსკვლავი გამოდიოდა? და ვიდეოში, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, მეც მოვხვდი. გარდა ამისა, Holywood Reporter-ის იტალიურმა გამოცემამ ჩემი გამოსვლა „რილად“ დადო. ზუსტად ეს მინდოდა, რომ გამორჩეული ვყოფილიყავი. ცოტათი მაინც მივაღწიე ჩემს მიზანს. რომ გადავაზიარე ვიდეო, 25 000 ლაიქი ჰქონდა, სულ ქართველები ალაიქებდნენ და კარგ კომენტარებს მიწერდნენ. ასეთი მხარდაჭერის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამე გამაჩერებს, რომ ბევრი რამ არ გავაკეთო, არა მხოლოდ ჩემი თავისთვის, არამედ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის?!.. რაც ჩამოვედი, მას მერე ერთი დღეც არ დამისვენია.

მალე ბათუმში მივემგზავრები სტენდის სანახავად. ახლა უფრო მეტად გაასმაგებულად მაქვს მუშობის სურვილი. დავდივარ ინგლისურზე. კარგად არ ვიცი, მაგრამ შეხვედრაზე არც მაგის პრობლემა მქონდა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა შანსს იყენებს, ამიტომ გამოვედი და ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვისაუბრე და გავაგებინე ყველას ყველაფერი (იღიმის). ვფიქრობ, მალე ინგლისურის პრობლემაც არ მექნება და შემდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე დალაგებული ინგლისურით ვილაპარაკებ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მასალაში გამოყენებულია მატეო ტინტის ფოტოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g