საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის – 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი – 6 ივნისიდან.
მონეტები გაიყიდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.
- ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2500 ლარი
- ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი
- სპილენძ-ნიკელის მონეტის სარეალიზაციო ფასია 30 ლარი
იმისათვის, რომ მონეტები მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეიძინოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული მონეტისთვის შეზღუდვა დაწესდება, კერძოდ, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს 1 ცალი ოქროს მონეტა, 2 ცალი ვერცხლის მონეტა, 5 ცალი სპილენძ-ნიკელის მონეტა.
ცნობისთვის, მონეტების დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა (ოქროს მონეტა 1500-იანი, ვერცხლის მონეტა 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა 20000-იანი ტირაჟით).
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ვალუტის „ლარის“ ბანკნოტები და მონეტები მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბრიდან ჩაეშვა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.