„პირველი არხის“ ჟურნალისტი თეონა ბარბაქაძე და მისი მეუღლე გიგი მგალობლიშვილი ორი ტყუპი გოგონას მშობლები არიან. ორი წელიწადზე მეტია, როგორც თავად თეონა ამბობს, მათთვის ზღაპრული ცხოვრება დაიწყო, რომელსაც საკუთარი გამომწერებისთვისაც აღწერს და უკვე უამრავი ადამიანი ინტერესდება თეონას ყოველდღიურობით ანასთან და ნიტასთან ერთად. თეონა თავისი საინტერესო ცხოვრების შესახებ გვიყვება, სადაც ბლოგერობისთვისაც გამოინახა ადგილი…

მე ვარ თეონა ბარბაქაძე, ანიტების დედა. ხშირად დასმულ კითხვად იქცა, ორივეს ხომ არ ჰქვია ანიტა… ჩემი ტყუპი გოგონებიდან ერთს ჰქვია ანა, მეორეს – ნიტა და გამოვიდა ანიტა… ჩემი მეუღლე არის გიგი მგალობლიშვილი, ჩვენ სამსახურში გადავიკვეთეთ, რეგიონული მაუწყებლის დირექტორია და მოგვიწია რამდენიმე წელი ერთად მუშაობამ. ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ისტორია – დაიწყო თანამშრომლობით, გაგრძელდა მეგობრობით, შემდეგ სიყვარულით და ბოლოს – ქორწინებით. 9 წლის წინ შევხვდი ადამიანს, რომელსაც ჩემი ცხოვრება დავუკავშირე და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში…
როდის დაქორწინდით და ტყუპი გოგონას მშობლები როდის გახდით?
ახალი წლის ღამეს ვიყავით შეკრებილები მეგობრები და მოულოდნელად გიგიმ მთხოვა ხელი. ძალიან ემოციური და სასიხარულო მომენტი იყო. რა თქმა უნდა, მისგან ამას ველოდი, მაგრამ არა იმ დღეს… ეს იყო 2022 წელს… 2023 წელს კი შეგვეძინა გოგონები. თავიდან გვითხრეს, რომ ერთი ბავშვი იყო. მე და გიგი მივფრინავდით და მივედით გადასამოწმებლად, ხომ ყველაფერი რიგზე იყო და იქ გავიგეთ, რომ ორ შვილს ველოდით… მას მერე დაიწყო ზღაპრული რეალობა, დაუჯერებელი, გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ ამ ყველაფრისთვის თვალი გამესწორებინა და გამეცნობიერებინა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდებოდა… როცა იგებენ, რომ ტყუპი გოგონა მყავს, ხშირად მეუბნებიან, უფალს ჰყვარებიხარო და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები…
რადგან ტელეჟურნალისტი ხართ და „მოამბეში“ მუშაობთ, ალბათ, აქტიური ორსული იყავით…
ეს არ იყო ადვილი. შვიდი თვის განმავლობაში დავდიოდი სამსახურში და აქტიურად ვიყავი ჩართული საქმიანობაში. ხუთი თვიდან იმხელა მუცელი მქონდა, ყველას ეგონა, რომ დღე-დღეზე ველოდებოდი შვილებს (იღიმის). მერვე თვეში რომ ვიყავი, ვინაიდან ტყუპების შემთხვევაში ადრეული მშობიარობა მოსალოდნელია, შემიყვანეს სამშობიაროში. ყველას ეგონა, რომ მოუწევდათ ინკუბატორი, მაგრამ თავიდანვე ყოჩაღები აღმოჩნდნენ… ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ სახლში სამივე ერთად დავბრუნებულიყავით… ძალიან დიდი ემოციები მქონდა… ყველანაირი ჩარევის გარეშე, რამდენიმე დღის შემდეგ, სახლში ერთად დავბრუნდით…

აღნიშნეთ, რომ ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება არ იყო ადვილი… როდის დაიწყეთ ახალ რეალობასთან შეგუება?
რადგან დედა 30 წლის ასაკში გავხდი, სრულიად გააზრებულად, მორალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ალბათ, მზად ვიყავი ახალი გამოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ვემზადებოდი ამისთვის ისე, რომ არც ერთ ეტაპზე არ განმიხილავს ძიძის აყვანა. თავიდანვე, მე და გიგიმ ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, პირველივე დღიდან ჩავერთეთ ანიტების აღზრდაში. ისინი დიდ სიყვარულში იზრდებიან და ვფიქრობ, ამას თავადაც გრძნობენ.
როგორ მოიფიქრეთ სოციალურ ქსელებში აქტიურობის დაწყება?
თავიდანვე, როცა გავიგე, რომ ტყუპებს ველოდებოდი, ეს იდეა გამიჩნდა. ზოგადად, ჩემთვის ტყუპები წარმოუდგენელი ამბავი იყო… სადაც დავინახავდი, ღიმილი არ მშორდებოდა და ანალოგიური შეგრძნება მქონდა, როდესაც ვიდეოში ვნახავდი ხოლმე… ვთქვი, რომ გავაკეთებდი კონტენტს ჩვენს ყოველდღიურობაზე. როცა დავბრუნდით სახლში, ნელ-ნელა დავიწყე აქტიურობა. თავიდან რთული იყო, რა თქმა უნდა… ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან სტაბილურად, ვიღებდი თითო ვიდეოს და ვდებდი. წამოვიდა დიდი სიყვარული გამომწერების მხრიდან. მინდა, ჩვენს გამომწერებს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ დიდი სიყვარულისთვის. მინდა, ასმაგად დაუბრუნდეთ უკან ის, რასაც ჩვენ მიმართ გამოხატავენ…
რადგან ჟურნალისტი ხართ, ალბათ, ამიტომაც გაგიჩნდათ ვიდეობლოგების კეთების სურვილი…
ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემი საქმე ცოტა ხანს გვერდზე უნდა გადამედო… ჩემი პროფესია გადავიტანე ოჯახში, ოღონდ ცოტა ახალი სფეროს კუთხით… ვინც ვიდეოს უყურებს, ჰგონია, რომ ეს მარტივად ხდება, ამის უკან კი დიდი შრომა იმალება. თავად ვიღებ, ვამონტაჟებ და ხმას ვადებ. ხანდახან მიფიქრია, რად მინდოდა-მეთქი, მაგრამ მერე ვამბობ, – რატომაც არა!….. ყველაზე დიდი, რაც მოვიგეთ, არის უდიდესი სიყვარული, რომელსაც ფასი არ აქვს.

რას გწერენ ყველაზე ხშირად და რას გეკითხებიან?
უამრავი ისეთი ადამიანია, ვინც პირველივე დღიდან მოგვყვება. თავად ხომ ფიქრობენ, რომ ჩვენი ახლობლები არიან და მეც ასევე ვფიქრობ, ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს, ძალიან უშუალო ურთიერთობა მაქვს ჩემს გამომწერებთან, უამრავი შეტყობინება შემომდის, ვცდილობ, ვუპასუხო, ჩემი გამოცდილების შესაბამისად. მწერენ ტყუპების მშობლებიც და ერთი ბავშვის მშობლებიც…
გვესაუბრეთ თქვენს გოგონებზე, როგორები არიან?
საოცრებები. ჩემი ყოველი დილა იწყება მადლიერებით ღმერთის მიმართ… არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე გაღვიძებენ, ღამე რამდენი საათი გძინავს, რამდენად დამღლელია შენი რუტინა… ეს არის მეასეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც ჩვენს თავს ხდება და რასაც ანა და ნიტა ატრიალებენ…
ხშირად ტყუპების მშობლებს უჭირთ ბავშვების ერთმანეთისგან განსხვავება…
მე კი ვერ ვამბობ, რითი ჰგვანან. ჩემთვის ძალიან განსხვავებულები არიან. ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ ორი მსგავსი ბავშვია და ხშირად მეკითხებიან, როგორ ვანსხვავებ. მე კი ვპასუხობ, რომ ეს არის ორი ბავშვი განსხვავებული ხასიათით და თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნობით. გადამიღია რამდენიმე ფოტო და მხოლოდ მაშინ მითქვამს, ამ ფოტოში როგორ ჰგვანან-მეთქი…
ანუ თქვენ ვერ მოგატყუებენ, როცა გაიზრდებიან…
ნიტას აქვს ეს მცდელობები უკვე, მაგრამ ვერ მატყუებენ.

მამაც ასეთივე წარმატებით არჩევს?
კი. ნიტას აქვს პატარა წერტილი თვალთან და მგონი, მის სავიზიტო ბარათად იქცა. ბებიები, ბაბუები და ახლო ნათესავები სწორედ ამის დახმარებით არჩევენ. ეს წერტილი თუ არ დაუნახეს, უჭირთ გარჩევა. მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა.
ადამიანები სულ მეკითხებიან, რა არის სირთულე. ყველას ჰგონია, რომ უნდა დავდგე და ვიწუწუნო, როგორი დამღლელია ორი ბავშვის მოვლა, მაგრამ მე მყავს საოცარი მეუღლე, ის ზუსტად ისევეა ჩართული ბავშვების მოვლაში, როგორც მე. მე და გიგი ყველაფერს ვახერხებთ ერთმანეთის დახმარებით. მე ახლა დეკრეტში ვარ და გამიმართლა იმაში, რომ ორწლიანი ოფიციალური დეკრეტი მეკუთვნის, რომელიც მალე იწურება… ყველას აინტერესებს სირთულეები, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვარ ამაზე ორიენტირებული. მგონია, რომ არ დავაფასებ იმას, რაც მაქვს, არ მინდა ვიწუწუნო, რომ ორ ბავშვს ვუვლი და დავიღალე. შეუძლებელია, ეს დამღლელი არ იყოს, მაგრამ იმდენად არ ვკონცენტრირდები ამაზე, მხოლოდ დადებითით შემოვიფარგლები…
ანიტების დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც მასწავლეს, არის ყოველი წამისა და წუთის დაფასება. ვისწავლე, რომ უნდა ვიცხოვრო დღევანდელი დღით, ვტკბები მათთან გატარებული ყოველი წუთით. ხომ ამბობენ მშობლები, როდის გაიზრდებიან, როდის წავლენ სკოლაში ჩვენი შვილებიო, მე ამას არ ვამბობ…
ამას ჰქვია დედობით ტკბობა…
ნამდვილად. არაფერს ვაძლევ საშუალებას, რომ გააფერმკრთალოს ეს სიხარული…
სამსახურში რომ გახვალთ, დროის მენეჯმენტი როგორ დალაგდება?
ახლა ვარ ამ პროცესში… მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი შვილები 24-საათიან რეჟიმში ვართ ერთად, არ გავზარდე ისე, რომ ჩემზე იყვნენ სრულად დამოკიდებულები. თავისუფლად ვუტოვებ გიგის და გავდივარ, არასდროს გავპარულვარ. გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს. ყველაზე მშვიდად ვარ, როცა გიგის ვუტოვებ ჩვენს შვილებს.
უნდა მოვიფიქრო, მას შემდეგ, რაც „პირველ არხზე“ დავბრუნდები, როგორ დავამენეჯმენტებ ამ ყველაფერს. შეიძლება, ცოტა წარმოუდგენელია ტყუპების დედობა და აქტიური ჟურნალისტიკა, მაგრამ უნდა ვცადო. ბლოგების კეთებას კი აუცილებლად გავაგრძელებ… გამომწერები მეტ ვიდეოს ითხოვენ… ბავშვებსაც მოსწონთ ეს პროცესი და კამერა, ფოტოების გადაღება. სხვათა შორის, ყოველთვის ვეკითხები, სურთ თუ არა გადაღება, თუ ხასიათზე არ არიან, არ ვუღებ… თავიდანვე პატივს ვცემ მათ აზრს და იძულებით არაფერს ვაკეთებინებ… თავიდანვე ვასწავლი, რომ მადლობა, მაპატიე, თუ შეიძლება – ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია…
