მსახიობ ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე, თამუნინკა ადამიანი ჟურნალ „თბილისელებს“ სიახლეს ამცნობს – ცოლ-ქმარი ახალი ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
კარგი ამბავი გაქვთ – ახალ სახლში გადახვედით საცხოვრებლად… მარტივი არ არის სახლის შეძენა და ალბათ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი
– 41 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. თავიდან ჩემს მეგობარ ნანა ლორთქიფანიძესთან და მის მეუღლე ილიკო წიქვაძესთან ვცხოვრობდით. მაშინ ახალი დაქორწინებულები ვიყავი, ეკაზე ვიყავი ფეხმძიმედ. საუკეთესო პერიოდი იყო. მახსოვს, როგორ შევხვდით ახალ წელს, მე და ნანა ერთად ვალაგებდით სახლს და ვამზადებდით კერძებს. ნანა სულ ამბობს ხოლმე, რომ გოზინაყის მომზადება და გოჭის შეწვა მე ვასწავლე. იქ მოდიოდნენ საოცარი ადამიანები, ქეიფობდნენ, მღეროდნენ.
მაგალითად, გია ფერაძე, რომელიც იუმორის ზღვას წარმოადგენდა და მასთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობდა. დათო გომართელი, რომელიც მაშინ ჯერ ესტრადის მომღერალი არ იყო, მაგრამ ბუნებრივია, არაჩვეულებრივად მღეროდა, გიო ხუციშვილი და ასე შემდეგ. ერთი ზეიმი, ცეკვა, სიმღერა და სიხარული გვქონდა.
შემდეგ ჩემს მშობლებთან, ვერაზე გადავედით საცხოვრებლად. უცნაური სახლი გვქონდა, მამაჩემის ხელით აშენებული, სადაც ჩემი ძმები, რძლები, ახლობლები – მოკლედ სტუმრები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ჩვენი კარი არ იკეტებოდა. იქიდან ჩემი მეუღლის მშობლებთან გადავედით. ცოტა პატარა ბინა იყო და ბევრი ვცხოვრობდით, ამიტომ ამხანაგები დიდად ვერ მიგვყავდა, მაგრამ ნათესავებს უყვარდათ მოსვლა. ამასობაში ალეკოს მშობლებმა გვიყიდეს ბინა ნუცუბიძის პლატოზე, სადაც 31 წელი ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე-15 სართული იყო და რომ გადავედით, არც ლიფტი, არც შუქი, არც წყალი არ გვქონდა, ფეხით ამოდიოდნენ მეგობრები, ხან სიბნელეში, ხან სინათლეში… ჩვენთან სულ მხიარულება და ქეიფი იყო. ეს სახლი რომ ვიყიდეთ, მაშინაც არ იყო ახალი გარემონტებული და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო სარემონტო გახდა. ვერა და ვერ გავარემონტეთ, მოგეხსენებათ, მსახიობებს რა შემოსავალი გვაქვს და უკვე აღარ მოგვწონდა.
– არადა, ხალხი ეკრანზე გიყურებთ და ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ მსგავსი პრობლემები თქვენთვის უცხოა.
– ერთმა ჩვენმა მეზობელმა გვითხრა, ფულის მეტი რა გაქვენ თქვენო და მე და ალეკო დღემდე სიცილით ვიხსენებდით ამას. ასე ჩანს, მაგრამ… ახლა კიდევ ნორმალური ხელფასებია. ალეკოს, საერთოდ, 9 ლარი ჰქონდა ხელფასი, თეატრალურ ინსტიტუტში ლექტორი იყო. ზუსტად მაშინ ვაცხობდი ტორტებს. რა რემონტი, რის რემონტი (იცინის). ახლა, ამ ასაკში, უკვე ძალიან გვერიდებოდა. თან, ეს ახლად აშენებული ბინები რომ წამოვიდა, ძალიან მინდოდა. ბოლო პერიოდში იმდენად გვრცხვენოდა, სახლში უკვე ჟურნალისტებსაც არ ვიღებდი და უახლოეს მეგობრებსაც ვეუბნებოდი, არ მოხვიდეთ, მე მოვალ თქვენთან-მეთქი, (იცინის). ძალიან მინდოდა გარემონტებული ბინა, რომ ჩვენს სახლში ისევ სტუმრიანობა და მხიარულება ყოფილიყო. როგორც იქნა, მოვახერხეთ. ის გავყიდეთ და შედარებით პატარა, მაგრამ გარემონტებულ-გაწიკწიკებული ბინა ვიყიდეთ. ახლახან გადმოვედით და ხალისი დავიბრუნეთ – ისევ სტუმრები და მხიარულება.
