რუსეთიდან გაზრდილ ფულად გზავნილებს განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთიდან გაზრდილი ფულადი გზავნილების მიმართ მარეგულირებლის მიდგომა იქნება ფრთხილი, იმის მიუხედავად, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას ახდენს.
„რას შეეხება რუსეთიდან შემოსულ ფულს – არის ბევრი მოვლენა, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისას ფულადი გადმორიცხვებისა და ექსპორტის შემცირების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რაოდენ მაღალია არაპროგნოზირებადობის დონე. ამას ვერანაირად ვერ გავთვლიდით და ვერ გავითვალისწინებდით“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეს ფულადი გზავნილები არის ფული, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები რიცხავენ, ან იმ მოქალაქეების, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით გადმოვიდნენ. „აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომაა, რომ ჩავთვალოთ ეს ერთჯერად შემოსავლად და ეს უფრო დაცულ მხარეს გვამყოფებს. ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ეს მუდმივად ასე გაგრძელდება, მაშინ პოლიტიკაც შეიცვლება. მაგალითად, მაისში თუ მეტი გადმორიცხვები იყო რუსეთიდან, ივნისში ცოტა შემცირდა. ამასთან დაკავშირებით მიდგომა ფრთხილია, რადგან ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა გაცვლით კურსზეც, ეკონომიკურ აქტივობაზეც, მაგრამ მიდგომა იქნება ფრთხილი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 1.78 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. აქედან, ყველაზე მეტი თანხა – 750 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.