რას ნიშნავს სწორი კვება, ამართლებს თუ არა დიეტა, ან როგორ უნდა დავიცვათ ისე, რომ წონაში დავიკოთ – ამ თემაზე “ფორტუნას” ფიტნესმენტორი სანდრო გოგოხია ესაუბრა.
რა არის სწორი კვება?
სწორი კვება არის პირველ რიგში ზომიერება. ჯანსაღი კვება, სამწუხაროდ, ასოცირდება მხოლოდ სალათებთან და ხილთან, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა უფრთხის და ერთგვარი პროტესტიც კი უჩნდება. მესმის, წარმოუდგენელია მთელი ცხოვრება ისე ვიკვებოთ, რომ არ მივიღოთ რომელიმე ის კერძი ან პროდუქტი, რომელიც გვიყვარს და რომელიც ე.წ. არაჯანსაღ საკვებში შედის, მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ და არ გადავაჭარბებთ, ზოგჯერ ყველაფრის მიღება შეიძლება.
ამართლებს თუ არა დიეტა, ან რა სახის დიეტა უნდა დავიცვათ?
სიტყვა დიეტა ჩვენთან ასოცირდება შიმშილთან, არც თუ ისე შორეულ წარსულში იმდენი მითი არსებობდა წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომ დღემდე მიჭირს მათთან გამკლავება. “დიეტის” დროს პური არ შეიძლებაო ამბობდნენ, რატომ? სულაც არ აქვს პურს მაღალი კალორია. ვცდილობ მითების დამსხვრევას, ბევრი ჯერ კიდევ მეწინააღმდეგება, მაგრამ ვფიქრობ გამომივა, ძალიან მოტივირებული ვარ.
ერთადერთი სწორი დიეტა არის კალორიების დათვლა და კალორიულ დეფიციტში მოხვედრა, სადაც რა პროდუქტიც გინდა ის უნდა შეიყვანო.
ყველაზე მნიშვნელოვანი წონაში კლებისას არის იმის გააზრება, რომ წონას შენარჩუნება ჭირდება, თუ იშიმშილებ და ძალიან მოაკლებ კალორიას, მომავალში ისევ მოიმატებ, ეს არის დამტკიცებული ფაქტი. თუ დიეტის დროს აიკრძალავ ყველა იმ საკვებს, რაც გიყვარს, აუცილებლად დაარღვევ და ორმაგად მოიმატებ.
უნდა გავიაზროთ, რომ ერთ თვიანი დიეტები და გამოწვევები დასრულდება და ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ ჭამას, ამიტომ ვიზრუნოთ ცხოვრების სტილის შეცვლაზე, რაც ცოტა გრძელვადიანი პროცესია, სამაგიეროდ შედეგიც სამუდამო.
18 საათიანი დიეტა რა შემთხვევაში ამართლებს?
ძალიან მარტივი პრინციპი აქვს ამ დიეტას. საკვების მიღება შეგიძლია მხოლოდ 6 საათის შუალედში, ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამ 6 საათში იმდენი საკვები მიიღო, რომ გადააჭარბო კალორიულ დეფიციტს. რეალურად ზუსტად იმ რაოდენობის საკვები, რომ გადაანაწილოთ 10 საათზე 6 საათის ნაცვლად, ზუსტად იგივე შედეგს მიიღებთ.
დღიური კალორია, რომელიც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, რამდენია?
ყველაზე გავრცელებული კითხვა, რამელზეც ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, მეტაბოლიზმის დონეზე და ა.შ. სწორედ ამ საკითხის სწავლება დავიწყე ჩემს Facebook ჯგუფში (https://www.facebook.com/groups/263704024803612/?multi_permalinks=266662477841100%2C266534534520561%2C266426541198027¬if_id=1588458901624178¬if_t=group_activity), რასაც სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ. მინდა გავაგებინო ხალხს, რომ სწორი კვება და კალორიების დათვლა მარტივია, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ნებისმიერი შედეგის მიღწევა რეალურია.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. თუ სასურველი ფორმების მიღება გვინდა აქ უკვე სხვადასხვა კონკრეტული ვარჯიშებია გასათვალისწინებელი, თუმცა აქაც დავძენ, რომ თუ ჩვენი სურვილი არის წონაში დაკლება ან ფორმების გამოკვეთა, ორივე შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის კვება.