ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ინფლაცია და ინფლაციური რისკები გლობალური გამოწვევაა.
„ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია. ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11.5 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების( თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით) ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.
ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მაღალ მოხმარებას შეაქვს. ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს.