LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ ბენეს ექსკლუზიური ინტერვიუ – „მინდა, თქვენს სახლში მოვიდე!..“

138

ცნობილი ამერიკელი რიტმ ენდ ბლუზისა და სოულის შემსრულებელი, ერიკ ბენე თბილისშია. მას „სოლო“ მასპინძლობს, რომლის მიწვევითაც მომღერალი საქართველოში ჩამოვიდა და ორ კონცერტს გამართავს, 23 სექტემბერს ფილარმონიაში, 24 სექტემბერს სასტუმრო „რუმსის“ ეზოში.

ერიკ ბენე „ფორტუნას“ ექსკლუზიურად ესაუბრა და თბილისში ყოფნის შთაბეჭდილებები გაუზიარა. მომღერალი დაინტერესდა, მისი რომელი სიმღერები იციან საქართველოში და მიღებული პასუხით დაკმაყოფილდა.

დავიწყოთ იმ იდეით, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდება. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ მეგობრისგან შეიტყვეთ…

(იღიმის) კრის ბოტისგან? დიახ. კრის ბოტი და მე ინდონეზიაში ერთად გამოვდიოდით კონცერტზე. კრისი სერგი ნაკაიძის კარგი მეგობარია. კრისმა მითხრა, რომ საქართველოში ძალიან ახლო მეგობარი ჰყავდა. ვფიქრობდი, ატლანტაზე საუბრობდა (იცინის). როგორც კი მითხრა, რომ ქვეყანა საქართველოზე ლაპარაკობდა, იმ წუთასვე მომინდა აქ ჩამოსვლა, რადგან არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის მინდოდა. კრისმა ასევე მითხრა, რომ საქართველოში ბევრჯერ იყო ნამყოფი, საუკეთესო ხალხია, რომელსაც მუსიკა უყვარს და საუკეთესოდ მასპინძლობენ. მე სერგის დავუკავშირდი. სამწუხაროდ, თარიღები ვერ დაემთხვა პირველ ჯერზე, ახლა კი, როგორც ხედავთ, თბილისში ვარ (იღიმის).

dsc_8687რაც შეეხება პროგრამას, როგორ შეარჩიეთ სიმღერები, რომლებსაც თბილისურ კონცერტებზე შეასრულებთ?

ახლაც ხომ ხედავთ, გკითხეთ, რომელი სიმღერები მოგწონთ ჩემი შემოქმედებიდან. კიდევ ვკითხავ სხვებსაც, რომ შოუში ჩავრთო. ასევე იქნება სიუპრიზები, რომლებსაც მსმენელი არ ელოდება. იქნება სიმღერები ახალი ალბომიდან, ასევე პირველი ალბომიდან, და ასევე სხვა არტისტების სიმღერებიც, რომელთა შესრულებაც მიყვარს.

თავად რას უსმენთ ახლა?

90% კლასიკას, ელა ფიცჯერალდს, დიუკ ელინგტონს, ჩიკ კორეას, ჯორჯ დიუკს. რაც შეეხება რიტმ ენდ ბლუზს, ჩაკა კჰანს, სტივი ვანდერს, დონი ჰეტეუეის და ა.შ. ახალ მუსიკას რაც შეეხება, ვცდილობ, მასაც მოვუსმინო. ბევრი კარგი არტისტია, რომლებიც მომწონს, თუმცა ძირითადად, მაინც კლასიკას ვუსმენ.

რას იტყვით „სოლოზე“?

dsc_8799მოდით, „სოლოზე“ ვისაუბროთ  (იღიმის). მადლობა მას მასპინძლობისთვის. ძალიან მომწონს მათი კონცეფცია.

თქვენს ალბომზე გვიამბეთ…

ძალიან მიხარია, რომ ახალი ალბომი გამოიცა, ის საუკეთესოა ჩემს შემოქმედებაში. მე და ჩემს მეუღლეს 4 წლის და 2 წლის შვილები გვყავს. ადრე,  როცა ალბომს ვაკეთებდი, სულ სტუდიაში ვიყავი. ახლა კი მათთან დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია,  სტუდიაში ბევრი დრო არ გამიტარებია, ამიტომ 2 წლის განმავლობაში ვქმნიდი ახალ ალბომს და ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც თქვენს კონცერტებს ელოდებიან?

დიდი მადლობა, რომ უსმენთ ჩემს მუსიკას. ეს ჩემი პირველი ჩამოსვლაა თბილისში.  მინდა, როცა კონცერტები დასრულდება, ვთქვა, კიდევ ბევრჯერ მინდა საქართველოში დაბრუნება-მეთქი.

თქვენი სიმღერა „Why you follow me“ საქართველოში ძალიან პოპულარულია. ის წლების განმავლობაში ჰიტად რჩება, თქვენი აზრით, რატომ?

dsc_8891როცა ალბომს ვაკეთებ, ყოველთვის მინდა, ერთ სიმღერას ლათინო შეფერილობა ჰქონდეს. ეს სწორედ ასეთი სიმღერაა. ლათინო შეფერილობა აქვს. ასეთი ერთი სიმღერა ახალ ალბომშიც მაქვს. ძალიან მოგეწონებათ. ქუინსი ჯონსის მეგობარი ვარ, მაქვს ეს ბედნიერება. არტურო სანდოვალთან ერთად სტუდიაში ვიყავით. მინდოდა, მას ჩემს ერთ სიმღერაში დაეკრა, აფრო-კუბურ-ლათინურ სტილშია და მასთან ერთად ჩავწერე.

ამდენი ხნის განმავლობაში შოუბიზნესში როგორ მოახერხეთ დარჩენა?  რა არის თქვენი საიდუმლო?

ავთენტურობის გამო, ალბათ, ესაა ჩემი საიდუმლო. როცა მუსიკალურ პროექტს ვაკეთებ, ვცდილობ, საკუთარი თავი გამოვხატო, ინდივიდუალიზმი. ვფიქრობ, ადამიანები ამას კარგად არჩევენ, მაგალითად, ტექსტის მოსმენისას გრძნობენ, რიტმისთვის წერ თუ უფრო მეტი რამის თქმა გინდათ.

თბილისში რისი ნახვა გსურთ?

შეიძლება, თქვენს სახლში მოვიდე (იღიმის)? ვიცი, რომ აქ ბევრი ძველი ტაძარია, მათი დათვალიერება მინდა. მსურს, მოვისმინო ქართული სიმღერა, კულტურას გავეცნო. მოგზაურობა ჩემთვის სასტუმროებში ჯდომას არ ნიშნავს, ეს ჩემი საქმის საუკეთესო ნაწილია, მინდა, ქუჩებში გავისეირნო, ხალხს გავეცნო და ახალი კერძები გავსინჯო. უკვე შემიყვარდა თქვენი ქვეყანა, ქალაქს თავისი ხასიათი აქვს, ძალიან კარგი და თბილი ხალხია.

ფოტოები: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g