„ეს სივრცე და ეს წამოწყება, იმის მაჩვენებელია, რომ ხედავთ თქვენს თავს უფრო განვითარებულებს, უფრო წარმატებულებს, უფრო წინ წასულებს და სწორედ ესაა ევროპა. სრულყოფილად უნდა იყოს ეს ქვეყანა განვითარებული, ყველაზე პატარა სოფლიდან დედაქალაქამდე და ყველა თაობას მიეცეს საშუალება, რომ თავისი ადამიანური პოტენციალი გაზარდოს,“ – ამის თაობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი, თელავში, ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ახალგაზრდებს შეხვდა.
ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ევროპაში ინტეგრაციას მოაქვს.
„ეს არ იქნება ია-ვარდებით მოფენილი გზა. ის გზა, რომელიც დეკემბრის მერე დაიწყება ყველასთვის ძალიან მომთხოვნი იქნება, ერთი მხრივ, ხელმძღვანელობისთვის, მეორე მხრივ, თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირის ლიდერებს, რომ ნამდვილად ღირსი ვიყავით ამ გადაწყვეტილების… დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს სივრცე, სადაც უფრო კარგადაა დაცული იდენტობა, კულტურა, ყველა ენა, ვიდრე ევროკავშირი,“ – განაცხადა ზურაბიშვილმმა.