LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: თიკა ჯამბურიას ცხოვრების ახალი ეტაპი: „ბევრი რამ გავბედე ისეთი, რასაც აქამდე ვერ ვბედავდი… გამოფხიზლების და ოცნებების ასრულების პერიოდი მაქვს…“

1823
page

თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია. გარდა იმისა, რომ მომღერალმა ჯანსაღ ცხოვრებას და რეჟიმს მიანიჭა უპირატესობა და შესანიშნავად გამოიყურება, მან ბენდიც შეკრა და დეკემბრის შუა რიცხვებში ახალი საავტორო პროგრამის პრეზენტაციასაც მოაწყობს. მომღერალმა თავისი კულინარიული შესაძლებლობები „მასტერშეფში“ გამოავლინა და ამბობს, რომ ამ ბოლო დროს ბევრი რამ გაბედა, რასაც ადრე ვერ ბედავდა…

თიკა, შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია და აშკარად ახალი ეტაპი. როგორია ეს ახალი ეპიზოდი?

გამოფხიზლების, ჩემი მიზნების ასრულების, ისეთი რაღაცების გაკეთების, რაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა და სიზარმაცე თუ სხვა რამ ხელს მიშლიდა. ამ ყველაფერს მინდა მოვერიო.

პირველი „წკაპი“ რა იყო, რომელი დღეა იყო ისეთი, როდესაც ადექი და თქვი, რომ სხვა ეტაპი გინდოდა ცხოვრებაში?

ასეთი ერთი დღე არ ყოფილა. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში. ისეთი დროს ხდება ისეთი რაღაცები, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.

ბევრი რამ მინდა გავაკეთოო, მოდი, ვთქვათ, რა არის ეს?

მარტივი დეტალებით დავიწყე – მთელი ცხოვრება მინდოდა მართვის მოწმობის აღება, ცოტა ხნის წინ ავიღე ძლივს (იცინის). თუნდაც ის, რომ „მასტერშეფში“ მინდოდა მონაწილეობა, სულ მეშინოდა და ვერ ვბედავდი.

აღმოვაჩინეთ შენი კარგი კულინარიული შესაძლებლობები… ეს ბევრმა არ იცოდა…

ეს არის ჩემი ერთ-ერთი ისეთი ჰობი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება მოაქვს. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა იციან, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიყვარს.

ვერ ვბედავდიო და ახლა რამ გაგაბედვინა?

რაც ასაკში შევედი, მშიშარა გავხდი. ახლა გადავწყვიტე, რომ დრო იყო, გადამედგა ეს ნაბიჯი და საკუთარი თავისთვის შემეძახებინა, დამემტკიცებინა, რომ შემიძლია. ამ ბოლო პერიოდში მართლა ისეთი რაღაცები გავაკეთე, რაზედაც დიდხანს ვოცნებობდი. შევკარი ბენდი. ესეც თავისით მოვიდა – „აკუსტიკაში“ შემიკრიბეს ბენდი, რომელთან ერთადაც სიმღერა უნდა გამეკეთებინა. ისე შევეწყვეთ, რომ შევთავაზე თანამშრომლობა და დამთანხმდნენ. სანთლით საძებნელი მუსიკოსები არიან. თითქოს ახლა ჩემი დროა, რომელიც კარგად უნდა გამოვიყენო…

გარეგნული ცვლილება… წონის დაკლების ამბავი ყველას აინტერესებს. როგორ მოახერხე ეს ამბავი?

ამ თემაზე უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკე. არ ვმალავ, როგორ მოვახერხე და მგონია, ეს უმარტივესია, ყველა ადამიანმა იცის, როგორ უნდა აკონტროლოს თავისი წონა. ადამიანები ეძებენ მარტივ გზებს და ფორმულებს, მაგრამ ეს მარტივი გზები არ არსებობს. უნდა აიყვანო საკუთარი თავი ხელში, დიდ დროზე უნდა გათვალო, შეცვალო შენი ცხოვრების სტილი და რეჟიმი, დიდ დროზე უნდა გათვალო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი რჩევა. ამდენი წელი ვცდილობდი მოკლე დროში დამეკლო. არ ვუჯერებდი გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა მცირე დროში დაკლება, რადგან მერე ორმაგად იმატებდი. ჯობია, თვეში დაიკლოთ ორი-სამი კილო, სწორი რეჟიმით იცხოვროთ, უფრო თვალსაჩინო და ეფექტური იქნება და უფრო დიდხანსაც შეინარჩუნებთ.

„მასტერშეფზე“ წერდი, ამ გასინჯვა-გასინჯვაში ისევ არ მომამატებინოთო…

არადა, „მასტერშეფში“ მონაწილეობისას უფრო გავხდი. იმ საჭმელს, რასაც იქ ვამზადებ, ვეღარ ვჭამ, თუ სადმე ვხედავ, ცუდად ვხდები, გაწიეთ, მომაშორეთ-მეთქი. ახლა ყველაფრის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, მაგრამ დოზირებულად. აღარ ვსტრესავ ჩემს თავს. თუ რამე მომინდა, მივირთმევ, მაგრამ მეორე დღეს განტვირთვას ვაკეთებ. მინდა, მთელი ცხოვრება ეს რეჟიმი შევინარჩუნო.

საქმიანობის კუთხით ყველაფერი კარგადაა… სიყვარულისთვის თუ სცალია თიკას?

არ მინდა ამ თემაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება. კი, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემი საუბრით ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…

დაბოლოს, რადგან ბენდი ახსენე, როდის უნდა ველოდოთ პირველ კონცერტს?

დეკემბრის შუა რიცხვებისკენ უკვე მზად გვექნება საავტორო პროგრამა, ჩემი სიმღერების ახლებური ვერსიებით და ახალი კომპოზიციებით. ძალიან მინდა, ბენდის საპრეზენტაციო კონცერტი გავაკეთოთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g