კომპანია „დედიკო“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია. ფინალში დედიკოსთან ერთად, „ტენე“ და „ლიდერი“ არიან.
სამი ფინალისტიდან ერთი, 17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-11 ფორუმზე წლის სოციალური საწარმოს ტიტულს მიიღებს.
„დედიკო“ ერთი წლის წინ შექმნილი სამკერვალოა, რომლის სოციალური მისიაა, საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და ქალბატონების, შესაბამისად, მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.
„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლიკა ჭიბოშვილი – სოციალური საწარმო „დედიკოს“ წარმომადგენელი საუბრობს.

– საკმაოდ დაძაბული კონკურსი იყო და თქვენი კომპანია სამ საუკეთესოს შორის მოხვდა. გილოცავთ და იმედია, ამ მარათონს ბოლომდე წარმატებით დაასრულებთ.
უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რას აწარმოებთ?
– წარმატება ჩვენთვისაც ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. სულ ერთი წელია, ვარსებობთ და ნომინანტთა სიაში „კონკურენტების“ გვერდით ჩვენი თავის აღმოჩენა, ძალიან დიდი სიურპრიზი იყო.
ძირითადად ჩვენ ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის ჩანთებს ვაწარმოებთ. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა აქსესუარებს, ქუდებს, და ა.შ.
– რამდენად იყიდება თქვენი პროდუქცია? ბიზნესმოდელი რამდენად მუშაობს?
– ბოლო დროს აპრობირებული მეთოდით ვმუშაობთ, საკუთარი სოციალური მედიასაშუალებებით ონლაინ გაყიდვებს ვაწარმოებთ. გარდა ამისა, ვცდილობთ მსხვილ სუპერმარკეტებში შევიდეთ, ნელ-ნელა გავფართოვდეთ და რაც შეიძლება მეტი მარტოხელა ქალბატონი და დედა დავასაქმოთ.
– ორიენტაცია ძირითადად გაქვთ მარტოხელა დედებისა და ქალბატონების დასაქმებაზე. თუ ფიქრობთ გაფართოებას და გაზრდას.
– ჯერჯერობით პატარა საწარმო ვართ. ამ ეტაპზე ექვსი ქალბატონი გვყავს დასაქმებული. ექვსიდან ორი უკრაინიდანაა.
ძალიან გვინდა და ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ უკეთესი ცხოვრების საშუალება და ვფიქრობთ, რომ მომავალში შეიძლება სხვა სეგმენტზეც გავიდეთ.
– სამომავლოდ რა სეგმენტზე ფიქრობთ გასვლას?
– რამდენიმე დღის წინ შემოთავაზება იყო, ხანდაზმული ადამიანებისთვის მასტერკლასები და ტრენინგები ჩაგვეტარებინა და იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ საშუალება, დამატებითი შემოსავლის წყარო გასჩენოდათ პენსიის გარდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მიზერულია.
– რამდენიმე სოციალური საწარმო ამ მიმართულებითაც მუშაობს და ეს ძალიან კარგია..
– ძალიან ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს, რომელსაც ჯერჯერობით ხმამაღლა არ ვამბობთ. ვფიქრობთ, რაც უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი შემოსავლები, მით უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებთ და მარტო ერთ მიმართულებაზე ორიენტირებული არ ვიქნებით.
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ცხოვრების პირობები გავუუმჯობესოთ.
– ჩვენ გვესმის მცირე ბიზნესებისგან, რომ ძალიან უჭირთ პროფესიონალი კადრების მოძიება. ყველგან შეგხვდებათ წარწერა, ვეძებთ მკერავს ან სპეციალისტს. თქვენთან რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
არიან დასაქმების მსურველები, ხომ არ გიჭირთ მათი მოძიება?
– ჩვენ არ ვეძებთ პროფესიონალ კადრებს. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებმაც კერვა საერთოდ არ იციან. ადგილზე ვასწავლით ყველაფერს. ნული გამოცდილებით მოდიან და ჩვენთან იძენენ ცოდნას.
მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ ისწავლოს და განვითარდეს.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არამარტო პროდუქტს ქმნით, არამედ კადრებსაც ზრდით.
რამდენად კარგად და სწრაფად ითვისებენ?
– ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ სწავლების მეთოდს. ჩვენთან იმდენად ბუნებრივი, მეგობრული და ოჯახური გარემოა, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ერთ კვირაში ახერხებენ სერიოზული დეტალების დამუშავებას.
– რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, გრანტებს, ამ მიმართულებით როგორი სიტუაციაა თქვენთან. დაფინანსების ძირითადი წყარო, რა თქმა უნდა, არის ის შემოსავალი, რასაც სამკერვალო გაყიდული პროდუქციიდან იღებს, მაგრამ საგრანტო დაფინანსება თუ გაქვთ, ან თუ ცდილობთ, მოპოვებას. სხვადასხვა ორგანიზაციები და ბანკები საგრანტო კონკურსებს აცხადებენ.
– ამ ეტაპისთვის არანაირ კონკურსში მონაწილეობა არ მიგვიღია. მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს სურვილი და შემდეგში მივიღებთ მონაწილეობას.
– როგორც ვიცი, ორი უკრაინელი დედა გყავთ დასაქმებული, ისინი ალბათ მიგრანტები არიან?
– საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
– როგორ მოვიდნენ თქვენთან, თუ თქვენ იპოვეთ? როგორ მოხდა მათთან დაკავშირება.
– ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ხოლმე განცხადებას და ამჯერად ისინი ამ განცხადების საფუძველზე ვიპოვეთ.
– როგორ მუშაობენ?
– ძალიან მონდომებულები და ყოჩაღები არიან. კარგად შევეწყვეთ გუნდი ერთმანეთს.
– მისასალმებელია, რომ თქვენ არამხოლოდ ქართველების, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიგრანტებზე, ფაქტობრივად ლტოლვილებზე ზრუნავთ და ასაქმებთ. ამ პერიოდში, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანაში არ არიან, ეს შემოსავალი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია.
– ნამდვილად და ქართულსაც ვასწავლით.
– წარმატებებს გისურვებთ, 17 ნოემბერს გავიგებთ, მოიპოვებთ თუ არა წლის სოციალური საწარმოს ტიტულს, თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, სამეულში გასვლაც საკმაოდ დიდი წარმატებაა.
ჩვენ კი სოციალური საწარმო 2022-ის სხვა ფინალისტებსაც გავიცნობთ შემდეგ გადაცემებში.