LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერდოღანი ძალიან სასაცილოა”: Charlie Hebdo თურქეთს გადაწვდა და კრიტიკა დაიმსახურა

229
630x356

თურქეთის მაღალჩინოსნები გმობენ ფრანგულ სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურას, რომელიც მათი განცხადებით, პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს შეურაცხყოფს.

კარიკატურა წარწერით „ერდოღანი ძალიან სასაცილოა“, ჟურნალმა „შარლი ებდომ“ გუშინ გამოაქვეყნა. მას თურქულმა მხარემ ამაზრზენი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება რასიზმსა და სიძულვილის გავრცელებას ემსახურება.

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა Twitter-ზე:
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ფრანგულ ჟურნალში ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას. ის არ სცემს პატივს რწმენას, სიწმინდეს და ღირებულებებს“.

 

 

შეგახსენებთ, სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ 2015 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის 5 კარიკატურისტი.
თავდასხმა უკავშირდებოდა ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებს, რომლებმაც ტერორისტების გაღიზიანება გამოიწვია.

რამდენიმე კვირის წინ პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში თავი მოკვეთეს მასწავლებელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსხვერპლი იყო ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც გაკვეთილზე – სიტყვის თავისუფლების შესახებ – მოსწავლეებს ასევე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. მკვლელი 18 წლის ჩეჩენი ახალგაზრდა იყო, რომელიც გაქცევისას პოლიციამ ჩაცხრილა.

აღნიშნულ მოვლენებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ისლამი მოიხსენია როგორც რელიგია, რომელიც „მსოფლიო კრიზისს“ განიცდის. შემდეგ თქვა, რომ დეკემბერში საფრანგეთის მთავრობა აპირებს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც გააძლიერებს 1905 წლის კანონის მოქმედებას. ამ კანონის მიხედვით, ეკლესია გამოყოფილია საფრანგეთის სახელმწიფოსგან.
ამ განცხადებების შემდეგ კი, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა მაკრონი მუსლიმების მიმართ პოზიციისთვის.
როგორც ერდოღანმა თქვა, საჭიროა, მაკრონმა „ფსიქიკას უმკურნალოს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები