LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი თხოვნა მექნება.. შეწყალებით რამდენიმე ადამიანს ცხოვრება გაუმარტივოს, ამდენი წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მიდის ისე, რომ არაფერი გაუკეთებია“ – ხვიჩია

167
BeFunky-collage (3)

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლისაც – ველოდები უფრო შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში, პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ მოხსენებას გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა, დღეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხოლოდ ერთი თხოვნა ექნება, რომ შეწყალებით რამდენიმე ადამიანს ცხოვრება გაუმარტივოს.

„ზოგადად, პოლიტიკურ ნაწილში მაინცდამაინც დიდი მოლოდინით აღსავსე არ ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პრეზიდენტის მიერ ბრძოლის აზრიც დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლის აზრიც დაკარგა ვინც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის შემოქმედი. შესაბამისად, მე ველოდები უფრო შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან და საშუალების მიცემას პრეზიდენტისთვის, რომ ნელ-ნელა ამოწუროს თავისი ვადა და გავიდეს პოლიტიკიდან.

მე ერთადერთი რჩევა, თხოვნა მექნება პრეზიდენტთან (სხვა, პოლიტიკურ ნაწილზე მასთან საუბარს აზრი არ აქვს) – საკუთარი ვადის დასრულებამდე, რამდენი თვეც დარჩა, იქნებ რამდენიმე ადამიანს ან რამდენიმე ათეულ ადამიანს გაუმარტივოს ცხოვრება და ისარგებლოს მის მიერ ერთხელ უარნათქვამი შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებით.

ამდენი წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მიდის ისე, რომ არაფერი გაუკეთებია, არაფერს ტოვებს საზოგადოებისთვის. რამდენიმე ადამიანისთვის მაინც დატოვოს ის, რომ თავისუფლება მიანიჭოს ვადაზე ადრე. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თავად ჩაიყენა საკუთარი თავი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგება.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები