LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სიმღერა მართლაც მივუძღვენი საყვარელ ადამიანს” – მარიამ ჯანჯღავა და ნინი ნუცუბიძე პრემიერით „არტ-FM“-ში

87
artfm20118

გადაცემის ლაივი LIVE

17 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ახალგაზრდა მუსიკოსები მარიამ ჯანჯღავა და ნინი ნუცუბიძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის Glass Of Love პრემიერით.

– მარიამ, როგორ შეიქმნა ახალი სიმღერა?

– Glass Of Love მეგობრებთან გიორგი გიგაშვილთან და ნინი ნუცუბიძესთან ერთად შევქმენი, ვიდეოს გაკეთებაში კი, ტატა თავაძე, მარიამ ცქიტიშვილი და ბახვა ბრეგვაძე დაგვეხმარნენ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სიმღერა ძალიან სწრაფად დაიწერა, რადგან გიორგიც და ნინიც უნიჭიერესი ადამიანები არიან, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში ახერხებენ ერთგვარი მუსიკალური მონახაზის სრულყოფილ სიმღერად ქცევას. ყოველთვის უამრავი იდეა გვაქვს ერთად მუშაობისას,  მერე კი, ვაჯამებთ და ერთიან კომპოზიციას ვქმნით.

– ძალიან პატარამ დაიწყე სიმღერა. ვინ აღმოაჩინა შენი მუსიკალური ნიჭი და ვინ გირჩია მუსიკოსობა?

– როგორც ახლობლები იხსენებენ, 2-3 წლისა უკვე ტელევიზორში მოსმენილ სიმღერებს ვმღეროდი და ძალიან მინდოდა მუსიკოსობა. გადამწყვეტი როლი კი, მამამ შეასრულა, რადგან ადრეულ ასაკში შემაყვარა Beatle-ს მუსიკა და დღემდე ყველაფერში მეხმარება, ჭოხონელიძეების სტუდიაში კი, ქალბატონი თინიკო დამეხმარა  შესაძლებლობების სრულად გამოვლენასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში.

– ვის რჩევას ენდობით ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, მამას რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ვინტერესდები ჩემი უახლოესი მეგობრების გიორგი და ნინის აზრით, რადგან ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ვიცი, რომ ყოველთვის კარგ რჩევას მომცემენ.

– ნინი, შენ სენტ-ლუისის სამუსიკო სკოლაში სწავლობ აკუსტიკისა და ხმის ინჟინერიის ფაკულტეტზე, რატომ აირჩიე ეს პროფესია?

– მართალია, საუნდ-ინჟინერია ძალიან საინტერესო სფეროა, მაგრამ ახლა პროდაქშენი უფრო მიზიდავს, ამიტომ ბერლინში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.

– მარიამ რა გამოცდილება შეგძინა ბერკლის სკოლაში სწავლამ?

– ბერკლიმ ბევრად სიღრმისეული განათლება მომცა. რა თქმა უნდა, მუსიკის შექმნა ყოველთვის მიყვარდა და ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ ახლა უფრო პროფესიონალურად შემიძლია მისი კეთება. გარდა ამისა, ბევრად დამოუკიდებელი გავხდი, რადგან მარტოს მომიწია ამერიკაში ცხოვრება და კარიერაზე ზრუნვა.

– ნინი, საყვარელი ადამიანისთვის თუ მიგიძღვნიათ სიმღერა?

– კი, ერთი სიმღერა მართლაც მივუძღვენი საყვარელ ადამიანს, თუმცა ჩვენი ისტორია დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

– თქვენი აზრით, რატომ ირჩევენ ახალგაზრდა მუსიკოსები განათლების საზღვარგარეთ მიღებას. რით ჩამორჩება ქართული სასწავლებლები დასავლურს?

– (ნინი ნუცუბიძე) მართალია, უცხოეთში განათლების ბევრად მაღალი დონეა, მაგრამ საქართველოშიც არსებობს რამდენიმე მუსიკალური სტუდია, რომელიც სრულფასოვან განათლებას იძლევა.

– (მარიამ ჯანჯღავა) ჩემი აზრით, ახალგაზრდების შემოქმედებით ზრდას არა იმდენად თეორიული განათლება, რამდენადაც მათი სხვადასხვა პროექტში ჩართვა, პრაქტიკული მუშაობა უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, უფროს კოლეგებს, ნაკლებად აქვთ ახალგაზრდების ნდობა, თუმცა ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ბავშვობაშივე მოგვეცა ცნობილ კომპოზიტორებთან, მათ შორის დათო ევგენიძესთან თანამშრომლობის საშუალება.

– რაზე ოცნებობთ?

– (ნინი ნუცუბიძე) ოცნება ნაკლებად, უფრო მიზანია, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ სწავლის დასრულების შემდეგ და თბილისში ფირფიტების საკუთარ მაღაზიას გავხსნი.

– (მარიამ ჯანჯღავა) სიამოვნებით გავხსნიდი სასწავლებელს, რომელიც ახალგაზრდების სურვილებს გაითვალისწინებდა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემდა.

– მუსიკა რომ არა, საქმიანოპბის რა სფეროს აირჩევდით?

– (ნინი ნუცუბიძე) ალბათ მხატვარი ვიქნებოდი ან რეჟისორი. სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, მთავარ როლს კი, ვაინონა რაიდერს შევთავაზებდი.

– (მარიამ ჯანჯღავა) მეც ძალიან მიყვარს ხატვა. სავარაუდოდ, მეც მხატვარი, მწერალი ან მუსიკის პედაგოგი ვიქნებოდი.

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები