LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი უძრავი ქონების სექტორში შიდა განვადების შეზღუდვას და იპოთეკური სესხის ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს

100
უძრავი ქონების სექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკი უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესების ცვლილებებზე მუშაობს, რომლებიც შიდა განვადების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხის ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ცვლილებები პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს: „მიმდინარეობს მუშაობა დეველოპერი კომპანიების დაფინანსების წესის განახლებაზე, რაც მათ შორის მოიცავს მსესხებლის ადეკვატურ თანამონაწილეობას კაპიტალის სახით და აღნიშნულ სექტორზე იპოთეკური სესხების გაცემის მიმართულებას. იდგმება ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შიდა განვადებების იპოთეკებით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპების გათვალისწინებით მომხმარებელთა უფლებები მეტად იქნება დაცული. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის მდგრად განვითარებას, ასევე იპოთეკის მომხმარებლების უკეთ დაცვას, ვიდრე ეს შიდა განვადებებისას ხდება“.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, ცვლილებები შეამცირებს რისკების კონცენტრაციას შიდა განვადებებში და გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას. მისი შეფასებით, ახალი მოთხოვნები დეველოპერებს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის საბანკო დაფინანსების მოსაზიდად.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ხაზს უსვამს, რომ ავანსის მოთხოვნის შემცირებით მსესხებლებისთვისაც გამარტივდება იპოთეკური სესხების მიღება.

რადიო „ფორტუნა“ 15-ზე მეტ ადგილობრივ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას დაუკავშირდა აღნიშნულ ცვლილებებზე განწყობის საკვლევად. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა მათგანი ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებს – მიუხედავად იმისა, რომ შიდა განვადება მობინადრეებისთვის არის შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართის ღირებულება გარკვეული დროის განმავლობაში უპროცენტოდ იხადონ დეველოპერთან, იპოთეკური სესხების გამარტივებული წესით მიღება მათ, ერთი მხრივ, დროის მოგების შესაძლებლობას ანიჭებს, მეორე მხრივ კი, ბანკი ხდება მათი უფლებების დაცვის უკეთესი გარანტორი. რაც შეეხება სარგებელს დეველოპერებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხები ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, სწორედ საფინანსო ინსტიტუტი იქნება ერთგვარი დამზღვევი, რომ კომპანიასთან მობინადრეს ვადაგადაცილება არ ჰქონდეს.

magti 5g