ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.
როგორც “ფორტუნას” სატყეო სააგენტოდან აცნობეს, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ამწე-მანიპულატორი, ბენზოხერხი (14 ცალი), კვადროციკლი, ბაგი (2 ცალი), GPS – მოწყობილობა (7 ცალი) და სპეცტანსაცმელი (ჩაფხუტი, ხელთათმანი, ჟილეტები, ფეხსაცმელი) სატყეო სამსახურების რეგიონულ ოფისებსში გადანაწილდება.
პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ხე-ტყის დამზადება და სატყეო გზების რეაბილიტაცია განახორციელა.
გარდა ამისა, დამატებით დასაქმდა 120 სპეციალისტი, რომლებიც ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგსა და სხვა სატყეო ღონისძიებებში იყვნენ ჩართულები.
გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. დღეისათვის, სატყეო სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პროგრამა „ეკოსერვს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.