ნიკოლა და ბრუკლინ პელტც-ბექჰემებმა დიდი ოჯახური განხეთქილების ფონზე, გამოცემა Glamour-ს ინტერვიუს მისცეს. ფოტოები საოცრად მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გამოვიდა. ისინი ფოტოობიექტივის წინაშე ჩახუტებულები პოზირებდნენ და ბედნიერებსა და სიყვარულს ასხივებდნენ.
ინტერვიუში წყვილმა თავიანთ ურთიერთობაზე, სიყვარულის მნიშვნელობასა და ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა, თუმცა, ბექჰემების დაუსრულებელ ოჯახურ განხეთქილებაზე არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია.
„ჩვენთვის სიყვარული ნიშნავს უსაფრთხოებას. ეს არის ის შეგრძნება, როცა სიმშვიდეს გრძნობ. ჩვენ მართლა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ. ხალხს სოციალურ მედიაზე დაყრდნობით წარმოდგენები უჩნდება, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ვფიქრობ, ურთიერთობაში კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი უნდა განვიხილოთ, თუნდაც ეს უსიამოვნო იყოს“, – ამბობს ნიკოლა.
„ძალიან მალე მივხვდი, რომ ის იყო ის ერთადერთი. ჩვენთვის გულწრფელობა ყველაფერია. არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში და ეს არასდროს შეიცვლება“, – აცხადებს ბრუკლინი.
შეგახსენებთ, ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის კონფლიქტი ცოტა ხნის წინ გამწვავდა, როცა ბრუკლინი და ნიკოლა დევიდის 50 წლის იუბილეზე არ მივიდნენ.






