„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია – აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა.
მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა.
ხათუნა მიქაცაძის თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე განმარტებით, ლუკა კურტანიძის მიმართ შემკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა:
„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე და არც მეათე შემთხვევა, ყველა ჯერზე როდესაც მივმართე სამართალდამცველებს, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ, მოდი შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით.
იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, როდესაც პოლიციელებიც დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლოს ძალით აკრძალული…
ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო…
ხელი მაქვს დაზიანებული.
მუხლები მაქვს დაზიანებული…“ – ამბობს ის.