საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ.
როგორც ეროვნული ბანკის გაფრთხილებაშია ნათქვამი, აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ.
„ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საბროკერო”, “საინვესტიციო” ა.შ., რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ. ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.