LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან „ქამბექივით“ იქნება… დედობა და თან მუსიკა ძალიან რთულია, მაგრამ ვახერხებ…“ – სალიო „არტ-FM“-ში

1324
სავიო

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი სალიო სტუმრობდა, რომელმაც კარიერულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „Dancing with the moon“ პრემიერა შედგა.

სალომე, მოგვიყევი რა მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ძალიან ბევრი ამბავი მაქვს. 14 თებერვალს ძალიან მაგარ კონცერტს ვგეგმავთ, იქნება განსხვავებული პროექტი, რადგან დავამატე რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტი და ვიხსენებ „პაპარაცის“ ძველ სიმღერებს, რომელიც ყველას უყვარს და ყველას კარგ დროს, ბავშვობას ახსენებს. გადავწყვიტე, რომ ქართული სიმღერები უფრო გავაჟღერო, ვიდრე სხვა. თვითონ ადგილიც – „ფალესტრა“ ძალიან საინტერესო და ლამაზია. სანახაობაც მაგარი იქნება.

ბევრი საინტერესო პროდიუსერი ინტერესდება შენით… მაინტერესებს, ამ ეტაპზე რას საქმიანობ და რამდენი ახალი სიმღერა გაქვს?

პირველ რიგში, არსად არ მითქვამს და გულწრფელად ვიტყვი, რომ ქალისთვის ძალიან რთულია მთელი ეს ორსულობა, მერე, ბავშვის გაჩენა… როგორც სიმღერების ავტორს, „flow“ აღარ გაქვს, ანუ ვეღარ წერ სიმღერებს, მელოდიები ქრება და რაღაც სხვანაირად ეწყობი, ემზადები, რომ იყო დედა.

ახლა, იმდენი მელოდია მოდის, რომ აღარ ვიცი ვის მივწერო და რა გავაკეთო. გავიხსენე ჩემი ის მეგობრები, ვისთანაც იმ პერიოდში ვითანამშრომლე, როცა ლონდონში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ტეხასში ვცხოვრობდი და ყველას მივწერე. თან, ამ პერიოდში, სანამ მე ეს ხალხი მივიწყებული მყავდა, ისინი უფრო განვითარდნენ, ზოგი ძალიან საინტერესო ამბავშია, ზოგს „სონი რექორდსთან“ აქვს ძალიან კარგი კონტრაქტი, ზოგმა ისეთი მაგარი მუსიკა დაწერა, რომ „გრემის დაჯილდოებაზე“ მიიწვიეს.

არა მარტო უცხოელებთან, ქართველებთანაც ვაპირებ თანამშრომლობას. ეს ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან „ქამბექივით“ იქნება. ახალ ალბომში მინიმუმ 10 სიმღერა შევა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „Dancing with the moon“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა არ არის ძალიან ახალი, მაგრამ ჩემთვის ძალიან საყვარელია. რადიოში ჯერ არ დატრიალებულა. სიმღერა ჩემს ორ უსაყვარლეს მეგობართან, მემესთან და მარიამ კუმანსკისთან ერთად ჩავწერე. პროდიუსინგი ბექა ჯაფარიძის არის.

ეს სიმღერა ძალიან კარგ დროს მახსენებს. მაშინ, კოვიდი იყო, ყველა სახლში იყო შეკეტილი და ჩვენ სულ სტუდიაში ვიკრიბებოდით და ძალიან ბევრს ვმუშაობდით. მოკლედ, ჩემთვის ძალიან ტკბილი დრო არის.

სალიო – „Dancing with the moon“

მაინტერესებს, ახალ ალბომში რამდენი სიმღერა ეძღვნება შენს შვილს?

ყველა… ჩემი შვილი არის, არ ვიცი, საუკეთესო… ზუკას და ნინას ისეთი კარგი ურთიერთობა აქვთ. ზუკა ჩემი პირველი შვილია, 16 წლის არის და ძალიან მაგარი პროდიუსერია. დედობა და თან მუსიკა ძალიან რთულია, მაგრამ რაღაცნაირად, ისე შევძელი, რომ ვახერხებ. შესაძლებელია, რომ 24/7 დედა იყო, თან საჭმელი გააკეთო, თან ბავშვს მიხედო… მოკლედ, ყველაფერი შეგვიძლია ქალებს, ძალიან მაგრები ვართ.

გუშინწინ დილის 6 საათზე გამეღვიძა, აბაზანაში შევვარდი, ჩუმად ვმღეროდი და ნოტებს ვიწერდი.

როგორია სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში, ვაპირებ, რომ ფიზიკურად დავიტვირთო და ვივარჯიშო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მენტალობისთვის და ყველას ვურჩევ ვარჯიშს. ვგიჟდები სირბილზე და გარეთ თუ დავრბივარ, უფრო ბედნიერი ვარ, მაგის მერე მოდის ყველაფერი, ყველაფრის გაკეთების სურვილი მაქვს, მინდა, სიმღერა ჩავწერო, გავიღიმო…

რომელ სიმღერას გამოარჩევდი საკუთარი რეპერტუარიდან?

არ ვიცი, პერიოდებს გააჩნია… ახლა, მაგალითად, ძალიან მომენატრა სიმღერა „ვიაროთ ერთად“ და სულ ეს მემღერება. მახსენდება ის პერიოდი, ეს სიმღერა რომ დავწერე. რაღაც საახალწლო გადაცემა იყო, სადაც დუტასთან ერთად ვმღეროდი და ისე მაგრად იმღერა მეორე ხმა, რომ მეც გამიკვირდა.

ძალიან მნიშვნელოვანია დუეტები და ხალხთან კოლაბორაცია, მერე, კარგ და ტკბილ მოგონებებს გახსენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g