LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერების დაფინანსება გრძელდება

305

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა შალვა ბოსიკაშვილმა, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში 3 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 14 720 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

შალვა ბოსიკაშვილს 3 ჰა მიწის ფართობზე მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება ორი კომპონენტის მიმართულებით გაიცემა. კერძოდ, პირველადი წარმოების კომპონენტით ხდება ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება; გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტით კი მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g