2 მაისს რადიოს „არ დაიდარდო“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 29 აპრილს გამართულ საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა.
-მერაბ, მოგვიყევი 29 აპრილს გამართულ კონცერტზე,
-„ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში“ გაიმართა კონცერტი. ძალიან კარგი, კარგად აღჭურვილი და თანამედროვე დარბაზია, ყველანაირი პირობაა შექმნილი. კონცერტზე ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა მოწვეული, მონაწილეობდნენ „ალილო“ „თეატრალურის კვარტეტი“ „ქართული ხმები“ ზუკა ხუციშვილი, სოფო გელოვანი, ბესო კალანდაძე, ასევე მონაწილეობდა ჩემი ბენდი, მყავდა ბექვოკალიც.
-კონცერტზე ზემოთ აღნიშნული მომღერლების რეპერტუარებიდანაც შეასრულე სიმღერები…
-კი, მათთან ერთად ვიმღერე, შევასრულეთ მათი ყველაზე პოპულარული სიმღერები.
-რომელიმე კოლაბორაციას ხომ არ გაიხსენებდი, რომელი იყო შენთვის გამორჩეული?
-ასეთი ბევრია, მაგალითად, ბესო ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მასთან ერთად შევასრულე „ყვავილები თოვდა“, „ალილოსთან“ ერთად შევასრულე „მოდი გაზაფხულო, მოდი სიყვარულო“. ძალიან კარგი დრო ვატარეთ სცენაზე.
-ამ პერიოდში რამდენად შესაძლებელია აქტიურად კონცერტების ჩატარება?
-ძალიან რთულია, პანდემიის გამო 2 წელი არაფერი ხდებოდა, არ იყო კონცერტები, ახლაც არ ხდება ბევრი არაფერი, მაგრამ უნდა დავიწყოთ, უნდა გავაკეთოთ რაღაც, უნდა დაიწყოს აქტიურობა, რადგან არ ვარგა ასე გაჩერება. პლუს ამას, უკრაინის ომის გამო, საკონცერტო განწყობაც არავის ჰქონდა, ყველა განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს, სიტუაციაც ისეთია, რომ ხალხს ბილეთის ყიდვის საშუალება ნაკლებად აქვს.
-იყო კონცერტის დროს რაიმე ლაფსუსები, რაც შეიძლება მსმენელმა ვერ იგრძნო, მაგრამ თავად არ მოგეწონა?
-ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, თუმცა მაყურებელი ამას ვერც ხვდება ხოლმე. სცენაზე დისკომფორტში ვიყავი, რადგან მონიტორებიდან კარგად არ მოდიოდა ხმა, ნახევრად არ მესმოდა, თუმცა თუ პროფესიონალი ხარ, ისე უნდა მოიქცე სცენაზე, რომ მსმენელმა პრობლემა ვერ იგრძნოს.
-შესრულებული გაქვს სიმღერა „შაბათია“. მომიყევი ეს ისტორია.
-„რუსთავი 2“-ზე, მაია ასათიანის გადაცემაში იყო პროექტი, სადაც ასეთი ტიპის სიმღერებს ასრულებდნენ მომღერლები. ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა ამ სიმღერის ნახვებმა, ძალიან მოეწონათ ეს ვერსია. ახლაც ხშირად მთხოვენ ამ სიმღერის შესრულებას, მართალია, ჩემი რეპერტუარი სულ სხვა სტილისაა, მაგრამ რადგანაც მოსწონთ, ხალისობენ და უყვართ ეს ნამუშევარი, ვასრულებ, რატომაც არა.
-მერაბ ახლო მომავალში კიდევ გექნება კონცერტი?
-ზუსტად როდის რთულია თქმა, მაგრამ რამდენიმე კონცერტი იგეგმება „მონო ჰოლში“, ზაფხულში ბათუმშიც მაქვს დაგეგმილი კონცერტები. მთავარია, ამოძრავდეს ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ, 2 წელი არ გვიმუშავია მუსიკოსებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მერაბ სეფაშვილი – ის აქ არის. Live
მერაბ სეფაშვილი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი