2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთელი წლის განმავლობაში იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა გაიმართება, მათ შორის: ლექციების სერია, კონკურსები, შემეცნებითი გამოფენები, კონფერენციები, ისტორიული და კულტურული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც არის დაგეგმილი. სპეციალურად ამ თარიღისთვის მოიჭრება საკოლექციო მონეტა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი ღია კონკურსიც “საქართველოს ეროვნული ბანკი 100” სწორედ ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 9 რეგიონის – აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად. კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა. გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.