2025 წლის 25 ივლისს American Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სქემა გახსნას საქართველოში მოქმედი ყველა შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტისთვის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში.
American Express-ის ბარათები ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბანკის მიერ გაიცემა.
ეროვნული ბანკი American Express-ის მიერ საქართველოში საგადახდო სქემის გახსნის გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„American Express-ის გადაწყვეტილება საქართველოში საგადახდო სქემის გახსნის შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ.
საქართველოს საგადახდო კანონმდებლობა, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს ევროკავშირის საგადახდო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საგადახდო სისტემებსა და საგადახდო სქემებზე ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული წვდომის გარანტირებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საგადახდო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას“.