26 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსები ნოდარიკო ხუციშვილი და კატო კვარაცხელია სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „ჩირაღდნები“ პრემიერით.
– ნოდიკო, რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის ერთად ჩაწერა?
– მე და კატო დიდი ხნის მეგობრები ვართ და ერთობლივი პროექტის გაკეთებაც დიდი ხანია გვინდა. ძალიან გაგვიმართლა, როცა „მეგა-კონსტრაქშენმა“ ამ სიმღერის რეკლამისთვის გამოყენება გადაწყვიტა, კომპანიის პიარ-მენეჯერმა დუტა სხირტლაძემ კი ჩათვალა, რომ სწორედ ჩვენ უნდა ჩაგვეწერა. საერთოდ, ძალიან გვიყვარს რეტრო სიმღერები და განსაკუთრებით „ჩირაღდნები“, რომელსაც თავის დროზე ქალბატონი ლილი გეგელია ასრულებდა. გიორგი ასანიშვილთან და მარი ბოლქვაძესთან მანამდეც გვქონია საქმიანი ურთიერთობა, ამიტომ სიამოვნებით მივიღეთ მათი შეთავაზება, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ საინტერესო პროექტზე ვიმუშავებდით.
– ძალიან გამიკვირდა დუტა რომ არ ამღერდა თქვენთან ერთად…
– სიმართლე ვთქვა, ჩვენც ძალიან გაგვიკვირდა.
– კატო მართალია, შენ ჯერ არ გაქვს ბევრი სიმღერა, მაგრამ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილის შვილი ხარ და ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამ. თვითან რას ისურვებ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?
– რა თქმა უნდა, ოჯახიდან გამომდინარე განსაკუთრებით ქართული სიმღერები მიყვარს. სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელება ჩემს პირველ გამოჩენას მოჰყვა ინტერნეტ-სივრცეში, რამაც ძალიან შემიშალა ხელი.

– პირველ სიმღერას „შვიდი ცის ანგელოზს“ მართლაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სწორედ მას შემდეგ მიგიწვიეს ერთ-ერთ პროექტში, სადაც არაჩვეულებრივად შესრულე ორი სიმღერა,
– მართლაც, ძალიან ბევრი გეგმა მქონდა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი ჩამიშალა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა როცა „მეგა-კონსტრაქშენის“ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გემოვნებიან პროდუქციას შევქმნიდით.
– ვინ გეხმარებოდათ სიმღერის ჩაწერაში?
– (ნოდარიკო ხუციშვილი) ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენს მეგობრებთან, არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან – ლუკა თოფურიასთან, გიორგი ტეცოშვილთან, მარიამ კუბანსკისთან და გიგი ცინცაძესთან ერთად გავაკეთეთ არაჩვეულებრივი სიმღერა, რომლის არანჟირებაზე ბექა ჯაფარიძემ და გიორგი ასანიშვილმა იზრუნეს. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ორიგინალური ვერსიის ავტორები კონსტანტინე პევზნერი და პეტრე გრუზინსკი არიან, რომელთაც არაერთი ბრწყინვალე კომპოზიცია შექმნეს.
– (კატო კვარაცხელია) ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა, რადგან რეტრო ეპიზოდებიც შევიდა თავად ქალბატონ ლილი გეგელიას შესრულებით. ამასთანავე, ძალიან გაგვიმართლა, რომ საუკეთესო მუსიკოსებთან შევძელით მუშაობა.

– ნოდარიკო, ძალიან საინტერესოა შენი „სახლის სესიები“, როგორ გაჩნდა მისი გაკეთების იდეა?
– ძალიან გაგვიჭირდა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, როცა კარანტინში აღმოვჩნდით და ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტეთ მეგობრებთან. სწორედ მაშინ გაჩნდა „სახლის სესიების“ გაკეთების და სხვადასხვა თაობის მუსიკოსებთან სტუმრობის იდეა. ჩვენი სესია არა დიალოგი, არამედ უბრალო საუბარია ნებიმიერ თემაზე, მერე კი, ექსპრომტად ვაკეთებთ ერთობლივ მუსიკალურ ნომერს, რომელიც ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოდის. თვის ბოლოს ახალი სეზონის დაწყებას ვგეგმავ, რომელშიც კატოც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
– კატო, მართალია, ძალიან რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, მაგრამ მაინც საინტერესოა რას აპირებ მომავალში?
– ყველაზე მეტად ცოცხალი კონცერტის გაკეთება მინდა. იმედი მაქვს, მალე დასრულდება პანდემია და ისევ შეცხვდებით ერთმანეთს, დიდი კონცერტის მოვაწყობთ და ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი


