ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას ბოლო წლებში გაზრდილი ხელფასებითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით ხსნის. ბანკის განმარტებით, შემოსავლების ზრდის გამო არსებული ფიქსირებული ზღვრები მსესხებლების შემოსავლებსა და ვალის ტვირთს სათანადოდ ვეღარ ასახავს.
ცვლილება სესხის მომსახურების კოეფიციენტს ეხება და 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 25%-იანი მოთხოვნა თავდაპირველად 2 000 ლარამდე, შემდეგ კი 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება. შედეგად, სესხის აღებისას შესაბამისი შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის მოქმედი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება.
„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.
შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.
ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
