შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 2002 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა პირი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
