“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ასულდგმულებს. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს”, – ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთი ჯოხის ორი ბოლოა.
“ერთი – “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მზად არის გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო მეორე – “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ვიწრო პარტიული ინტერესი ანუ ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.
როდესაც “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო”, – ამბობს ბუჩუკური.
ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.