LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი გამოსავალი პლებისციტის გამართვაა, შესაძლებელია ამ დროს ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში: ნიკა ჩიტაძე

69
ნიკა ჩიტაძე

პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძე გადაცემაში “დღის თემა” ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებს, რომელშიც ოპოზიცია და ხელისუფლება იღებს მონაწილეობას. მისი განცხადებით, იმისთვის რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, ორივე მხარე რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეს. ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება თუ დაინიშნება პლებისციტი, სადაც მოსახლეობა გასცემს კითხვას პასუხს, სურს თუ არა 2022 წელს არჩევნების ჩატარება.

“ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ ნაკლებად არსებობდა გარკვეული შეხების წერტილები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება აცხადებდა, რომ საპარლამენტო არჩევნების საკითხი არ განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რაც ართულებს კომპრომისის მიღწევას.

ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ისაა, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, რომ შეთანხმება შედგეს. ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ, გახლავთ ის, რომ გაიმართოს პლებისციტი იმ დროს, როდესაც გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობა პასუხს გასცემს შეკითხვას სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოში არჩევნები გაიმართოს 2022 წელს. ასევე გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

თუ ვთქვათ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, მე მგონია, ოპოზიცია შეთანხმებაზე არ წავა. სანაცვლოდ იმისა, რომ გაიმართება პლებისციტი, შესაძლებელია ამ დროს ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, რომ შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამართულიყო 2022 წელს წმინდა პროპორციული სისტემით. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია ხელისუფლებას შეინარჩუნებდა 2 წლის განმავლობაში, ხოლო ოპოზიცია აიღებდა ვალდებულებას შესულიყო პარლამენტში. ეს ოპოზიციისთვისაც მისაღები ვარიანტი იქნებოდა, რადგან არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს გაიმართებოდა. ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

თუ ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება, ფაქტია, რომ პლებისციტი მაინც უნდა გაიმართოს და უკვე საქართველოს მოსახლეობამ გასცეს პასუხი შეკითხვას, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართა და ხმები დაახლოებით ნახევარ-ნახევარზე გაიყო. საერთო ჯამში ხმების 52 პროცენტი მიიღო ოპოზიციამ, სახელისუფლებო პარტიამ კი 48 პროცენტი.  იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების წყარო გახლავთ ხალხი, შესაბამისად შეეკითხონ ხალხს და ხალხმა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა გაიმართოს პლებისციტი”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, პლებისციტთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ განცხადებებშიც იყოს. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ქართული ოცნებისთვის ძალიან მტკივნეულია ერთპარტიული პარლამენტი, პლებისციტის სანაცვლოდ კი ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. 

დანიელსონის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ გაიმართოს პლებისციტი. პლუს შესაძლებელია რაიმე შეთავაზება იყოს, რომ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ოპოზიციამ ორ ან სამ კომიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. მსგავსი რაღაც შესაძლებელია ამ შემთხვევაში.

ხელისუფლებისთვის მტკივნეული საკითხია ერთპარტიული პარლამენტი და სურს, რომ ოპოზიცია იხილოს პარლამენტში. ოპოზიციისთვის და მათი მომხრეებისთვის მტკივნეული საკითხია ის, რომ მათ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების გამართვა სურთ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ როგორმე ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი შეუთანხმებლობის შემთხვევაში გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ფიქრობს, რომ საერთო ჯამში ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

“გამორიცხული არ არის, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში გარკვეული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში ვიხილოთ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ საერთო ჯამში ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებით არის დაინტერესებული. თუ განხეთქილებას ექნება ადგილი თითოეულ პოლიტიკურ პარტიას დაასუსტებს. იმ პარტიებსაც, რომლებიც შევლენ პარლამენტში და იმათაც, რომლებიც არ შევლენ. საერთო ჯამში ოპოზიციურ ფლანგს დაასუსტებს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ჩიტაძე ასევე განმარტავს, რომ თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას კიდევ ვერ მიაღწევს, არა არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ფულადი სანქციები დაუწესონ. 

“იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ შედგა, არ არის გამორიცხული საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყნისთვის სანქციების დაწესება განიხილონ. ოღონდ ეს სანქციების დაწესება არ მოხდება ისე, როგორც რუსეთს დაუწესეს. ჩვენთან შეიძლება იყოს უბრალო დათქმები ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ საქართველო ვერ მიიღებს შესაბამისი მოცულობის, ვთქვათ ფულად დახმარებას, თუ არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე არ გაკეთდება განცხადება, რომ ივანიშვილს უწესებენ სანქციებს, მაგრამ მინიშნება იქნება, რომ შესაძლებელი იქნება, რომ ფინანსური მოცულობის დახმარება საქართველომ ვერ მიიღოს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში “დღის თემა”.

magti 5g