LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ უცნაური რამ შემემთხვა: ვიჯექი ერთ ხიდზე მარტო და მეტირებოდა – ლია ლიქოკელი

91

მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე პატარა ჩანახატს აქვეყნებს.

ჩანახატში ჩანს, რამდენად საჭირო და აუცილებელია ხანდახან სხვების დახმარება, თუნდაც უცხოების და უმცროსების.

როგორც მწერალი წერს, უცნობმა გოგოებმა ის სუიციდური აზრებისგან იხსნეს.

“ერთხელ უცნაური რამ შემემთხვა:

შეღამებული იყო. ვიჯექი ერთ ხიდზე მარტო, მტკვარს გადავცქეროდი და მეტირებოდა. ჩავრგე თავი ხელებში და ვფიქრობ, რა ვქნა, აქვე გადავხტე თუ უფრო სიმპათიური ხიდი ვიპოვო.

უცებ ორი გოგო წამომადგა თავზე.

– აბა-აბა ეგეთები არ იყოს, – მეუბნება ერთი, უფრო ფუმფულა და სასწაულად მოძრავი.

კარგად ვარ-მეთქი, შევღიმილე.

არა, არა ხარ კარგადო. არავითარი ტირილი, არ გავიგო ტირილიო. ადე, წამო ჩვენთანო, დამიცაცხანა.

ვასავსავე ხელები, არა მეთქი. წამავლეს ხელი და წამიყვანეს.

იქვე, ახლო ბაღში დავსხედით. გზაშივე დაასკვნეს – ბიჭის ამბავი იქნებაო. არც იყო უმაგისობა, ერია ერთი-ორი კაცი ჩემ ღნავილში.

ნუ გეშინია, ჩვენც მაგ დღეში ვართო, მანუგეშეს და ათ წუთში უკვე კარგად ვიცოდი იმათი ბიჭების ამბები.

ჰოდა, დამსვეს და მომაყოლეს მეც.

და ისეთები მოვუყევი ერთ კაცზე, სუყველაზე ახლო მეგობრებისთვის რომ არ მომიყოლია.

ისე მომეშვა, ისე ამოვისუნთქე.

ისე საყვარლად დამარიგეს ჭკუა, ბებიაგოგოებივით. პატარები იყვნენ თან, ჩემზე ათი წლით უმცროსები.

წამოვედი მერე, დამსუბუქებული და გაცინებული. დავტოვე ისინი იმ ღამის ბაღში, ისევ თავის ბიჭებზე მოქოთქოთეები.

გამახსენდნენ ახლა. ნეტა სად არიან, ნეტა ვინ არიან ის ჩემი ერთი ღამის გოგოები.

იმედია კარგად არიან.

იმედია, ვინმე ჰყავთ, ვინც ყველაზე სიმარტოვისას მოუსმენს, თუნდაც ის თავისი ყოვლად მაიმუნი ბიჭები.

კი, ბიჭები ჭეშმარიტად მაიმუნები ჰყავდათ, როგორც ყველა ნამდვილ გოგოს, ჩემი და ჩემი ბიჭებისა არ იყოს”, – წერს ლია ლიქოკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g