LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის მიმოიხილოს რამდენი იარაღია მკვლელობის საქმეში” – გამომძიებლების გამოკითხვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

215

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს -ამ წუთებში კომისის წევრები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ. კონკრეტულად კი გამომძიებელ ირაკლი ფიფიასა და თბილისის პოლიციის დეპარტეამნტის ხელმძღვანელს შალვა ბედოიძეს. კითხვები შეეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ჩატარდა და ხარვეზებს,  რომელებიც საგამოძიებო მოქმედებებისას გამოიკვეთა.

კომისიის სხდომა კამათის ფონზე  მიმდინარეობს. კამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამომძიებლებთან გამოიწვია დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები.

გამომძიებელი ირაკლი ფიფია აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. მისივე თქმით, მილიმეტრული სიზუსტით არის გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე და შედარებულია ორივე დანას.

როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული. ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სიღრმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს – გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო – სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული? სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა”, – განაცხადა ფიფიამ.

„ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის პასუხად, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ  განაცხადა, რომ ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში.როგორც  ბედოიძემ აღნიშნა,  გამოიკითხნენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე.

„კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია, რადგან მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა. მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24 საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოკითხნენ გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.

საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ისევ არ მისულა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა.

მან კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა.

mazda magti 5g